|
|
"სარბიელი"
ყველაზე სწრაფი პატარა პრინცი ჟოზეფ ჟილ ანრი ვილნევი
გია ახალაძე
დაიბადა 1950 წლის 18 იანვარს სენ-ჟან-სურ-რიშელიეში დაიღუპა 1982 წლის 8 მაისს ჰოლანდიაში კვალიფიკაციისას ფორმულა 1-ში გამოდიოდა 1977-1982 წლებში მსოფლიოს 1979 წლის ვიცე-ჩემპიონი მოიგო 6 რბოლა: კანადა 1978ძ, სამხრეთ აფრიკა, აშშ - დასავლეთი, აშშ - აღმოსავლეთი სამივე 1979ძ, მონაკო, ესპანეთი 1981ძ 67 რბოლა, 6 გამარჯვება, 13 პოდიუმი, 2 პოულ-პოზიცია, 8 უსწრაფესი წრე, 1 დიდი სლემი, 107 ქულა გუნდები: "მაკლარენ-ფორდი" 1977ძ, "ფერარი" 1977-1982ძ ფორმულა 1-ის ისტორიაში იყო რამდენიმე მრბოლი, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონობა ვერ მოიპოვეს, თუმც არაერთ გვირგვინოსანზე უფრო ხმაურიანი სახელი დატოვეს. იმ თითებზე ჩამოსათვლელთა შორისაც კი გამორჩეულია ლეგენდარული ჟილ ვილნევი, კანადელი "პატარა პრინცი", რომელსაც, საერთო აზრთ, არაერთი ტიტულიც შეეძლო მოეპოვებინა, მაგრამ მხოლოდ ერთგზის ვიცეჩემპიონობა მოასწრო. უნიკალურ, უშიშარ რომანტიკოსს ბედმა მხოლოდ ოთხი სრული სეზონი "მოუზომა"და ასეთი მოკლე კარიერითაც მან წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ მანქანის მართვის ზესწრაფი და ყველასგან განსხვავებული, გიჟმაჟი მანერით, არამედ პიროვნული თვისებებითაც. მსოფლიოს 1979 წლის ჩემპიონ ჯოდი შექტერის თქმით, ჟილი ავსტოსპორტის ისტორიაში ყველაზე სწრაფი მრბოლი გახლდათ, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ იგი იყო ყველაზე გულწრფელი და პატიოსანი ადამიანი, ვინც კი ჯოდის ოდესმე შეხვედრია
ბერტივილი და ბარტე ჟოზეფ ჟილ ანრი ვილნევი 58 წლის წინ დაიბადა ფრანგულენოვანი კვებეკის სოფელ სენ-ჟან-სურ-რიშელიეში, ფორტეპიანოს ამწყობის ოჯახში. რვა წლის შემდეგ ვილნევები მახლობლად, დაბა ბერტივილში გადასახლდნენ. ჟილს არ ეთაკილებოდა თავისი წარმოშობა, ხშირად უთქვამს, მე პროვინციელი ვარ ბერტივილიდანო. მშობლები ცდილობდნენ, ჟილისა და მისი სამი წლით პატარა ძმის, ჟაკისთვის ბავშვობიდანვე ჩაენერგათ მაღალი ხელოვნების სიყვარული და თუ უმცროსი ვილნევი ოდნავ მაინც ამჟღავნებდა ოჯახის მუსიკალური ტრადიციებისადმი პატივისცემას, ჟილი ვერაფერმა ვერ აიძულა საკუთარი მისწრაფებისთვის ეღალატა. როცა 16 წლის შესრულდა, მართვის მოწმობა მიიღო და ავტომობილიც იყიდა, თუმც გიჟმაჟი ქროლით უკვე ორიოდ დღეში მძიმე ავარია შეემთხვა - მანქანაც დალეწა და თავადაც ისე დაშავდა, რომ მცირე ხნით საავადმყოფოში მოუწია ყოფნა. მომავალი ავტოვარსკვლავი თავიდან თოვლმავლებით რბოლამ გაიტაცა. სწორედ იმ პერიოდში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე. ჯოან ბარტე რვა წლის იყო, როცა მამამისმა ცოლი და ოთხი შვილი მიატოვა. მისის ბარტეს გულის თანდაყოლილი მანკის გამო მუშაობა არ შეეძლო, ამიტომ ჯოანს სკოლაში სიარულთან ერთად, შრომაც უწევდა, ოჯახის დასახმარებლად და გართობა-დასვენებისთვის დრო ცოტა რჩებოდა. ერთი სიტყვით, ქალიშვილს დალხენილი ახალგაზრდობა არ ჰქონია, მაგრამ ოპტიმიზმი და იუმორის გრძნობა ეხმარებოდა, შედარებით ადვილად გადაეტანა ყოფითი პრობლემები. ჯოანის ერთ-ერთი დის საქმრომ იგი თავის მეგობარ ჟილს გააცნო, რომელმაც მანქანით პირველივე ფეთიანი გასეირნების შემდეგ სამუდამოდ მოხიბლა ქალიშვილი. 