"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

კობის კოდმაც დაფქვა

ივანე კობიაშვილი

რეგულარული ჩემპიონატის უძვირფასესი მოთამაშის ვინაობა რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, სამშაბათს კი კობი ბრაიანტი ოფიციალურად დასახელდა ნბა-ში ყველაზე დიდრონი ინდივიდუალური პრიზის მფლობელად.

ბრაიანტი პირველად გახდა უძვირფასესი და აისრულა თავისი უკანასკნელი უდიდეს ოცნებათაგანი. ის სამჯერ გახლდათ ჩემპიონი, ორჯერ იყო პირველი ბომბარდირი და ახლა დიდი სამკუთხედიც ასე შეკრა. მძლავრი სეზონი ჰქონდა ლებრონ ჯეიმსს, ვინაც ბომბარდირთა დავაში აჯობა ბრაიანტს, ფენომენალური იყო კრის პოლი, თავის ახალ გუნდს რეგულარული ჩემპიონატი მოაგებინა კევინ გარნეტმა, მაგრამ მედიამ საუკეთესოდ მაინც კობი დაასახელა, რადგან ასოციაციის ყველაზე თავკერძა ვარსკვლავმა ბოლოს და ბოლოს ისწავლა თანაგულდელთა დაფასება და გუნდური თამაშის პრინციპებსაც მეტი პატივი დასდო.

"ეს არაა ინდივიდუალური ჯილდო - ეგოიზმისგან რომ განიკურნა, ამის წარმოჩენა კობიმ ამ სიტყვაშიც სცადა - ჩვენ ყველამ ერთად, მთელმა გუნდმა მოვიპოვეთ ის". პრესკონფერენციაზე ის განუწყვეტლივ ხუმრობდა და იმოწმებდა იქვე მყოფ თანაგუნგელებს. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას არ გამოჰკლებია არც "ლეიკერსის" თავკაცი და ბრაიანტის ბოლოს და ბოლოს აღმზრდელი ფილ ჯეკსონი, ვისაც რბილად რომ ვთქვათ, ჭირვეულ შეგირდთან არაერთი კონფლიქტი გადახდა. ოსტატ-შეგირდი ერთმანეთს თბილად ეხვეოდნენ იმის ნიშნად, რომ ყველა უთანხმოება წარსულში დატოვეს.

მისი გუნდი ვახსენეთ და, ესეც ვთქვათ, ბრაიანტი ამ ჯილდოს მფლობელი მეოთხე ლეიკერსელია, ქარიმ აბდულ-ჯაბარის, მეჯიქ ჯონსონისა და შაკილ ონილის შემდეგ.

126 გამოკითხული საკალათბურთო ჟურნალისტიდან უკლებლივ ყველამ მისცა მას ხმა, მათგან 82-მა პირველი ხმა არგუნა და ბრაიანტმაც საგრძნობი უპირატესობით გაასწრო ყველა კონკურენტს. შარშანდელმა უძვირფასესმა, დალასელმა დირკ ნოვიცკიმ მხოლოდ რამდენიმე მეხუთე ხმა მიიღო და გამოკითხვის სიღრმეში ჩაიკარგა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com