"სარბიელი"
# 102
ოთხშაბათი, 7 მაისი, 2008 წელი

გაზა გზაზე

პაპუნა კედია

პოლ გესქოინი სასტუმროს ნომერში თავის მოკვლას რომ აპირებდა, გუშინდელ "სარბიელში" გამცნეთ, მაგრამ მაშინ თავად არ ვიცოდით, რომ რამდენიმე საათით ადრე ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი ქუჩაში მათხოვრობდა... ეს ამბავი ბრიტანულმა პრესამ მოგვიანებით, "ქუინზ პარკ რეინჯერსის" პრეზიდენტისგან, მილიონერი ჯანი პალადინისგან შეიტყო.

საცოდაობაა იმის შეტყობა, რომ გაზა იმ დღეს გაზიმზიმებულ მაღაზიაშიც შესულა და პერსონალთან 140 ათას გირვანქად ღირებული "ფერარის" ყიდვაზე დაუწყია ლაპარაკი. ის თურმე 20-ათასიანი დეპოზიტისთვის თავის არიდებას ცდილობდა, მაღაზიის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, ჩვენ, ფეხბურთელებს უამრავ ფულს გვიხდიან, თანხა პრობლემა არ იქნებაო, მაგრამ სწორედ ამ დროს ჩაძრობია შარვალი და სრულიად შიშველი უკანალი გამოსჩენია. ბუნებრივია, ყველასთვის იმწუთასვე გახდა ნათელი, რომ ეს, ისედაც საეჭვო კლიენტი არაფრის მყიდველი არ იყო.

და აი, ამის შემდეგ, 40 წლის ვარსკვლავთ ვარსკვლავი მაღაზიის წინ ჩამოჯდა, რათა ხალხისთვის სიგარეტის ფული გამოერთმია - ხელი გაიწოდა. და სწორედ ამ დროს დაინახა იგი "ქუინზ პარკის" პრეზიდენტმა, რომელმაც იცნო და... 70 გირვანქა მისცა.

მისტერ პალადინი მისი გუნდისა და "ვესტ ბრომვიჩის" შეხვედრაზე, "ლოფტუს როუდზისკენ" მიიჩქაროდა, როდესაც მაღაზიის წინ ჩამომჯდარ მათხოვარში გაზა ამოიცნო. თურმე, მაღაზიას მისი საკრედიტო ბარათი არ მიუღია და გაზასაც ნაღდი ფულის შოვნა განუზრახავს...

ჯანი პალადინის პრესმდივანი: "ჯანიმ პოლი შეიცნო და მიხვდა, რომ ცუდად იყო. ის მთვრალი გახლდათ, სასმელის სუნით ყარდა და აღელვებულიც ჩანდა. ამ სურათმა ჯანიზე ძალიან იმოქმედა. მან პოლს დასანაყრებლად და მოსაწესრიგებლად ფული მისცა, შემდეგ ტაქსიში ჩასვა და გაუშვა. მოგვიანებით, როდესაც გესქოინის ამბები ტელევიზიით გადმოსცეს, პალადინი საშინელ გუნებაზე დადგა".

და სწორედ ხსენებული ტაქსით მივიდა გაზა სასტუმრო "მილენიუმამდე", რომელიც ნაითსბრიჯში, სლონ სტრიტზე მდებარეობს. ხოლო, თუ რა მოხდა ამის შემდეგ, "სარბიელის" მკითხველისთვის უკვე ცნობილია.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com