|
|
"სარბიელი"
რაკეტის მესამე გაფრენა
რონი ოსალივანი დაიბადა 1975 წლის 5 დეკემბერს პროფესიონალია 1992 წლიდან მოგებული აქვს 20 სარეიტინგო ტურნირი: მსოფლიოს ჩემპიონატი - 3 (2001, 2004, 2008) გაერთიანებული სამეფოს ჩემპიონატი - 4 (1993, 1997, 2001, 2007) ბრიტანეთის ღია პირველობა - 1 (1994) აზიის კლასიკა - 1 (1996) გერმანიის ღია პირველობა - 1 (1996) შოტლანდიის სამეფო თასი - 2 (1998, 2000) ჩინეთის ღია პირველობა - 2 (1999, 2000) ევროპის ღია პირველობა - 1 (2003) ირლანდიის მასტერსი - 2 (2003, 2005) უელსის ღია პირველობა - 2 (2004, 2005) დიდი პრიზი - 1 (2004) კარიერის მანძილზე საპრიზოების სახით გამოიმუშავა 5,8 მილიონი გირვანქა სტერლინგი
როდესაც მეოთხედფინალში ჯო პერიმ სტივ მაგუაერი დაამარცხა, ნათელი გახდა, "რაკეტად" წოდებულ რონი ოსალივანს ჩემპიონობაში დიადი სტივ ჰენდრიღა თუ შეეცილებოდა. ორგზის ჩემპიონი ოსალივანი და შვიდგზის ტრიუმფატორი ჰენდრი ერთმანეთს ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ, მეორე ნახევარფინალი კი პერიმ და ალისტერ კარტერმა შეადგინეს, რომელმაც მანამდე მაქსიმალური, 147-ქულიანი ბრეიკი გააკეთა და ოსალივანის შედეგი გაიმეორა. მიუხედავად ამ მაქსიმუმისა, არც კარტერი და არც პერი არ არიან იმ დონის მოთამაშეები, ოსალივანისთვის წინააღმდეგობა რომ გაეწიათ და ჩემპიონატის მთელი ინტრიგა იმაზე დავიდა, შეძლებდა თუ არა თანამედროვე სნუკერის ყველაზე ტიტულიანი, თუმც უკვე ასაკშეპარული მოთამაშე რონის შეკავებას. ინტრიგა მეორე სესიაში მოკვდა, როდესაც სნუკერის ჯადოქარმა ფანტასტიკური თამაში აჩვენა, ზედიზედ რვა ფრეიმი მოიგო, მათგან ორში დიდოსტატური 135 და 133-ქულიანი ბრეიკები გააკეთა და მატჩს ყოველგვარი აზრი დაუკარგა. არადა, თავიდან ჰენდრიმ დიდებულად, ეგრევე 140-ქულიანი ბრეიკით დაიწყო და ჯერ 3:0, შემდეგ კი 4:1 დაწინაურდა. ოსალივანმა პირველი, რვაფრეიმიანი სესიის ბოლომდე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, ანუ ზედიზედ სამი პარტია მოიგო, რასაც ხსენებულ მეორე სესიაში რვა, ხოლო მესამე სესიაში კიდევ ერთი მიაყოლა, ანუ მიჯრით 12 ფრეიმი მოიგო (მათგან ხუთი ასქულიანი ბრეიკით) და ასეთი რამ სნუკერის უახლოეს ისტორიას ნამდვილად არ ახსოვს. ჰენდრიმ ერთი კი გაიბრძოლა, ორი ფრეიმი კიდევ აიღო, მაგრამ მეოთხე სესია საჭირო აღარ გამხდარა - ოსალივანმა 17:6 იმარჯვა და ოთხწლიანი შესვენების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გააღწია. თანაც რონიმ წერტილი ისევ ასქულიანი ბრეიკით დასვა და ეს იყო მის მიერ ამ მატჩში გაკეთებული მეექვსე ასქულიანი ბრეიკი, რომელიც, ამავდროულად, მე-12 იყო ამ ჩემპიონატზე და 529-ე ოსალივანის ბრწყინვალე კარიერაში. ამ მაჩვენებლით "რაკეტა", მხოლოდ მის მიერ ძლეულ ჰენდრის ჩამორჩება, ვის ანგარიშზეც 718 ასქულიანი ბრეიკია. "ეს იყო ყოვლისმომცველი, აბსოლუტურად იდეალური