"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

ექვსს პლუს ხუთი და ოთხის შიში

პაპუნა კედია

ინგლისური პრემიერლიგის ოთხი გამორჩეული გუნდის ირგვლივ დიდი ამბავი ატყდა. გუშინდელ "სარბიელში" გაგაცანით "ნიუკასლ იუნაიტედის" თავკაცის, წარსულში დიდი ფეხბურთელის, კევინ კიგანის მოსაზრება, რომ ინგლისის ჩემპიონატში ფაბტობრივად ორი შეჯიბრება იმართება, ზედა ოთხეულისა და ყველა დანარჩენის. კიგანის აზრით, დანარჩენ გუნდებს ოთხეულთან მიახლოების მინიმალური შანსიც არ აქვთ და ასე შემდეგ.

დღეს, საკუთრივ ინგლისში წამოწეულ თემას შვეიცარიიდან ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი გამოეხმაურა. მსოფლიო ფეხბურთის დიდმმართველის ღრმა რწმენით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასული ორი გუნდის, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის", მათთან ერთად კი "ლივერპულისა" და "არსენალის" ბატონობა პრემიერლიგაში უკვე მეტისმეტი ხდება, რის გამოც (აქ ბლატერი ცდილობს, შექმნილი სიტუაცია თავისი პროექტის სასარგებლოდ გამოიყენოსძ საჭიროა გუნდებში უცხოელ ფეხბურთელთა ლიმიტი დაწესდეს და ეს ლიმიტი სხვა კლუბებს მისცემს თანაბრად განვითარების საშუალებას.

ბლატერი: "ნუთუ ჩვენ მდიდრებს უფრო მეტად გამდიდრების საშუალება უნდა მივცეთ და ამ სიტუაციის შემყურეთ ხმა არ უნდა ამოვიღოთ. დახეთ, როგორი ვითარებაა: კლუბებისთვის დიდძალი თანხები ჩემპიონთა ლიგას მოაქვს. ეს, მსოფლიოს უდიდესი ლიგაა, რომლის შემოსავლის 80 პროცენტი მონაწილე 32 კლუბზე პირდაპირ ნაწილდება და რა გამოდის. წლეულს ნახევარფინალში სამი ინგლისური კლუბი გვყავდა, რომელთაგან ორი ფინალში გავიდა. დიახ, ჩემპიონთა ლიგამ დიდი ფინანსური წარმატება მოიტანა, მაგრამ იმავდროულად მან ეროვნული უთანასწორებაც გამოიწვია. სწორედ ამიტომ მინდა, როგორც მსოფლიო ფეხბურთზე პასუხისმგებელმა ადამიანმა, ფიფას კონგრესის ყურადღება ამ საკითხს მივაპყრო".

"სარბიელის" მკითხველმა კარგად იცის, რომ ზეპ ბლატერს სურვილი აქვს, ყოველ გუნდს მოედანზე ერთბაშად ხუთი ადგილობრივი ფეხბურთელი ჰყავდეს. ფიფას პრეზიდენტი ოცნებობს, რომ ეს წესად იქნება დადგენილი და ამ წესს "ექვსს პლუს ხუთი" ერქმევა.

"ეს სპორტის სამყაროა და ამიტომ, მოდი, ექვსს პლუს ხუთით დავიწყოთ. ვნახოთ, რას მოგვცემს წესის ასეთი ცვლილება. ვფიქრობ, ეს კანონი სხვადასხვა ლიგებში ცალკეული კლუბების მონოპოლიას შეზღუდავს. ჩვენ სიმდიდრეს კი არ ვებრძვით - არ გვინდა, ნაკრებებისთვის ფეხბურთელების აღზრდა შენელდეს" - დასძინა ბლატერმა.

ძალიან საინტერესოა, რომ პრემიერლიგის ზედა ოთხეულის მეტისმეტ გაძლიერების თავად ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარე, ლორდი ტრიესმენი შეუწუხებია, თუმცა მისი გამოსვლა შესაძლოა უფრო თემის სავალდებულო გამოხმარურება გახლდათ, ვიდრე რომელიმე მიმარულებით ლაშქრობა. კერძოდ:

"ის, რაც კევინმა თქვა, სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს - დაუბრუნდა ლორდი "ნიუკასლის" თავკაცის სიტყვებს - რასაკვირველია, ნებისმიერი შეჯიბრება, რაც შეიძლება თავისუფალი უნდა გვქონდეს. ყველა გუნდს უნდა მიეცეს სხვებთან თანაბრად გაჯიბრების შანსი. დააკვირდით, რა მრავლისმეტყველი გამოდგა ფეხბურთის ასოციაციის თასის წლევანდელი გათამაშება. ფინალში "პორტსმუთი" და "კარდიფი" გავიდნენ. ეს მეტისმეტად შთამბეჭდავი შედეგი გახლავთ. ძალისა და სიმდიდრის ერთსა და იმავე ხელში დაგროვებამ, შესაძლოა, საერთოდ, ჩემპიონატი გაგვიხადოს უინტერესო. იმის თქმა არ მინდა, რომ ჩვენი ჩემპიონატი უკვე უინტერესოა, მაგრამ ვფიქრობ, ასეთი საშიშროების წინაშე ვდგავართ. მეორე მხრივ, ჩვენ დიდ ბრიტანეთში ვცხოვრობთ და ბიზნესს განვითარების უფლებას ვერ წაართმევ. ამიტომ, ვფიქრობ, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა საფეხბურთო აკადემიებმა ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდა არ შეწყვიტონ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყოველი კლუბი ღირსეულ ახალ თაობას ზრდის".

მაგრამ ლორდმა ტრიესმენმა იმავდროულად სიფრთხილეც გამოიჩინა და თქვა, რომ ფეხბურთელებზე ლიმიტების დაწესება სწორი ვერ იქნება, რადგან ეს ევროკავშირის კანონებს ეწინააღმდეგება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com