"სარბიელი"
# 102
ოთხშაბათი, 7 მაისი, 2008 წელი

ვინ გაიტანს სათა-ვი-სოს?

ნუკრი ლოლაძე

დღეს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის "ყაზბეგის" გათამაშების ფინალისტები გამოვლინდებიან.

"ეროვნულზე" პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "ზესტაფონმა" "დინამოს" გვარიანი ბრძოლა გაუმართა - იმერლები ბექა გოცირიძის გოლით დაწინაურდნენ, მალე დინამოელთა სლოვაკი მცველი მილოშ კრშკოც გააძევეს, მაგრამ თემურ მახარაძის გუნდმა ამ უპირატესობის გამოყენება ვეღარ შეძლო, პირიქით, კაცნაკლულმა "დინამომ" გათანაბრება მოახერხა - შეცვლაზე შესულმა მათე ვაწაძემ იხეირა და 1:1.

დღევანდელ შეხვედრაში თბილისელები დისკვალიფიკაციის გამო კაპიტან დავით დიღმელაშვილსა და საყრდენ ნახევარმცველ ლევან ხმალაძეს მოისაკლისებენ, არ იქნება ტრავმირებული გიორგი მერებაშვილიც. იმერლებს კი ჟილვან ვიეირა ვერ დაეხმარებათ - ბრაზილიელმა "დინამოსთან" საჩემპიონატო მატჩში წითელი ბარათი დაიმსახურა.

სტუმრად გატანილი გოლით უპირატესობა "ზესტაფონს" აქვს, თუმცა ამ გუნდების რამდენიმე დღის წინანდელ მატჩს თუ გავიხსენებთ, აწ უკვე საქართველოს ჩემპიონებს ნამდვილად შესწევთ ძალა, ფინალში გავიდნენ.

თან სეზონის დასრულების შემდეგ დინამოელთა ჩეხი თავკაცი დუშან უჰრინი აქაურობას ტოვებს და მისთვის იდეალური იქნება, საქართველოს დუბლით თუ დაემშვიდობება.

სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, "ზესტაფონი" ნახევარფინალიდან არასოდეს გავარდნილა, ფინალში კი, იცოცხლეთ, ზედიზედ სამჯერ მოეცარა ხელი - "ლოკომოტივმა" და "ამერმა" (ორჯერ) დაუმსხვრიეს ოცნება.

"ზესტაფონი" - "დინამოს" სამი დღის წინანდელ დაპირისპირებას 9 ათასი კაცი დაესწრო და ვფიქრობთ, არც დღეს იქნება ნაკლები.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი "ბორჯომი" და დედაქალაქური "ამერი" გაარკვევენ ურთიერთობებს.

თბილისური შეხვედრა უხვგოლიანი და დაძაბული გამოდგა - ამერელებმა 4:1 იმარჯვეს, თუმც არც ისე ადვილად ჰქონიათ საქმე, როგორც შედეგიდან ჩანს.

პირველი ტაიმი "ყვითლებმა" თენგიზ ჩიკვილაძის ეული გოლით მოიგეს, ბორჯომელებმა კი რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გაანიავეს.

მატჩის ყველაზე სკანდალური ეპიზოდიც პირველ ტაიმში მოხდა - "ბორჯომის" კამერუნელ თავდამსხმელ დონალდ დერინგ ჯუსს მავანმა თბილისელმა გულშემატკივარმა "ფაქ იუ" დაუძახა, ჯუსმა კი მას ხურდა ქართულად დაუბრუნა.

მეოთხე მსაჯმა დავით ხარიტონაშვილმაც არბიტრ ლევან ფანიაშვილს მომხდარი მოახსენა და მანაც სამართლიანი წითელი ბარათი აუფრიალა ჯუსს.

ბორჯომელი გულშემატკივარი ამ გაძევებამ ძალიან გააბრაზა და თითქოს ტრიბუნაზეც დაიძაბა მდგომარეობა, თუმცა მალე ყველაფერი ჩაწყნარდა.

კაცნაკლულ "ბორჯომს" რევაზ გოცირიძემ და გიორგი მემარნიშვილმა კიდევ ორი გაუტანეს, 82-ე წუთზე კი ფეხბურთელთა რაოდენობრივი თანაფარდობა აღდგა - ჩიკვილაძემ მეორე ყვითელი მიიღო და რამდენიმე წამში სტუმრებმაც გაიხარეს - იმ დღეს მშვენივრად მოთამაშე ირაკლი ჩირიკაშვილმა საჯარიმო ხარიხას მოარტყა, გადმოვარდნილ ბურთს კი ყოფილმა ამერელმა გივი ჩხეტიანმა დაამატა და 3:1.

რა თქმა უნდა, ასეთი ანგარიში გიორგი ჩიხრაძის გუნდს ხელს არ აძლევდა და მატჩის წამატებულ წუთებზე გიორგი ელბაქიძემ შორიდან დააქუხა - 4:1.

თასის ორგზის მფლობელი "ამერი" ზედიზედ მესამედ მიიწევს ფინალისკენ და შანსიც დიდი აქვს, თუმც ალბათ ახსოვს შარშანდელი ნახევარფინალი, როცა პირველ შეხვედრაში ბოლნისის "სიონს" გლდანში 3:0 სძლიეს, საპასუხოში კი ძირითად დროში 0:3 წააგეს და რომ არა სულიკო დავითაშვილის გოლი, ფინალი უკან დარჩებოდათ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ "ამერს" "ჯემალ ზეინკლიშვილზე" არასოდეს მოუგია და "ბორჯომი" ეცდება, ეს ტრადიცია არ დაარღვიოს.

პირველი მატჩისგან განსხვავებით, მასპინძელთა ძირითადში იქნება გიორგი მეგრელაძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა, თბილისელებს კი დისკვალიფიკაციის გამო დენის დობროვოლსკი და გიორგი დავითნიძე ვერ დაეხმარებიან...

ერთიც: 9 აპრილის მატჩში არბიტრი გიორგი ვადაჭკორია უნდა ყოფილიყო, თუმც იგი წინა დღეს ავად გახდა და მისი ადგილი ლევან ფანიაშვილმა დაიკავა. დღევანდელ მატჩს ვადაჭკორია განსჯის, სათადარიგო კი ოთარ ხეცაძე იქნება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com