"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

ავრაამის ბედნიერება

პაპუნა კედია

რა ითქვა, იცით, გუშინ. ავრაამ გრანტი "ჩელსის" მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლასა და ადგილის ფრანკ რაიკარდისთვის გათავისუფლებას სიხარულით შეხვდებაო. ეს ყუმბარა გრანტის ახლობელმა, "პორტსმუთის" ფეხბურთელმა რიჩარდ ჰიუზმა გახეთქა.

"თუკი ეს ასე მოხდება, ავრაამი მადლიერებით ილოცებს - დაიჟინა ჰიუზმა და განმარტა - საქმე ის არის, რომ გრანტი ბუნებით ჩვეულებრივი კაცია, რომელსაც საჯარო ცხოვრება არ სიამოვნებს. მისთვის ყველაზე შესაფერისი ძველი ფუნქციის დაბრუნება იქნება, როდესაც მწვრთნელთა შტაბისა და დირექტორატის შემაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა".

არადა, შედეგი, რომელიც ებრაელმა მწვრთნელმა "ჩელსიში" აჩვენა, მართლაც შთამბეჭდავია: ლონდონელი "ლურჯები" ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც არიან და პრემიერლიგაშიც ბოლო ტურამდე აქვთ ტიტულის მოპოვების შანსი - "ჩელსი" თუ "მანჩესტერ იუნაიტედი". ამ კითხვაზე პასუხს სეზონის დამაგვირგვინებელ დღეს მივიღებთ, მაგრამ ჰიუზი, რომელიც გრანტს მისი "პორტსმუთში" მუშაობის წლებში დაუმეგობრდა, ამბობს, რომ ავრაამი "ჩელსის" სიამოვნებით დატოვებს იმ შემთხვევაშიც, პრემიერლიგის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგა ერთად რომ მოაგებინოს.

ჰიუზი: "ავრაამი ფეხბურთში მარადი სტუდენტია. ჩვენთან რომ მუშაობდა, მე და მას უამრავჯერ გვისაუბრია, მათ რიცხვში "ბარსელონას" შესახებ. ვიცი ისიც, რომ "ჩელსის" მაპატრონე რომან აბრამოვიჩი "ბარსას" თაყვანისმცემელია. მას ძალიან მოსწონს ამ გუნდის დღევანდელი სტილი და სავარაუდოდ, ყველა ღონეს იხმარს, რათა ეს სტილი "სტემფორდ ბრიჯზე" ჩამოიტანოს. ჟოზე მაურინიუს გაშვებაც მეტწილად სწორედ იმით გახლდათ განპირობებული, რომ აბრამოვიჩს სულ სხვა ფეხბურთის ხილვა უნდოდა, მაურინიუ კი მის გუნდს სულ სხვა რამეს ათამაშებდა".

და, რამდენედაც ცნობილია, ესპანეთის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ფრანკ რაიკარდი "ბარსადან" მიდის. ამბობენ, რომ კატალონიის გუნდს წარსულში ცნობილი ვარსკვლავი ხოსეპ გვარდიოლა გაწვრთნის, რაც ჰიუზს, რომლის ნათქვამსაც, სავარაუდოდ, რეზონანსი უნდა მოჰყვეს, აფიქრებინებს, რომ "ჩელსიში" მწვრთნელის ცვლილებაა დაგეგმილი.

თუმცა, მარტო ეჭვიც არ ალაპარაკებს "პორტსმუთის" ფეხბურთელს. როგორც ჩანს, რამდენიმე დღის წინ ჰტუზი ავრაამ გრანტს ელაპარაკა და მთელი ისტორია პირველწყაროდან იცის.

"მერწმუნეთ, ავრაამი ის კაცია, რომელსაც საქმის წარმატებით კეთებისთვის წინა პლანზე ყოფნა სულაც არ სჭირდება. ის ჩრდილიდანაც კარგად მუშაობს" - დააგვირგვინა ჰიუზმა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com