"სარბიელი"
# 102
ოთხშაბათი, 7 მაისი, 2008 წელი

ძია ტედი წავიდა

ლადო ხომერიკი

განთქმული ინგლისელი ფორვარდი ტედი შერინგემი დიდ ფეხბურთს დაემშვიდობა. ჩემპიონთა ლიგის მოსკოვური ფინალის წინ, სადაც ტედის ყოფილი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩელსის" წინააღმდეგ ითამაშებს, ურიგო არ იქნებოდა, ამ ფეხბურთელთან დაკავშირებული ეპოქა გაგვეხსენებინა.

"გლენფორდ პარკი" ემშვიდობება კაცს, რომელსაც მუდამ როგორც 1999 წლის ბარსელონური სალიგო ფინალის სასწაულის მთავარშემოქმედს გაიხსენებენ. 42 წლის ტედიმ უკვე საბოლოოდ გადაწყვიტა კარიერის დასრულება. ინგლისელს უნდა, სამწვრთნელო სარბიელზეც მოსინჯოს ძალები. წესით, ხელი არც ამ საქმეში უნდა შეეშალოს, შერინგემს ხომ მოხერხება და ჭკუა არასდროს აკლდა მოედანზე.

ტედი საუკეთესო სპეციალისტებთან მუშაობდა - ბრაიან კლაფთან, რომელიც მას ჯიუტად "ედუარდს" ეძახდა, ტერი ვენეიბლზთან, რომლისთვისაც შერინგემი მარტო გვარი იყო მაისურაზე და სერ ალექს ფერგიუსონთან, რომელმაც ფორვარდს ისიც ასწავლა, რაც პროფესიონალისთვის მეორეხარისხოვანია.

შეიძლება ითქვას, რომ ეს მთელი ეპოქის დასასრულია. ტედი უკანასკნელი მოჰიკანია მათ შორის, ვინც მატჩებზე ჟურნალისტებთან და ფანატებთან ერთად დაფრინავდა და თამაშის შემდეგ პაბში თითო კათხა ლუდის გადაკვრასაც არ ერიდებოდა.

ერთხელ, გრემ ტეილორის მწვრთნელობისას, ნორვეგიული ვიზიტის დროს შერინგემი მატჩისწინა პრესკონფერენციის მოწყობას აპირებდა, რომელსაც წინა ღამით ნაქეიფარი ჟურნალისტების მოთენთილი სახეები შენიშნა. ტედიმ იქამდე არ უპასუხა მედიას შეკითხვებზე, სანამ საინტერესო ღამეული დაწესებულების მისამართი არ დასტყუა და თანაგუნდელებს არ შეატყობინა. დღეს ასეთი ურთიერთობა ტკბილი ზღაპარია - ფეხბურთელები მხოლოდ ჩარტერული რეისებით დაფრინავენ, სასტუმროებში მთელ სართულებს ქირაობენ, ხოლო მათ, ვისაც მოთამაშეთათვის ორიოდე სიტყვის თქმა სურს, ჯერ საქმე ყოვლისშემძლე აგენტებთან უნდა მოაგვარონ.

შერინგემი კი... შერინგემი ყოველთვის კეთილი ძია ტედი იყო და მთელი ცხოვრება ასეთად დარჩება. ალბათ იმიტომ, რომ მისი გაფურჩქვნის პერიოდში ფეხბურთელები "ლამბორჯინით" კი არა, "ფორდ ეკსკორტით" დადიოდნენ და ეგზოტიკურ მდიდრულ რესტორნებსაც არ სწყალობდნენ მაინცდამაინც.

ტედის ინდივიდუალურობა მოედანზე 80-იანი წლების "მილუოლის" მკაცრი სკოლის წყალობით ჩამოყალიბდა, შერინგემს ხომ უშეღავათო ბრძოლა ტერი ჰარლოკისა და ლეს ბრილისნაირ მცველებთან შერკინებებმა ასწავლა. უკვე სახელგანთქმულ მანჩესტერელ ვარსკვლავს, ძველი ძმაკაცები არ დავიწყებია და ჰარლოკთან, ბრილსა თუ სხვა ძველ მილუოლელებთან კონტაქტს მუდამ ინარჩუნებდა. ყველაზე კარგად შერინგემი ტონი კასკარინოს და მეკარე ბრაიან ჰორნს უგებდა და როცა ეს სამეული ღამით "სანადიროდ" გამოდიოდა, მაშინდელი ინგლისური მედია წერდა: "დამალეთ თქვენი ქალიშვილები, შერინგემი და მისი ბიჭები ნადირობენ".

კლასიკური სკოლის მიმდევარი კი გახლდათ, მაგრამ შერინგემი ძველმოდური არასოდეს ყოფილა. ტედი ძირითადი ფორვარდის როლს ასრულებდა, თუმცა ისე დაძვრებოდა მეტოქის მცველებში, როგორც წლების შემდეგ დენის ბერხკამპმა დაიწყო. "მილუოლში" კასკარინოს მეტი გოლი გაჰქონდა და ზოგიერთები თვლიდნენ, შერინგემზე უკეთესიაო. კი, ირლანდიელი მართლაც კარგი იყო, ოღონდ ვინ ამარაგებდა კასკარინოს საგოლე პასებით. ისევ და ისევ კეთილი ძია ტედი.

90-იანებში, ანუ მისი გაფურჩქვნის პერიოდში, შერინგემივით ბურთის კორპუსით დაფარვას ვერავინ ახერხებდა. წლებთან ერთად, სისწრაფე დაკარგა, თუმცა ამის კომპენსირებას ტედი ჭკვიანური ბურთაობით და მოედნის ხედვით აკეთებდა.

ტედის და ალან შირერის დუეტმა 1996 წელს ინგლისის ნაკრებს ჰოლანდიელებთან გამანადგურებელი ანგარიშით, 4:1 მოაგებინა. საკლუბო დონეზე კი შერინგემმა ყველაზე მეტად 1999 წელს გაიბრწყინა, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეცვლაზე შემოსულმა მიუნხენის "ბაიერნს" პირველი საპასუხო გოლი გაუტანა. შემდეგ იყო "მანჩესტერის" დიდი გამარჯვება და პირადად შერინგემის ლამაზი ტრიუმფი.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com