1970 წლის 17 ოქტომბერს შედგა მათი ჯვრისწერა - გაჭირვების გამო მხოლოდ ოჯახის წევრებისა და რამდენიმე მეგობრის თანდასწრებთ, რომლებიც მალე მიატოვეს და საქორწინო ღამე ქალაქგარეთ მოტელში გაატარეს. გაზაფხულზე ვაჟიშვილი შეეძინათ, ჟაკი, ორი წლის შემდეგ გოგონაც, მელანი. გიჟმაჟი ვარსკვლავი თოვლმავლებით ასპარეზობამ ვილნევს წარმატება და აღიარება მოუტანა: 1973 წელს კანადაში საუკეთესო გახდა, მომდევნო სეზონში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, მერე სამშობლოში კიდევ ერთხელ იპირველა. პარალელურად, ავტორბოლებიც დააჭაშნიკა - ეს იყო "ფორმულა ფორდის" სერია. უკვე სადებიუტო სეზონში ათიდან შვიდი ეტაპი მოიგო, კვებეკის ჩემპიონობა მოიპოვა და "წლის ახალბედას" წოდებაც დაიმსახურა. შემდეგ ჟილი უფრო მძლავრ და პრესტიჟულ "ფორმულა ატლანტიკში" გადავიდა, სადაც მალევე გახდა პირველი სიდიდის ვარსკვლავი. ეგაა, იმხანად ისე ხელმოკლედ ცხოვრობდა, რომ კარიერის გასაგრძელებლად სახლის გაყიდვაც კი მოუხდა: "ეს "ატლანტიკში" ჩემი პირველი სეზონი იყო და ახალ გუნდში ადგილის მისაღებად 20 000 დოლარი უნდა გადამეხადა. იმედით ვიყავი, რომ ამ თანხას ზამთარში სნოუმობილით რბოლებში ვიშოვიდი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მქონდა დიდი ამერიკული სახლი ბორბლებზე, რომლის საფასური ჯერ ბოლომდე დაფარულიც კი არ იყო, ბოლოს და ბოლოს მისი გაყიდვა მომიხდა. ასე რომ, გარკვეული საბინაო პრობლემა შემექმნა". ვილნევმა მომდევნო წელს აშშ-სა და კანადაში ორი "ატლანტიკური" ტიტულიც მოიპოვა. სწორედ მაშინ მოიგო ტრუა-რივიერაში ის საბედო ეტაპი, რომელმაც მისი მომავალი განსაზღვრა. იმ რბოლაში მონაწილეობა მიიღეს ფორმულა 1-ის მიწვეულმა ასებმაც - ჯეიმს ჰანტმა, რომელიც სწორედ იმ წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, მომავალმა გვირგვინოსანმა ალან ჯოუნსმა, პატრიკ ტამბემ, პატრიკ დეპაიემ. ჟილმა კვალიფიკაცია ნახევარწამიანი უპირატესობით მოიგო, რბოლაშიც გრანდებს ფინიშთან დიდი სხვაობით მიასწრო და სისწრაფითა და მანქანის მართვის ზერისკიანი, არაორდინალური მანერით ყველა ისე გააკვირვა, რომ ჰანტმა მაშინვე დაურეკა თავის გუნდ "მაკლარენის" შეფს ტედი მაიერს, ერთი გიჟმაჟი კანადელი მრბოლი ვნახე და მისი ტესტებზე მოწვევა აუცილებელიაო. ვილნევი ინგლისში ჩაფრინდა და რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ სტარტზე გასვლის უფლებაც მიიღო. "სამეფო რბოლებში" კვებეკელი "პატარა პრინცის" დებიუტი 1977 წლის 17 ივლისს შედგა დიდი ბრიტანეთის გრან პრიზე.
