"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

მანჩინი მორატის არ ეთანხმება

კოკი კანდელაკი

"ინტერის" მფლობელ მასიმო მორატისა და გუნდის მწვრთნელ რობერტო მანჩინის შორის იდეალური ურთიერთობა რომ არ არის, კიდევ ერთხელ დადასტურდა. "მილანთან" წაგებული დერბის მერე მორატიმ თქვა, შემართება გვაკლდა და ზედმეტად ვფრთხილობდით, რაც არ მომეწონაო. მანჩინიმ კი განაცხადა, ამ მოსაზრებას ნამდვილად ვერ დავეთანხმებიო.

"ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, ხოლო მოტივაციისა და შემართების ნაკლებობაზე ვერც ვილაპარაკებ. მით უმეტეს, რომ არც დერბიში და არც სხვა მატჩებში, ფრეზე არასოდეს გვითამაშია. ყველას თავის აზრი აქვს, მაგრამ ვფიქრობ, როცა გუნდი აგებს, ხალხი დამნაშავის ძებნას იწყებს და უმეტესი ნაწილი ყოველთვის მწვრთნელისკენ იშვერს თითს. თუ მორატი ასე ფიქრობს, ეს მისი უფლებაა, მაგრამ მე არ ვეთანხმები. თუმცა ეს პრობლემა არ არის. როგორც ვთქვი, ყველას თავისი ხედვა აქვს" - აღნიშნა მანჩინიმ.

რამდენიმე დღის წინ, კითხვაზე, დარჩება თუ არა მანჩინი პოსტზე, მორატიმ ასე უპასუხა - ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.

"კლუბთან ახალი სამწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ამით ყველაფერია ნათქვამი. კიდევ რა კომენტარი უნდა გავაკეოთ. არ ვიცი, რას ნიშნავს იმის თქმა, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. წასვლა-დარჩენაზე კითხვებს ყოველთვის მისვამდით. მაშინ ეს გასაგები იყო, რადგან გუნდთან ხანგრძლივი კონტრაქტი არ მაკავშირებდა, მაგრამ ახლა..." - დასძინა მანჩინიმ.

ეს ყველაფერი კი ზრდის ეჭვებს და მითქმა-მოთქმა ძლიერდება - ზაფხულში მანჩინის ჟოზე მაურინიუ შეცვლისო.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com