|
|
"სარბიელი"
გოლიათი წელსქვევით და წელსზევით
ივანე კობიაშვილი
5 მაისი აღმოსავლეთი დეტროიტი 2:0 ორლანდო დეტროიტი 100:93 ორლანდო დეტროიტი: ბილაფსი (28), პირსი (17 ქულა, 10 მოხსნა), ვოლესი (17), ჰამილტონი (14), მაქსეილი (11) ორლანდო: ჰოვარდი (22 ქულა, 18 მოხსნა), ნელსონი (22), ლუისი (20), ევანსი (13), თურქოღლუ (12) იმ საბაბით, რომ მეორე წრის დანარჩენი სამი სერიისგან განსხვავებით "დეტროიტ"-"ორლანდოს" ინტრიგა აკლიაო (თანაც პირველი თამაში ყოვლად უღიმღამო გამოდგა), ორივე მხარის წარმომადგენლებმა გუდას პირი მოსხსნეს და მეორე თამაშის წინ ერთმანეთის ლანძღვით სცადეს ინტერესის გაღვივება. დეტროიტელებმა იერიში "ორლანდოს" მთავარ გოდოლზე, დუაიტ ჰოვარდზე მიიტანეს და მას ნახევრად გოლიათი უწოდეს - განიერი მხრები აქვს და ზედ ღონიერი მკლავებიც ჰკიდია, მაგრამ წელსქვემოთ გოლიათური არაფერი აქვსო. ამის მთქმელმა, "დეტროიტის" სათადარიგო ცენტრმა თეო რეთლიფმა პირველი თამაშის დროს კიდევ ერთ ორლანდოელ რაშარდ ლუისთან მოასწრო კინკლაობა და ლუისმა გაკენწლა, მაგას გრძელი ენა აქვს, მაგრამ დიდი ვერაფერი მოთამაშეა, მთელი სეზონი სკამზე გდია და მწვრთნელს შავი საქმისთვის შემოჰყავს მოედანზეო. კიდევ ბევრი ითქვა... მოკლედ მხარეებმა ენაგალექსილი მოკრივეებივით ლაფი ასხეს ერთმანეთს და ასე განემზადნენ ბრძოლის მეორე რაუნდისთვის, რომელიც ასეთი წინასამატჩო განყობის წყალობით პირველზე უფრო დაძაბული გამოდგა. ჰოვარდმა, ახლა გაჩვენებთ, როგორი ვარ წელსქვევითო - 22 ქულა და 18 მოხსნა გააკეთა და ზუსტად 10-10 ქულა-მოსხნით გაიუმჯობესა პირველი მატჩის სტატისტიკა. უკეთ გაისარჯნენ სხვა ორლანდოელებიც - ერთი ჰედო თურქოღლუ ჩაიკარგა ტაიშონ პრინსის გრძელ მკლავებში - თუმც გამარჯვება ისევ მასპინძელს დარჩა და "დეტროიტი" 2:0 დაწინაურდა სერიაში.
დასავლეთი ნიუ ორლეანი 2:0 სან ანტონიო ნიუ ორლეანი 102:84 სან ანტონიო ნიუ ორლეანი: პოლი (30 ქულა, 12 პასი), სტოიაკოვიჩი (25), პიტერსონი (12), ვესტი (10 ქულა, 10 მოხსნა) სან ანტონიო: დანკანი (18), ბერი (14), ჯინობილი (13), პარკერი (11) გამოუცდელები უწოდეთ და, დახეთ, "ნიუ ორლეანმა" კედელზე არ მიაყენა ჩემპიონი "სან ანტონიო".! პირველი მატჩი 19 ქულით მოუგო, მეორეში 18 უწილადა. სწორედ დროა, "ნიუ ორლეანს" ჩამოართვან "ახალბედას" იარლიყი და "ფავორიტის" სტატუსით მიაცილონ სან ანტონიოში, სადაც ამ გუნდმა ორი მომდევნო თამაშიდან ერთიც რომ მოიგოს, ჩემპიონს მართლა ცუდ ყოფაში ჩააყენებს. "კრაზანების" მწვრთნელმა ბაირონ სკოტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კოლეგათა შორის საუკეთესოდ ტყუილად არ დაუსახელებიათ და ჭკუაში ისევ აჯობა "დეზების" მლესავ გრეგ პოპოვიჩს. წინა მატჩში მან დევიდ ვესტი დაგეშა "სან ანტონიოს" ფარზე, ვინაც სასტიკად დაჩაგრა ტიმ დანკანი, ახლა კი როცა სანანტონიოელებმა ვესტს ხელ-ფეხი გაუკრეს, თავი წამოყო სნაიპერმა პეჯა სტოიაკოვიჩმა, ვინაც 5 სამქულიანი ჩააგდო და "სფურზს" 25 ქულა მიართვა. თანაც სტუმრებმა ახლაც ვერაფერი მოუხერხეს კრის პოლს, ვინაც ტონი პარკერს სისხლი გაუშრო და 30 ქულა უთავაზა თავის 12 პასთან ერთად. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ "ნიუ ორლეანი" მესამე მეოთხედში აფეთქდა და ეს პერიოდი ორმაგი სხვაობით, 36:18 მოუგო "სან ანტონიოს", ვისაც მშველელი არავინ აღმოაჩნდა - გაქვავებულიყვნენ დანკანიც, პარკერიც და ჯინობილიც.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |