|
|
"სარბიელი"
დრაფტზე მეორე ქართული გვარი ამოტივტივდა: მიხეილ ბერიშვილის ნბა-ს მაიკ ნეიდიჩი გადაწყვეტს
ირაკლი პერტაია
სუპერლიგის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ "ვითას" 21 წლის ფორვარდი მიხეილ ბერიშვილი ითვლება. ამ გუნდს არაერთი გამოცდილი კალათბურთელი ჰყავს, მაგრამ ბერიშვილი ვითელთა მაინც ღირსეული ლიდერია. მისი დიდი დამსახურებაა, ამ ტრავმებით გატანჯულმა გუნდმა პლეი ოფში რომ გააღწია და არც ახლა, "ენერჯი-ინვესტთან" შერკინების წინაა უიმედოდ. რაც ბერიშვილის აგენტი ლევან მიქელაძე გახდა, მის შესახებ საზღვარგარეთაც შეიტყვეს და... გუშინ ინტერნეტში ნბა-ს დრაფტზე წარდგენილ მოთამაშეთა სიას რომ ვეცნობოდით, გიორგი შერმადინთან ერთად, მიხეილ ბერიშვილსაც წავაწყდით. ვითარებაში გასარკვევად თავად მას დავუკავშირდით... - წლევანდელ დრაფტზე ასარჩევთა სიაში შენი სახელიც ვიპოვეთ... - დიახ, ეს ჩემი ამერიკელი აგენტის, მაიკ ნეიდიჩის ინიციატივით მოხდა. ჯერ ზუსტად არ ვიცი, ამ დრაფტზე დავდგები თუ მომავალზე. განაცხადის უკან გატანის ვადა 16 ივნისამდეა და რა როგორ იქნება, ამას ჩემი ამერიკელი მენეჯერი მალე გადაწყვეტს. - უფრო კონკრეტულად გვიამბე, მაიკ ნეიდიჩს როგორ დაუკავშირდი... - ამ სეზონის დაწყებამდე ჩემი აგენტი გახდა ლევან მიქელაძე, რომელმაც "ვითას" თამაშის ამსახველი კლიპების განთავსება ცნობილ ვებგვერდ უგკწიფთლუეყსწქ-ზე დაიწყო. ჰოდა, მალევე ამერიკიდან ლევანს მაიკ ნეიდიჩი დაუკავშირდა და ჩემთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მას შემდეგ სისტემატური ურთიერთობა გვაქვს. ჩემი თამაშის ფირებს მას სისტემატურად ვუგზავნიდით. ნეიდიჩმა ჩემი მენეჯერობა იკისრა ამერიკაში და სწორედ მისი გადაწყვეტილებით აღმოვჩნდი ნბა-ს დრაფტის განაცხადში. - ეს პროცედურულად როგორ მოხდა. - ნეიდიჩმა გამომიგზავნა სპეციალური ბლანკი, რომელიც შევავსე და ნბა-ს კომისიონერ დევიდ შტერნის ოფისში გავგზავნე. იქიდან დამატებითი აპლიკაცია ჩამომივიდა, ტელეფონითაც დამიკავშირდნენ და საბოლოოდ თანხმობაც მივიღე. თუმც გავიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ 27 ივნისს მე აუცილებლად ვიდგები დრაფტზე. ეს მას შემდეგ გადაწყდება, რაც ამერიკაში ჩავალ და ნეიდიჩს შევხვდები. - მარტო ნეიდიჩის ნახვა ხომ არ კმარა, დრაფტზე რომ აგირჩიონ. ამისთვის თავად ნბა-ს გუნდებშიც უნდა შეგათვალიერონ... - 3 ივნისამდე ოფიციალურად არც ერთ გუნდს არ აქვს დრაფტის კანდიდატთა ნახვის და შემოწმების უფლება. დავდგები თუ არა დრაფტზე, იმაზეც არის დამოკიდებული, თუ როდის ჩავალ ამერიკაში. ეს შეიძლება ივნისში მოხდეს, ანაც ცოტა გვიან. თუ ვერ მოვასწარი დროულად ჩასვლა, რა თქმა უნდა, დრაფტზე აღარ დავდგები. თუმცა, ნეიდიჩს აუცილებლად შევხვდები და როგორც ის მპირდება, ცნობილ მწვრთნელ ტიმ გროვერს მიმაბარებს კლასის ასამაღლებლად. ერთი სიტყვით, დრაფტთან დაკავშირებით ჯერ არაფერია გარკვეული. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ გამოცდილი ამერიკელი მენეჯერი შევიძინე და თუკი დრაფტზე წარმატებას ვერ მივაღწევ, მისი დახმარებით ევროპულ გუნდში მაინც მოვეწყობი. ნეიდიჩმა უკვე შემომთავაზა ნბა-ს განვითარების ლიგაში (ტივდ) თამაში, სადაც დიდი გამოცდილების მიღება შეიძლება და ამის შემდეგ 2009-ის დრაფტზეც უფრო თამამად დავდგები. ვნახოთ, რა გამოვა. - ხვალ ქართულ სუპერლიგაში პლეი ოფი იწყება და ამაზე რას იტყვი. - "ვითა" ტრავმებთ ყველაზე გატანჯული გუნდია. დავით ბერძენიშვილმა და ბუბა ბერიშვილმა რთული ოპერაციები გადაიტანეს და პლეი ოფში ვერ დაგვეხმარებიან. თუმც შანსები ნამდვილად გვაქვს და არცთუ ისე მცირე. ჩემი აზრით, თუ თამაში წაგვივიდა, "ენერჯი-ინვესტს" ნახევარფინალიდან გავაგდებთ. მე პირადად არაფერს დავიშურებ და რუსთაველებს ბოლომდე ვებრძოლები. ასეა განწყობილი მთელი "ვითა" და რა გამოვა, მალე დავინახავთ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |