"სარბიელი"
# 102
ოთხშაბათი, 7 მაისი, 2008 წელი

პროფესორიც

27 მაისი, ტალინი: საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ესტონეთს ეთამაშება და სწორედ აქ შედგება ბრანკო ივანკოვიჩის ქართული დებიუტი - დანამდვილებით ჯერ არ ვიცით, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ხორვატ მწვრთნელთან მალე გააფორმებს კონტრაქტს...

ვესნა, ჰროვიე, მია

54 წლის ივანკოვიჩი ზაგრებში, მშვენიერ ვილაში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე ვესნა და ორი შვილი: ვაჟი ჰრვოიე და ქალიშვილი მია. ჰრვოიე ივანკოვიჩი 25 წლისაა და ხორვატიული "სლავენ ბელუპოს" მეკარეა...

ბრანკო ივანკოვიჩი 1954 წლის 28 თებერვალს დაიბადა ქალაქ ჩაკოვეცში, ვარაჟდინში დაამთავრა სკოლა, შემდეგ ზაგრებში ისწავლა ფიზკულტურის ფაკულტეტზე.

ზედმეტი იქნება იმის თქმა, რომ უეფას პრო-დიპლომს ფლობს.

"პროფესორი" (საფეხბურთო წრეში ივანკოვიჩს ბევრი ასე უწოდებს) ხორვატიულის გარდა, ინგლისურად და გერმანულადაც მშვენივრად ლაპარაკობს.

ბრანკოს გზა ირანამდე

ბრანკო ივანკოვიჩი ფეხბურთელობისას ვარაჟდინის "ვარტექსს" არ გასცილებია, სადაც 263 მატჩში 31 გოლი გაუტანია. "ვარტექსი" არ იყო ძლიერი გუნდი, მაშინდელ იუგოსლავიის ჩემპიონატში სათვალავშიც არავინ აგდებდა: ანკი როგორ, როცა იქ "ცრვენა ზვეზდა", "პარტიზანი", "ჰაიდუკი" და ზაგრების "დინამო" იყვნენ.

"პროფესორი" 29 წლის ასაკში გახდა "ვარტექსის" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე, როცა გუნდი იუგოსლავიის მეორე დივიზიონში თამაშობდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მესამე დივიზიონშიც გავარდა "ვარტექსი", მაგრამ გავიდა რამდენიმე წელი და ივანკოვიჩს ხორვატიის 23-წლამდელთა ნაკრები ჩააბარეს, ამავდროულად კი იგი უკვე ხორვატიის უმაღლესლიგელი "ვარტექსის" თავკაცი გახლდათ.

აქ ბევრს აღარ გავაგრძელებთ ბრანკოს სამწვრთნელო გზაზე, რადგან ეს უკვე გვეწერა.

1994 წელს ივანკოვიჩმა კლუბები "დაივიწყა" და ნაკრებებს მიჰყვა: მიროსლავ ბლაჟევიჩის თანაშემწე იყო ჯერ ხორვატიის ნაკრების "ოქროს წლებში" (1994-2000), მერე კი ირანის ნაკრებში (2001-2003).

ბრანკომანია ირანში

მას როდესაც მოესურვებოდა, მაშინ შეეძლო ირანის შაჰის სასახლის კარის შეღება. 2003 წლის 1 ოქტომბერს "პროფესორი" დიდი პომპეზურობით წარადგინეს ირანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე - მანამდე კი ბლაჟევიჩის თანაშემწე გახლდათ.

როდესაც ბლაჟევიჩი წავიდა, ხალხს სხვა არაფრის გაგონება სურდა: ნაკრებში ივანკოვიჩი! ირანული მასმედია მას ხოტბას ასხამდა



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com