"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

სანიოლი მილანს ევროპამდე ეტყვის

ვაჟა ხუციშვილი

მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი მცველის ვილი სანიოლის შეძენა "მილანს" სურს, მაგრამ ფეხბურთელი ბუნდესლიგიდან წასვლას არ ჩქარობს.

"ბოლო ექვსი წლის განმავლობაში "მილანი" მუდმივად მაკითხავს, რაც ჩემთვის დიდი პატივია - თქვა ფრანგმა - "ბაიერნთან" კონტრაქტი ორ წელიწადში მიმთავრდება, მაგრამ თუ სარფიან წინადადებას მივიღებ, დავფიქრდები".

სანიოლს ოტმარ ჰოცფელდთან ურთიერთობა სეზონის დასაწყისშივე წაუხდა: ხან ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებდა, ხან პოზიციას უცვლიდა...

ამის გამო, ფეხბურთელმა ორი კვირის წინ მწვრთნელი საჯაროდ გააკრიტიკა და დაისაჯა კიდეც. უეფას თასზე "ზენიტთან" სტუმრად საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში არ ათამაშეს - მიუნხენში დატოვეს.

ჰიცფელდი სეზონის ბოლოს მიდის და მას იურგენ კლინსმანი შეცვლის, რომელთანაც, როგორც სანიოლმა განაცხადა, კარგი ურთიერთობა აქვს.

"კლინსმანს რამდენჯერმე შევხვდი და მითხრა, რომ გუნდს ვჭირდები. მიუხედავად ამისა, ვერ დავიჟინებ, "ბაიერნში" დავრჩები-მეთქი, რადგან ფეხბურთელის ცხოვრება მოულოდნელობით სავსეა. ყოველ შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატამდე უნდა გავარკვიო, თუ სად ვითამაშებ მომავალ სეზონში, რომ მშვიდად ვიყო და ნაკრებში ამაზე არ ვიფიქრო".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com