"სარბიელი"
# 102
ოთხშაბათი, 7 მაისი, 2008 წელი

ბუს ფავორიტი ტოპალოვია

ლაშა გეგეჭკორი

ბულგარელთა დედაქალაქ სოფიაში ქ-ეუდ მასტერსის მესამე გათამაშება იწყება. შეჯიბრი მე-20 კატეგორიისაა, მასში 6 დიდოსტატი ითამაშებს და ერთმანეთს ორ-ორჯერ შეხვდებიან: ბულგარელები ვესელინ ტოპალოვი და ივან ჩეპარინოვი, უკრაინელი ვასილ ივანჩუკი, სომეხი ლევონ არონიანი, აზერბაიჯანელი თეიმურ რაჯაბოვი და ჩინელი ბუ ქსიანგჟი.

ტურნირის ფავორიტი მსოფლიოს ექსჩემპიონი ვესელინ ტოპალოვია.

"ყველა ღირსეული მოწინააღმდეგეა ჩემთვის, მათ შორის კი ივან ჩეპარინოვს გამოვყოფდი. ბოლო დროს დიდი პროგრესი განიცადა, სწრაფად აზროვნებს და ღია დებიუტების ოსტატია" - განაცხადა ტოპალოვმა.

ვესელინი სოფიის წინა ტურნირების გამარჯვებულია და ურთიერთშეხვედრებშიც ყველას ჯობნის. იგი ძლიერი ნერვებით გამოირჩევა, შეუძლია 7 საათი იჯდეს მაგიდასთან და თან ახალ-ახალი კომბინაციები მოიფიქროს.

ტოპალოვისგან ნაქები ჩეპარინოვი და თეიმურ რაჯაბოვი, სოფიაში ბაქოდან ჩაფრინდებიან. მათ ფიდეს გრან-პრის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა, თუმც დიდი ვერაფერი შედეგი აჩვენეს და ბულგარეთშიც დაღლილები ჩავლენ.

რაც შეეხება ჩინელ ბუ ქსიანგჟს. იგი რეიტინგით საკმაოდ ჩამორჩება სხვა მონაწილეებს, თუმც სწრაფ ჭადრაკში ყველაზე ძლიერია და თვით ტოპალოვიც ჰყავს დამარცხებული. მიუხედავად ამისა, ბუს ფავირიტიც ვესელინია.

"ტოტალიზატორში ფსონს ვესელინის სასარგებლოდ ჩამოვიდოდი" - განაცხადა ჩინელმა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com