"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

"კაიზერ ფრანცი" აღფრთოვანებულია ლუკა ტონით

გიორგი კაკაბაძე

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა "ლა გაძეტა დელო სპორტთან" საუბარში რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა. "კაიზერ ფრანცი" აღფრთოვანებულია ლუკა ტონით, რომელიც მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" ლიდერი და მთავარმეგოლეა.

"ლუკა ტონიმ და ფრანკ რიბერიმ თავიანთი გოლებითა და თამაშით მნიშვნელოვნად გაგვაძლიერეს. რასაკვირველია, ტონი რჩება, მისით ძალიან კმაყოფილნი ვართ. იგი არ იყიდება, ჩვენ ხანგრძლივი კონტრაქტი გვაქვს. ლუკა ნამდვილი გოლების მანქანაა. იგი ჯორჯო კინალიას მაგონებს, რომელთან ერთადაც ამერიკაში მითამაშია. ტონი გამანადგურებელი ფორვარდია, მისი ძალიან გვეიმედება. ვფიქრობ, დაგვეხმარება, რომ ჩემპიონთა ლიგა რაც შეიძლება მალე მოვიგოთ" - თქვა ბეკენბაუერმა.

დარჩება თუ არა ჯენარო გატუზო "მილანში", ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. როგორც ირკვევა, მისით "ბაიერნიცაა" დაინტერესებული

ფრანც ბეკენბაუერი: "არ ვიცი, მართლა ფიქრობს თუ არა გატუზო "მილანიდან" წასვლაზე. თუმცა იგი, როგორც ფეხბურთელი, ძალიან მომწონს და ვფიქრობ, "ბაიერნისთვის" იდეალური შენაძენი იქნებოდა".

მიუნხენელთა ლეგენდარული მეკარე ოლივერ კანი კარიერას ამთავრებს. ეს კი ნიშნავს, რომ გუნდს ახალი გოლკიპერი სჭირდება. ერთ-ერთი კანდიდატი "ფიორენტინას" კარის ფრანგი დარაჯი სებასტიან ფრეია, ვისაც ბოლო დროს აქტიურად უკავშირებენ "ბაიერნს".

"კანი წასვლის პირასაა - ამბობს ბეკენბაუერი - თუმცა ეს გადაჭრით არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფლორენციელთა მეკარეს დავიმატებთ. ამას კარლ-ჰაინც რუმენიგე და იურგენ კლინსმანი გადაწყვეტენ".

"კაიზერ ფრანცმა" ევრო 2008-ზეც ისაუბრა: "გერმანია - იტალია ბრწყინვალე, ემოციებით სავსე თამაში იქნება, თუ, ცხადია, ერთმანეთს შეხვდებიან. ეს იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალის გაგრძელება. "სკუადრა აძურა" ყოველთვის ძლიერია. ჩვენ კი ბოლო ორ წელიწადში ძალიან გავიზარდეთ. ევროპის ჩემპიონატზე დიდი კონკურენცია იქნება. მინიმუმ 10 ნაკრები თვლის, რომ ტურნირის მოგება შეუძლია. არა მგონია, საბერძნეთის სტილის სენსაციური გამარჯვებული გვყავდეს. ჩემი აზრით, ჩემპიონი იტალია, გერმანია, საფრანგეთი ან ჰოლანდია გახდება".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com