საოცნებო "ფერარი" დებიუტს ურიგო არ ეთქმოდა. ვილნევმა კვალიფიკაციაში მეცხრე დრო აჩვენა, რბოლის ფინშზე კი 26 მონაწილეს შორის მე-11 მივიდა და ძრავის გადახურება რომ არა, ალბათ, ქულებსაც მოიპოვებდა, მაგრამ დანაპირები ხანგრძლივი კონტრაქტი მაინც არ გაფორმდა, რადგან კანადელი პილოტის უცნაურმა, თავქარიანმა სტილმა მაიერზე დადებითი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ვინ იცის, რა გზით წავიდოდა ჟილის კარიერა, იქ, ინგლისში, მისთვის თვით ენცო ფერარის რომ არ მიექცია ყურადღება: "თავიდან "მაკლარენთან" სამწლიან კონტრაქტზე იყო ლაპარაკი და რაკი სილვერსტოუნში რბოლისას საქმე ცუდად არ წამსვლია, იმედი მქონდა, რომ გუნდში დამტოვებდნენ, მაგრამ ორი კვირის შემდეგ მაცნობეს, რომ ჩემთან თანამშრომლობას არ აპირებდნენ და შემეძლო, სხვა საჯინიბოსთან მეწარმოებინა მოლაპარაკება. ერთი თვეც არ გასულა, რომ "ფერარიდან" დამირეკეს და მათთან გადასვლა შემომთავაზეს. ცხადია, დავთანხმდი, "ფერარი" ხომ ჩემი ოცნების გუნდი იყო." "სკუდერიასთან" კონტრაქტით მან მრავალწლიანი ვალებიც გაისტუმრა და ზღვისპირა კანში ვილაც იყიდა, აგრეთვე ვერტმფრენი და იახტა. ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად კი გამოუკეთდა, მაგრამ ტრასებზე პრობლემები არ ელეოდა, რადგან წითელ მუსტანგს სისწრაფეც აკლდა და საიმედოობაც. ვილნევი ცდილობდა, ჯაგლაგი ბოლიდისგან შესაძლებელზე მეტი გამოეწურა, ამიტომაც ხშირად ხვდებოდა ავარიებში და უმოწყალოდ ლეწავდა ფერარის ქმნილებებს, რომლებიც ბოსს საკუთარი შვილებივით უყვარდა, მრბოლებზე მეტადაც, რომელთაც მეორე პლანზე აყენებდა და უმცირესი მიზეზის გამო ადვილად იშორებდა გუნდიდან, კანადელს კი გამორჩეული სიმპათიით ეპყრობოდა, თუმც მან ყველაზე მეტი მანქანა დაუმტვრია. ფერარისთვის მძღოლის იდეალი თანამემამულე ტაციო ნუვოლარი გახლდათ, გასული საუკუნის 30-40-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლი. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ხუან მანუელ ფანხიოს თქმით, გამორჩეულად სწრაფი და ტექნიკური ვილნევი იყო ერთადერთი, ვისაც კომენდატორე ნუვოლარის ადარებდა: "ჩემი თაობის პილოტებისთვის ნუვოლარი კერპი იყო. ყველანი ვოცნებობდით, დიადი იტალიელის მსგავსნი ვყოფილიყავით, ვცდილობდით, გაგვემეორებინა ის, რასაც იგი რბოლისას აკეთებდა, მაგრამ... მხოლოდ ვცდილობდით. თავად ფერარის მიერ ნუვოლარისთან შედარება უმაღლესი შეფასებაა".
