"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

რის ოლესია და რის ამისულაშვილი

ილია ნანობაშვილი

გუშინ ნალჩიკის "სპარტაკმა" რუსული პრემიერლიგის მატჩში ვლადივოსტოკის "ლუჩ-ენერგიას" სტუმრად 2:0 სძლია და ცხრილის შუა ნაწილში ააღწია, ლევან გვაზავას გუნდი კი ერთ-ერთი აუტსაიდერია.

გვაზავამ და ნალჩიკელთა ორმა ქართველმა, ალეკო ამისულაშვილმა და გოგიტა გოგუამ სრულად ითამაშეს, ხოლო "სპარტაკისავე" ფორვარდი დავით სირაძე სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა - საზარდული სტკიოდა და მწვრთნელმა ტალახიან მინდორზე მისი შეყვანა არ გარისკა. გოგუამ მეორე ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო: ძალიან იშვიათია მატჩი, გოგიტა რომელიმე ფერის ბარათი არ იხილოს...

და კიდევ, რუსული პრესა ეჭვობდა, ნალჩიკელებს ვლადივოსტოკში ამისულაშვილი არ ჩაჰვებაო. მიზეზს მიხვდებოდით: შარშან, 3 ნოემბერს "ლუჩ ენერგია" - "სპარტაკის" შეხვედრის შემდეგ ნალჩიკელთა გუნდის ფეხბურთელთა ჯგუფი ვლადივოსტოკის ერთ-ერთ სასტუმროში დარჩა, მეორე დილას კი ამ ქალაქში მცხოვრებმა გოგონამ, ვინმე ოლესიამ პოლიციაში იჩივლა, ნალჩიკელთა ფეხბურთელმა გამაუპატიურაო. ლაპარაკი ამისულაშვილზე იყო.

საბედნიეროდ, ალეკოს საქმე დაიხურა - პრიმორსკის მხარის პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გოგონა ბევრს ეცადა, რათა საჩივარი ძალაში შესულიყო, მაგრამ თავისას ვერ მიაღწიაო.

"აღნიშნულ საქმეში წერტილი დასმულია. სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ამ გოგონას ყველა პრეტენზია უსაფუძვლოდ ცნეს. უკვე მაშინ იყო ნათელი, რომ ამისულაშვილის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ შეიმჩნეოდა. შეიძლება ითქვას, რომ ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, მაგრამ ეს სისხლის სამართლის კოდექსით არ ისჯება. ასეთ დროს მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით შემოფარგვლა შეიძლება" - აცხადებს პროკურატურა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com