თამაში, რომლის მსგავსი არასოდეს არაფერი მინახავს" - მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ სტივ ჰენდრის ამ სიტყვებისთვის კომენტარის გაკეთება, ალბათ, ზედმეტია. მეორე ნახევარფინალი თითქმის ბოლომდე გაიწელა და კარტერის გამარჯვებით - 17:15 დასრულდა. ფინალის ბედი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო. ოსალივანი და კარტერი სპარინგ-პარტნიორები არიან, ბრწყინვალედ იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ კარტერს თავისზე ოთხი წლით უფროსი მეგობარ-მეტოქისთვის არასოდეს მოუგია და უკვე პირველი სესიის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ავიაციის სიყვარულის გამო "კაპიტნად" წოდებული ალისტერი ვერც ამ ჯერზე შეძლებდა "რაკეტის" მართვას. პირველი სესია რონიმ 6:2 მოიგო, მეორეში კარტერმა ოდნავ უკეთეს შედეგს მიაღწია, სამი ფრეიმი აიღო, მაგრამ ანგარიში, უკვე 11:5 გახდა ოსალივანის სასარგებლოდ და ფინალის მეორე დღესაც ასე გაგრძელდა. 26-ე ფრეიმში ყველაფერს წერტილი დაესვა - რონიმ 18:8 მოიგო და კარიერაში მესამედ შემართა საჩემპიონო თასი. ამ გამარჯვებისთვის ოსალივანმა 250 000 გირვანქა სტერლინგი მიიღო და ამას გარდა, მან და კარტერმა 157 ათასი გირვანქაც გაინაწილეს, როგორც ტურნირზე მაქსიმალური ბრეიკის გამხერხებლებმა.ასე დასრულდა 2007-08 წლების სეზონი, რომელიც, მართლაც რომ, ტრიუმფალური იყო რონი ოსალივანისთვის. მთელი სამი წელიწადი "რაკეტას" სარეიტინგო ტურნირი არ მოეგო და წლეულს ეს დანაკლისი სრულად შეავსო - ჯერ კიდევ სეზონის სტარტზე რონიმ აბერდინის "დიდ პრიზზე" ფინალს უწია, თუმც იქ სენსაციურად დამარცხდა მარკო ფუსთან. შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ღია პირველობა იყო, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი და, ოსალივანმა ბრწყინვალე სტილში იმარჯვა. მერე არასარეიტინგო, თუმც უაღრესად პრესტიჟული "მასტერსის" ფინალში გავიდა, თითქმის მოუგო კიდეც მარკ სელბის, მაგრამ უზარმაზარი უპირატესობა გაანიავა და ტიტული ახალგაზრდა თანამემამულეს დაუთმო. ბოლოს კი მსოფლიოს ჩემპიონატი იყო და რონი ოსალივანის სრული ტრიუმფის მოწმენი გავხდით. სნუკერის ჯადოქარმა ჯერ ჩინელ ლი ჩუანს მოუგო 10:5, შემდეგ ორგზის ჩემპიონი უკლსელი მარკ უილიამსი 13:7 დაამარცხა და თანაც ამ მატჩში მაქსიმალური ბრეიკი გააკეთა, რომელიც მისთვის სეზონში მესამე, ხოლო კარიერაში მეცხრე იყო და ორივე ეს შედეგი სარეკორდოა. მეოთხედფინალში რონიმ კიდევ ერთ ჩინელ ლიან ვენბოს სძლია 13:7 და ნახევარფინალსა და ფინალზე უკვე ვთქვით. ერთს კი დავამატებთ - ის, რაც ოსალივანმა ჰენდრისთან მატჩისას აჩვენა, მართლაც იდეალური სნუკერი იყო. ამ დონეზე თამაში, პრაქტიკულად, შეუძლებელია და, თუ რონი მომავალშიც შეძლებს იმავეს გაკეთებას, ის კიდევ ბევრ ტიტულს მოიპოვებს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |