|
|
"სარბიელი"
ლაციო ინტერს უნდა შეაკვდეს
გიორგი კაკაბაძე
რომის "ლაციოს" სეზონი ჩაუვარდა და ევროსარბიელზე მოხვედრის ერთადერთი შანსიღა დარჩა - იტალიის თასი. შესაბამისად, დედაქალაქელები "ინტერს" თავს შეაკლავენ და პირველი მატჩის უგოლოდ დასრულების შემდეგ მოგებაზე იფიქრებენ. გასულ უქმეებზე "პალერმოსთან" საშინაო მარცხმა "ბიანკოჩელესტის" მწვრთნელი დელიო როსი ძალიან გააბრაზა - ან წესიერად, შემართებით ითამაშეთ და მუშაობის საშუალება მომეცით, ან პირდაპირ მითხარით, წადიო. რა რეაქცია ექნებათ ამაზე ფეხბურთელებს, "ნერაძურისთან" შეხვედრაში გამოჩნდება. შეგვიძლია, მასპინძლების შემადგენლობას საბრძოლო ვუწოდოთ. აი, "ინტერს" კი მცირე ექსპერიმენტების ჩატარება ისევ მოუწევს. მილანელებს ზლატან იბრიჰიმოვიჩი, ლუიშ ფიგუ, ივან კორდობა, ვალტერ სამუელი და ოლივიე დაკური არ ეყოლება. საეჭვოა ექსლაციოელი დეიან სტანკოვიჩის თამაში. "ინტერის" ბანაკში "მილანთან" "დერბი დელა მადონინას" წაგება ჯერ ვერ დაუვიწყებიათ. "ნერაძურის" მორიგი სკუდეტოს მოპოვებამდე სულ ცოტა აკლია და დიდი შანსია, ჩემპიონობა კვირას "სიენასთან" გაიფორმოს. "ვერ წარმოიდგენთ, როგორ დაგვწყვიტა გული "მილანთან" მარცხმა და რა ცუდი ატმოსფერო იყო გასახდელში მატჩის შემდეგ. სკუდეტოს მოგების დროს შენით ვერ აირჩევ, მაგრამ დიდი შანსია, ეს კვირას მოხდეს და "სიენას" დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ. თუმცა იქამდე "ლაციოსთან" შეხვედრაზე ვფიქრობთ, რომელიც ჩვენთვის სასურველი ანგარიშით უნდა დავასრულოთ. ჩემპიონობის მერე, ჩვენი მეორე მიზანი თასის მოგებაა" - თქვა "ნერაძურის" მცველმა მარკო მატერაციმ. "რომამ" "კატანიასთან" პირველი მატჩი მხოლოდ 1:0 მოიგო და სიცილიას მთლად დამშვიდებული ვერ სტუმრობს. "ელეფანტი" იტალიის თასზე ასე შორს არასოდეს წასულა და შეეცდება, ქომაგებს კიდევ ერთი სიურპრიზი შესთავაზოს. თუმცა ვალტერ ძენგასა და მის შეგირდებს თავში ძალაუნებურად ისიც უტრიალებთ, რომ სერია ფ-ში ადგილი აქვთ შესანარჩუნებელი და ბოლო სამ ტურში მძიმე ბრძოლა ელით. "ჯალოროსის" ფრანჩესკო ტოტი რომ არ ეყოლება, არახალია. ვერც მატეო ფერარი ითამაშებს. კრისტიან პანუჩის, ალეშანდერ დონის, მირკო ვუჩინიჩის, ალბერტო აკვილანისა და როდრიგო ტადეის მინდორზე გასვლა სათუოა. შემადგენლობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები "კატანიასაც" აქვს. ტრავმები აწუხებთ ჯონათან სპინეზის, კრისტიან ტერლიცის, ანდრეა სოტილს, ალბანო ბისარისა და პიას. თუმცა სიცილიელთა ექიმები იმედოვნებენ, რომ მატჩისთვის ყველა მათგანი მწყობრში იქნება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |