|
|
"სარბიელი"
ვინ დაიძახებს ჰოპლას ? კვარტეტი გადამწყვეტი კონცერტისთვის
ირაკლი პერტაია
დღეს თბილისსა და რუსთავში სუპერლიგის პლეი ოფი გახურდება. ნახევარფინალური სერია სამ გამარჯვებამდეა და ოთხი საუკეთესო გუნდი ასეა დაწყვილებული: რეგულარული ჩემპიონატის მომგები "ენერჯი-ინვესტი" "ვითას" ხვდება, ხოლო "ავიამშენი" თსუ-სთან გაარკვევს ურთიერთობას. ოთხივე გუნდი განსხვავებულად ხვდება პლეი ოფს. ზოგს ტრავმები აწუხებს, ზოგსაც შეთამაშება აკლია, თუმც მიზანი ყველას ერთი აქვს - ჩემპიონობა. საკამათო არაა, რომ პირველობის შანსი ოთხივეს აქვს, თუმც გამორჩეული ფავორიტი მაინც "ენერჯი-ინვესტია", რომელსაც მოედნის უპირატესობა უმაგრებს ზურგს. ამასთან რუსთაველები არც თბილისში იგრძნობენ თავს სტუმრად, რადგან სპორტის სასახლეში არც ერთი გუნდი არ ვარჯიშობს და იქაური ფიცარნაგი თუ ფარები ყველასთვის ერთნაირად შინაურია. ორივე წყვილში საამსეზონო ანგარიში ერთნაირია. "ენერჯი-ინვესტმა" რეგულარულ ჩემპიონატში 6-დან 4-ჯერ მოუგო "ვითას", ისევე როგორც თსუ-მ - "ავიამშენს", თუმცა ეს უპირატესობა პლეი ოფში მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს. ვინც კონკრეტულად დამდეგი მატჩებისთვის უკეთ იქნება მომზადებული, გამარჯვებაც მას დარჩება. ვიდრე ნახევარფინალური სერიები დაიწყებოდეს, მასში მონაწილე გუნდების თავკაცები კლუბ "თორმეტ მაგიდაში" შეიკრიბნენ და საპლეიოფო სიტუაციასა და შანსებზე ისაუბრეს... ნუგზარ ჭეიშვილი, თსუ-ს მთავარი მწვრთნელი: "ოლ სტარმაც გამოაჩინა, რომ ჩვენი გუნდის მოთამაშეები კარგად არიან მომზადებულნი. სამი კონკურსიდან ორში ჩვენებმა იმარჯვეს. მხოლოდ ჩატენვებში ვერ ვიპირველეთ, მაგრამ ეს არაფერია. თითქმის თანაბარი ძალის გუნდები ვართ და ფორტუნა რომელსაც გაუღიმებს, ფინალშიც ის გავა. ტრავმა, ისიც მცირე, მხოლოდ მიხეილ ფანჩულიძეს აწუხებს". ლევან მოსეშვილი, "ავიამშენის" მთავარი მწვრთნელი: "ტრავმებმა ძალიან დაგვაზარალა. ოთხ მოთამაშეს სერიოზული პრობლემა აქვს და აქედან ერთი, ირაკლი ხოშტარია, ალბათ ვეღარ დაგვეხმარება. გიორგი ნიკოლაძეს ნეკნი ჰქონდა გატეხილი, ახლახან მოუშუშდა და ვნახოთ, როგორი დატვირთით ითამაშებს. ასევე ახალი გამოჯანმრთელებულები არიან კოტე ტუღუში და ვახტანგ მინაშვილი. პირველი მატჩი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. ვნახავთ, ვინ რა ფორმაში იქნება და მომავალ სტრატეგიასაც მერე განვსაზღვრავთ. ამ ტრავმების გამო სათამაშო დრო გაეზარდა ნოდარ ბერაიას, რომელიც ძალიან ახალგაზრდაა და არაერთი პლუსი გააჩნია. ჩვენ მას განსაკუთრებულად ვამზადებდით და ახლა მისი დახმარება გვესაჭიროება. ვნახოთ, თუ გაამართლებს, ბევრი პრობლემა მოგვეხსნება". მიხეილ კობეშავიძე, "ვითას" მწვრთნელი: "ტრავმებმა ჩვენი გუნდიც ძალიან გატანჯა. ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ დავით ბერძენიშვილი სიკვდილს გადაურჩა. მან გულზე ურთულესი ოპერაცია გადაიტანა და ახლახან რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს. ფაქტობრივად, ცენტრის გარეშე ვართ დარჩენილნი. "ენერჯი-ინვესტის" ძალიან სოლიდური შემადგენლობა ჰყავს და ფავორიტადაც ითვლება, მაგრამ უიმედოდ სულაც არ ვართ. თუ ჩვენი თამაში ვიპოვეთ, ფინალში გასვლაც შეგვიძლია და იქ წარმატების მიღწევაც". დავით უსტიაშვილი, "ენერჯი-ინვესტის" მთავარი მწვრთნელი: "პლეი ოფს სულ სხვა დატვირთვა აქვს აქ ყველაფერია მოსალოდნელი. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, აქამდე ვინ მეტჯერ მოიგო. ჩემმა გუნდმა რეგულარულში პირველობა კარგა ხნით ადრე გაინაღდა და ამან მეტოქეებზე დაკვირვების საშუალება მოგვცა. მომზადებულები კი ვართ, მაგრამ თავს არხეინად არ ვგრძნობთ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ უპირატესობას ვფლობთ, ფინალში გასასვლელად დიდი ბრძოლა მოგვიწევს". მაშ ასე, დღეს ოთხის თხუთმეტ წუთზე სპორტის სასახლეში "ავიამშენი" და თსუ დაიწყებენ ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევას, ხოლო 19 საათზე რუსთავში - "ენერჯი-ინვესტი" და "ვითა".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |