|
|
"სარბიელი"
მუტუ დასაჯეს, ლივორნო გაწირეს
გიორგი კაკაბაძე
ადრიან მუტუმ "კალიარისთან" წაგებული მატჩის ბოლო წუთზე ნერვები რომ ვერ მოთოკა, ძვირად დაუჯდა. რუმინელმა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ სადისციპლინო კომიტეტმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ორმატჩიანით შეუცვალა. ეს ნიშნავს, რომ "ფიორენტინას" რუმინელი ლიდერი სერია ფ-ს დარჩენილ ორ ტურში, "პარმასთან" და "ტორინოსთან" ვერ დაეხმარება. უმისოდ კი "იებს" მეოთხე ადგილის დაბრუნება ძალიან გაუჭირდებათ. ისინი "მილანის" წაბორძიკების იმედზე უნდა იყვნენ, თავად კი ქულები არ გაფლანგონ. პარალელურად, სადისციპლინო კომიტეტმა, ფაქტობრივად, გაწირა ბოლოადგილოსანი "ლივორნო". გასულ უქმეებზე ტოსკანელებმა "ატალანტასთან" 2:3 წააგეს. უმოტივაციო ბერგამოელთაგან მესამე გოლი მატჩის მიწურულს სიმონე პადოინმა გაიტანა. საფინალო სასტვენის შემდეგ მას რამდენიმე ტოსკანელი ეძგერა, "არასაჭირო" გოლი რატომ გაიტანე, მოგება თქვენ არაფერს გიცვლიდათ, ჩვენ კი ქულა გვჭირდებოდაო. ეს ინციდენტი ხუთმატჩიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა ალესანდრო გრანდონის, სამ შეხვედრას გამოტოვებს ემანუელე ფილიპინი, ხოლო ორს - ჯოვანი პასკუალე. გარდა ამისა, მომავალ ტურში ვერ ითამაშებენ დავიდ ბალერი, ანტონიო ფილიპინი და სიმონე კავანი. სერია ფ-ს 37-ე ტურს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო ასევე გამოტოვებენ: რეჯინელი არონიკა, ემპოლელი ბუდელი, კალიარელი კონტი, ჯენოელი კრიშიტო, ატალანტელი გუარენტე, იუვენტუსელი მოლინარო, ფიორენტინელი პასკუალი, მილანელი პირლო და ნეაპოლელები - ბლაზი და სანტაკროჩე.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |