|
|
"სარბიელი"
ქალები ევროპას ჩერნოგორიაში იწყებენ: ჯგუფის მეოთხე თბილისში გაირკვევა
გუშინ სპორტის სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში ფრენბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს მოახლოებულ ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გვესაუბრა. პრესკონფერენციას ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ახვლედიანი, სპორტის სასახლის დირექტორი ლიკა წულაძე და კომპანია "ლოჯიკ გრუპის" დირექტორი თამარ სეფერთელაძე დაესწრნენ. საქმე ისაა, რომ საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრები 8 მაისს ჩერნოგორიას ესტუმრება და იქაურ ნაკრებს ეთამაშება, საპასუხო შეხვედრა 11 მაისს უკვე თბილისში, სპორტის სასახლეში შედგება და მათ შორის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე ჯგუფში ისრაელთან, თურქეთთან და საბერძნეთთან ითამაშებს. ჯგუფიდან ორი უკეთესი ნაკრები კი ფინალურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც პოლონეთი 2009 წელს უმასპინძლებს. აქვე ვთქვათ, რომ თუ ჩვენი ნაკრები პირველ ეტაპს დაძლევს, ჯგუფური ტურნირის თამაშებიი ისრაელსა და საბერძნეთში მოუწევს. ლევან ახვლედიანი: 8 მაისს ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პლაჟის ფრენბურთში გარკვეული წარმატებები გვაქვს და გვინდა, აქაც ასე მოხდეს. ჩერნოგორიას ჩვენსავით ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ, რაც უნდა იყოს, ისინი ყოფილი იუგოსლავიის წარმომადგენლები არიან. ისიცაა, რომ მათი ჩემპიონატი უფრო ძლიერია და ლეგიონერებიც ჰყავთ. ვნახოთ, მოგების იმედი გვაქვს... აქვე მადლობა სპორტის სასახლის ხელმძღვანელობას. მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა 11 მაისს თამაში უმაღლეს დონეზე იყოს ორგანიზებული. სპეციალურად ამ თამაშისთვის კი "ჯერფლორის" უმაღლესი დონის საფარი დაიგება. საერთაშორისო ფედერაცია ისედაც გვაძლევდა თამაშის ჩატარების უფლებას, მაგრამ გვინდა, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყოს. რაც შეეხება იმას, თუ ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში როგორი შანსები გვაქვს, ალალად ვთქვათ, რომ ევროპაზე გასვლა ძალიან ძნელი იქნება. ისრაელი ცოტა სუსტი გუნდია, მაგრამ თურქეთს და საბერძნეთს მართლაც ძლიერი ნაკრებები ჰყავთ. და ერთიც, გვინდა რომ 2011 წელს საქართველომ იუნიორ ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლოს. მალე დუბაიში საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი გაიმართება და ამ საკითხს იქ დავაყენებთ. ლიკა წულაძე: გვინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს ორგანიზებული და ლამაზი თამაში გამოვიდეს. ასე რომ, ქართველ გულშემატკივარს ველით სპორტის სასახლეში. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ქართული სპორტის დასახმარებლად.
საქართველოს ნაკრები ნელი აირაპეტიანი, (კაპ. ჯიკო), თინათინ ჭაუჭიძე (თბილისი), დალი ალიბეგაშვილი (თბილისი), იანა ზადიმჩენკო (თბილისი), ირინა შენგელია (ჯიკო), ირინა ვასაძე (ჯიკო), თამთა დანელია (ჯიკო), მარიამ ყიფშიძე (ჯიკო), ნათელა ბანძელაძე (თბილისი), სოფო ლომიძე (თბილისი), ელეონორა კაზარიანი (თბილისი), თამარ კოროშინაძე (თბილისი) მთავარი მწვრთნელი: ნინო მღებრიშვილი
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |