"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

ფეხბურთის ლეგენდები

ლეგენდა #26

ილ გრანდე ტორინო

40-იან წლებში იტალიაში წამყვანი გუნდი "ტორინო" გახლდათ, რომელსაც მეტსახელად "ილ გრანდე ტორინოს" ანუ "დიდ ტორინოს" ეძახდნენ. კლუბი, რომელიც უამრავი ვარსკვლავით გახლდათ დაკომპლექტებული, სამწუხაროდ, 1949 წლის 4 მაისს ავიაკატასტროფაში ფაქტობრივად მთლიანად დაიღუპა.

ტრაგედია ტურინთან ახლოს, ცუდ ამინდში მოხდა. თვითმფრინავში მყოფი ოცდათერთმეტივე ადამიანი დაიღუპა, აქედან 18 - ფეხბურთელი, ასევე კლუბის თანამშრომლები, ჟურნალისტები (მათ შორის, გაზეთ "ტუტოსპორტის" დამაარსებელი რენატო კაზალბორეძ და თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები.

"ილ გრანდე ტორინო" ლისაბონიდან ბრუნდებოდა, სადაც "ბენფიკას" ჟოზე ფერეირასთვის მიძღვნილ გამოსამშვიდობებელ მატჩში ეთამაშა.

იმ პერიოდში "ტორინომ" უამრავი რეკორდი დაამყარა. გუნდი მიჯრით ხუთჯერ, 1944-1949 წლებში გახდა სერია ფ-ს გამარჯვებული (1945 წელს იტალიის ჩემპიონატი მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულაძ.

სხვათა შორის, 1949 წლის 4 მაისის ტრაგედიის მერე, ტურინელებს ჩემპიონატში ოთხი მატჩი ჰქონდათ დარჩენილი და ამ შეხვედრებში ახალგაზრდული გუნდის, ანუ "პრიმავერას" ფეხბურთელებით ითამაშეს, "ილ გრანდე ტორინოს" საპატივცემულოდ "ჯენოამ", "პალერმომ", "სამპდორიამ" და "ფიორენტინამაც" ახალგაზრდებით ითამაშეს. "ტორინოს" "პრიმავერამ" ყველა მატჩი მოიგო და ჩემპიონიც გახდა.

"ილ გრანდე ტორინო" 4-4-2 სქემით 10 წლით ადრე თამაშობდა, ვიდრე ამ ტაქტიკას ბრაზილიის ნაკრები წარმატებით გამოიყენებდა 1958 წლის მსფოლიოს ჩემპიონატზე. ხოლო 35 წლის მერე, 70-იან წლებში, ტურინელთა რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოჩნდა ჰოლანდიელების მიერ დანერგილ, ეგრეთ წოდებულ ტოტალურ ფეხბურთში, რომელმაც სპრრტის ამ სახეობაში რევოლუცია მოახდინა.

ამ ტრაგედიამ ძალიან დააზარალა იტალიის ეროვნული ნაკრებიც, რომელიც იმხანად "ტორინოს" ათამდე მოთამაშით იყო დაკომპლექტებული. ისევე როგორც "ილ გრანდე ტორინოს", "სკუადრა აძურას" კაპიტანიც ვალენტინო მაცოლა გახლდათ. მომავალში მისი ვაჟი სანდრო ასევე ცნობილი ფეხბურთელი, ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ლეგენდა გახდა.

ტრაგედიას შემთხვევით გადაურჩა ორი ფეხბურთელი. საურო ტომა პორტუგალიაში გუნდს ტრავმის გამო არ გაჰყვა. უნგრელი ლადისლაო კუბალა კი, რომელსაც მატჩში სტუმრის რანგში უნდა ეთამაშა, "ტორინოს" თვითმფრინავში იმიტომ არ მოხვდა, რომ მისი ვაჟი გაციებული გახლდათ და კუბალამ ცოლ-შვილთან დარჩენა გადაწყვიტა.

ამის მერე, "ტორინომ" მორიგი სკუდეტო მხოლოდ 1976 წელს მოიპოვა და ჯერჯერობით ვერ ახერხებს ძველი დიდების დაბრუნებას.

ლეგენდა #27

დი სტეფანო ნოკაუტში

1947 წელს არგენტინის ჩემპიონატში "რივერ პლეიტისა" და "ატლანტეს" მატჩში ერთი უსიამვნო ინციდენტი მოხდა. რივერპლეიტელთა ცნობილმა ფორვარდმა ალფრედო დი სტეფანომ მეტოქის კარში გოლი გაიტანა, რაც ვერაფრით ვერ აიტანა "ატლანტეს" ერთ-ერთმა ვაიგულშემატკივარმა, რომელიც მინდორზე გადმოხტა, დი სტეფანოსთან მივარდა და ნოკაუტში ჩააგდო. ლეგენდარული თავდამსხმელი მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს.

საბედნიეროდ, დი სტეფანოსთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. აი, "ატლანტესა" და მის გულშემატკივრებს იმ მართლაც ვაიქომაგის გამოხტომა კი ძვირად დაუჯდათ - კლუბს დისკვალიფიკაცია მისცეს და მეორე ლიგაში უკრეს თავი.

ლეგენდა #28

ასტონ ვილას ცბიერი მეკარე

1891 წელს ინგლისის ჩემპიონატში "ასტონ ვილასა" და "სტოკ სიტის" მატჩის მსვლელობისას ერთი საინტერესო ამბავი მოხდა - შეხვედრის დასრულებას თითქმის აღარაფერი აკლდა, როცა ბირმინგემელთა კარში პენალტი დაინიშნა, ბურთთან მოულოდნელად "ასტონ ვილას" მეკარე მივარდა და ძლიერი დარტყმით შორს გადააგდო...

მაშინ ფეხბურთს ძირითადად ერთი ბურთით თამაშობდნენ და სანამ მეკარის მიერ გადაგდებულს მოიტანდნენ, მატჩისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, მსაჯიც იძულებული გახდა, შეხვედრა დაესრულებინა და ასე გადაურჩა "ასტონ ვილა" გოლის გაშვებას.

ამ ფაქტის მერე, ფეხბურთის წესებში ცვლილების შეტანა გახდა საჭირო და ახალი წესიც მალე გამოცხვა - პენალტის და საჯარიმო დარტყმების შესრულება დროის ამოწურვის მერეც შეიძლება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com