|
|
"სარბიელი"
რანიერი: ნუ მოგვთხოვთ ზედმეტს გიორგი კაკაბაძე
შეიძლება ითქვას, რომ "იუვენტუსმა" სეზონი კარგად ჩაატარა. ტურინელებმა სერია ფ-ში მესამე ადგილი მოიპოვეს და, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც. თუმცა გუნდის მწვრთნელი კლაუდიო რანიერი წინასწარ თავს იზღვევს - ჩვენგან ზედმეტს ნურავინ ელის და ნურავინ მოითხოვსო. "სერია ფ-ში მესამე ადგილი და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში თამაშის უფლება დიდი მიღწევაა გუნდისთვის, რომელიც სერია ი-დან ახლახან დაბრუნდა. თუმცა ჩემპიონთა ლიგაში ძველებურ "იუვენტუსს" მყისვე არ უნდა ველოდოთ. ეს ჩვენთვის გაზრდის და გამოცდის წელი იქნება. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც არც კი იციან, რას ნიშნავს ასეთ დონეზე თამაში, და გამოცდილება აკლიათ. თანაც მიმდინარე სეზონში კვირაში მარტო ერთი მატჩის თამაში გვიწევდა, ხოლო ახლა საქმე გაგვიორმაგდება" - თქვა რანიერიმ. ზაფხულში "ბებერი ქალბატონის" პირველი ტრანსფერი ალბათ "პალერმოს" ფორვარდი ამაური იქნება. თუმცა მწვრთნელს მხოლოდ ერთი ახალი ფეხბურთელი არ აკმაყოფილებს. "ამაური ბრწყინვალე ფებურთელია და კიდევ ერთი ჩემპიონი შემოგვემატება, მაგრამ სკუდეტოსთვის მებრძოლი შემადგენლობა ჯერ არ გვეყოლება. ყველა პოზიციაზე კარგი მოთამაშე მჭირდება, პლუს ორი-სამი კაცი - განსაკუთრებულად საგანგაშო შემთხვევებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ოლიმპიადა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ემთხვევა და არ ვიცი, რამდენ ჩვენიანს გამოიძახებს პიერლუიჯი კაზირაგი. არადა, ყველა მათგანი მჭირდება" - დასძინა რანიერიმ. "პალერმოს" პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი: "თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია. შეთანხმებას მალე მივაღწევთ. შეგვიძლია, ამაური 98 პროცენტით "იუვეს" ფეხბურთელად ჩავთვალოთ. ახლა ჩვენზე აღარაფერია დამოკიდებული, საბოლოო სიტყვა ტურინელებზეა და ალბათ მალე დარჩენილი დეტალებიც მოგვარდება". ამასობაში "ბიანკონერის" ვეტერანმა ნახევარმცველმა პაველ ნედვედმა განაცხადა, ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია, სეზონის ბოლოს კარიერას დავასრულებ, თუ კიდევ ერთი წელი ვითამაშებო. "ჩემი მომავალი ჯერაც გაურკვეველია. სეზონის ბოლოს ვნახოთ... მოსაფიქრებლად კიდევ რამდენიმე კვირა მაქვს და სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო "იუვენტუსის" მაისურით თამაში. აქ ბრწყინვალე წლები გავატარე" - თქვა 35 წლის ნედვედმა. ტურინელთა სპორტული დირექტორი ალესიო სეკო კი უკვე ეძებს ჩეხის შემცვლელს. კანდიდატები ნეაპოლელი მარეკ ჰამშიკი, რომაელი ამანტინო მანსინი და პალერმოელი ბოშკო იანკოვიჩი ყოფილან.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |