"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

მტაცებელი და მსხვერპლი

პაპუნა კედია

არსენ ვენგერი აღშფოთებულია და მადრიდის "რეალის" ფიფაში დაბეზღებას აპირებს. თურმე ესპანური სამეფო კლუბი ლონდონელთა ერთ-ერთ ვარსკვლავს, სესკ ფაბრეგასს აკრძალული ხერხებით ეკურკურება.

როდესაც "რეალის" პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა ფაბრეგასის შეძენის სურვილი საჯაროდ გამოთქვა, განრისხებულმა ვენგერმა ამას უპატივცემულობა უწოდა.

ჯერ კალდერონის სიტყვები ვნახოთ: "ჩემი მიზანი კლუბებს შორის დაპირისპირების ჩამოგდება სულაც არ არის, მაგრამ ჩვენთვის სასურველ ფეხბურთელთა სიაში სესკი პირველი ნომერია და მას სიამოვნებით გადმოვიყვანდი".

ვენგერმა კი ერთი ხნის წინ კალდერონის გასაგონად ასეთი რამ ბრძანა: "არ მინდა, ვიჯდე და ვისმენდე, როგორ ამბობს "რეალი" თუ "ბარსელონა", რომ ამა თუ იმ ფეხბურთელის შეძენა უნდა. მე არასდროს გამოვდივარ და არ ვაცხადებ, რომ "რეალის" ან "ბარსელონას" ესა თუ ის ფეხბურთელი მჭირდება. ამას არც არასდროს ვიტყვი, რადგან ამ კლუბებს პატივს ვცემ. თუ ამ ორი გუნდის რომელიმე ფეხბურთელის შეძენა მომინდება, ვიცი, მათი კლუბების რომელ თანამშრომელს დავურეკო და საქმეს პირდაპირ მასთან დავიჭერ, ყოველგვარი საჯარო გამოსვლების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი საქციელი ყველაზე გადაბიჯებას და ყველას მოხვეტის სურვილს დაემსგავსება. ეს მიუღებელია, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერაფერს გახდები. როდესაც შენთვის სასურველი ფეხბურთელი ამა თუ იმ კლუბთან კონტრაქტით არის დაკავშირებული და ეს კონტრაქტი ძალაშია, წესის თანახმად, უპირველეს ყოვლისა, კლუბში უნდა დარეკო და იქ გაარკვიო, რას ფიქრობს ეს ხალხი ამ ფეხბურთელის გაყიდვასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, არც ისეთი გულუბრყვილო გახლავართ, რომ ვიფიქრო, თითქოს ხსენებულ წესს ყველა იცავს, მაგრამ გაზეთში რომ არ უნდა გამოვარდე და სხვისი ფეხბურთელის წაყვანაზე აგრესიული განცხადებები რომ არ უნდა აკეთო, ფაქტია. ჩვენთვის ცხადია, რომ "რეალის" ხალხი ჩვენს ზურგსუკან ფაბრეგასის აგენტებს უკავშირდება და ელაპარაკება, თუმცა ამაზე ისეთი რეაქცია არ მაქვს, როგორც საგაზეთო გამოსვლებსა და უპატივცემულო საჯარო განცხადებებზე".

ისევ კალდერონი: "თუ სესკს ცხოვრების შეცვლა აინტერესებს, მზად ვართ, დაველაპარაკოთ. სესკი ხომ ის ფეხბურთელია, რომლის შეძენაც ყველა მწვრთნელსა თუ ტექნიკურ დირექტორს სურს და გამონაკლისი არც ჩვენი მწვრთნელები და დირექტორები გახლავან. სხვა საქმეა, რომ გადაწყვეტილება დარჩენისა თუ გუნდის გამოცვლის შესახებ თავად ფაბრეგასისგან უნდა მოდიოდეს. საკუთრივ ფეხბურთელს უნდა ჰყქონდეს შეგრძნება, რომ მისი ცხოვრების ერთი ეტაპი დასრულდა და რაღაც არის შესაცვლელი და თუ სესკ ფაბრეგასის შემთხვევაშიც ასეა, ჩვენ სიამოვნებით დავუკავშირდებით მის გუნდს და მოლაპარაკებებს გავმართავთ".

ვენგერის გაღიზიანება კიდევ იმან გაამძაფრა, რომ მისთვის ცნობილი გახდა: "ინტერი" "არსენალის" სხვა ვარსკვლავის, ბელარუსი ალექსანდრ გლების გადაბირებას ცდილობს. მილანელები გლების აგენტებს უკვე შეხვედრიან და თითქოს, ყმაწვილკაცის თავგზის არევაც მოუხერხებიათ.

ზემოთ კი ფიფა ვახსენეთ და უნდა მოგაგონოთ, რომ მადრიდის "რეალს" სწორედ სხვათა უპატივცემულო სატრანფერო "მტაცებლობის" გამო, მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში პირველად არ უჩივიან. პრობლემა ჰქონდა "რეალის" ყოფილ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსაც, როდესაც მან "ბერნაბეუზე" დევიდ ბექემი მიიწვია და... მიიტაცა. პერესივე საიდუმლოდ შეხვდა პატრიკ ვიეირას. ამ შეხვერდისას "რეალის" პრეზიდენტი ფრანგ ვარსკვლავს, ბუნებრივია, მასთან გადასვლას სთავაზობდა. კალდერონის "რეალი" კი "მანჩესტერ იუნაიტედსაც" აღიზიანებს. მადრიდიდან კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საუბარს არა და არ დაესვა წერტილი.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com