"სარბიელი"
# 102
ოთხშაბათი, 7 მაისი, 2008 წელი

ტრანსვესტიტებმა კიჭას სახლი დაუნგრიეს

კოკი კანდელაკი

ერთკვირიანი სიჩუმის შემდეგ რონალდომ დუმილი დაარღვია და ბრაზილიურ პრესას, კერძოდ ტელევიზია "რედე გლობოს" გაესაუბრა.

აქამდე "ილ ფენომენოს" ბევრი გელფრენდი ვიცოდით - მილენა დომინგუში, რაისა ოლივეირა, დანიელე ჩიკარელი, მირეია კანალდა, ლივია ლემოსი, ბეატრის ენტონი, სიუზანა ვერნერი... ახლა კი მის ცხოვრებაში ანდრეა ან, გნებავთ, ანდრე ალბერტინო გამოჩნდა, ტრანსვესტიტი, რომელამაც კიდევ ორ "კოლეგასთან" ერთად "კიჭა" უკვე კარგად ცნობილ სექსუალურ სკანდალში გახვია.

"მართლა სისულელე ჩავიდინე. ყველას შეუძლია შეცდომის დაშვება და მეც შევცდი. ვერც გავიაზრე, რომ ისინი ტრანსვესტიტები იყვნენ. ცხადია, რიგითი ფეხბურთელი არ გახლავართ, თუმცა ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც თავისი სისუსტეები აქვს, როგორც ყველას. ჩემს გელფრენდს წავეჩხუბე და გადავწყვიტე, გულის გადასაყოლებლად სამი მეძავი დამექირავებინა. ნასვამი არ ვიყავი და როცა სასტუმროში მივედით, მივხვდი, რომ ისინი ქალები კი არა, კაცები იყვნენ და მათი გაგდება გადავწყვიტე. თუმცა ფული მომთხოვეს და მეც მათი მომსახურების საფასურის გადახდას დავთანხმდი. ორს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონია, მაგრამ მესამემ არარეალურად დიდი თანხა მომთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყველაფრის პრესისთვის მოყოლით დამემუქრა" - განაცხადა "მილანის" ფორვარდმა.

31 წლის რონალდომ იმაზეც ილაპარაკა, რომ ტრავმის რაც შეიძლება მალე მოშუშება სურს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. რიო დე ჟანეიროს ის გიჟური ღამე კი სასწრაფოდ უნდა დავივიწყოო.

"ყველაფერი ხელახლა მაქვს დასაწყები, თითქოს ტორნადოს ჩემი სახლისთვის გადაევლოს და ყველაფერი დაენგრიოს" - დასძინა რონალდომ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com