ღალატი კვებეკელ "პრინცს" პირველი სრული სეზონი უხეირო "ფერარით" უხეირო გამოუვიდა, მანქანა ხშირად ფუჭდებოდა და სულ რაღაც 17 ქულით საბოლოოდ მხოლოდ მეცხრე ადგილი დაიკავა. 1979 წელს ჟილის პარტნიორი სამხრეთაფრიკელი ჯოდი შექტერი იყო. კანადელს ჩემპიონობის შანსი კი ჰქონდა, მაგრამ რაკი გუნდის პირველ ნომრად ჯოდი ითვლებოდა, გზის დათმობა მოუხდა. იტალიაში "მონცაზე", ფერარელთა პრინციპის შესაბამისად - ვინც სტარტზე წინ დგას, ფინიშთან ის უნდა მივიდეს ადრე, თანაგუნდელს არც შებრძოლებია, მით უმეტეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში შექტერი ვადამდე ინაღდებდა ტიტულს: "რა თქმა უნდა, შემეძლო ჯოდის გასწრება, მაგრამ თამაშის წესები ვიცოდი და სიტყვა მივეცი. ეს მისი დღე იყო და არ ღირდა მაყურებლებისთვის მეჩვენებინა, რომ უფრო სწრაფი ვარ. გასწრება არც მიცდია, უბრალოდ, მოხარული ვიყავი, რომ ყველაფერი დასრულდა და გუნდური ტაქტიკა საჭირო აღარაა. ჩემი დრო კიდევ დადგება, რადგან ვფიქრობ, ორმოც წლამდე შევძლებ რბოლებში მონაწილეობას". ერთი სიტყვით, ვილნევმა "სუფთად ითამაშა" და სიტყვას არ გადაუხვია, სამი წლის შემდეგ კი, შეიძლება ითქვას, რომ თანაგუნდელ დიდიე პირონისგან პირის გატეხვას ემსხვერპლა. ჟილს აფრთხილებდნენ ფრანგის რთული ხასიათის შესახებ, მაგრამ ჟურნალისტების რეპლიკას ყურადღებას არ აქცევდა. მხიარული, თანატოლი ახალგაზრდები მალე დამეგობრდნენ, თუმც, როგორც აღმოჩნდა, სულ მცირე ხნით. 1982 წლის 25 აპრილს სან მარინოს გრან პრიზე პირონიმ კოლეგიალობის პრინციპი არად ჩააგდო და მეგობარს მოგება "მოჰპარა". "იმოლაზე" რბოლის ფინიშამდე 15 წრით ადრე ლიდერ რენე არნუს "რენო" ძრავის პრობლემის გამო ბრძოლას გამოეთიშა. "ფერარის" შტაბიდან თავიანთ პილოტებს მაშინვე სთხოვეს, აღარ ეჩქარათ და პოზიციები შეენარჩუნებინათ, რათა პრაქტიკულად განაღდებული დუბლით გამარჯვება უაზრო რისკით ხელიდან არ გაეშვათ. ვილნევი პირველი მიდიოდა, პირონი - მის უკან. კანადელი მოგებაში დარწმუნებული იყო და ოდნავ შეამცირა სისწრაფე, ფრანგმა კი პირიქით, მოუმატა და გაასწრო. ჟილმა ჩათვალა, რომ ეს პუბლიკაზე თამაში იყო და მალე დაიბრუნა ლიდერობა, მაგრამ ბოლოსწინა წრეზე დიდიემ სახიფათო მანევრით ისევ აუარა გვერდი, ხოლო შემდეგ მკვეთრად დაბლოკა თანაფერარელის ცდა, სტატუს-კვო აღედგინა. პოდიუმზე ჟილს თანაგუნდელისთვის ხელი არ ჩამოურთმევია. იგი გაცოფებული იყო და დაიფიცა, რომ პირონის აღარასოდეს გასცემდა ხმას: "ფინიშის შემდეგ მისთვის სიტყვაც არ მითქვამს და არასოდეს აღარ ვაპირებ დალაპარაკებას. შემდგომში სამაგიეროს გადავუხდი, ახლა ჩვენ მტრები ვართ". ენცო ფერარიმ ინციდენტში ვილნევის მხარე დაიჭირა.
ტრაგიკული ზოლდერი 13 დღის შემდეგ ტრაგედია მოხდა. ბელგიაში კვალიფიკაციისას თავიდან საუკეთესო დრო ვილნევმა აჩვენა, მერე მისი შედეგი სწორედ პირონიმ გააუმჯობესა. ჟილი ამას როგორ აიტანდა, გააფთრებული გავარდა ზოლდერის ტრეკზე პოულ-პოზიციის დასაბრუნებლად. მიზნის მიღწევა არ გასჭირვებია, თუმც მაინც წავიდა მეორე სწრაფ წრეზე შედეგის უფრო გასაუმჯობესებლად, მაგრამ 224 კმჰსთ სისწრაფეზე ნელა მიმავალი იოხენ მასის "მარჩის" გვერდის ავლა ვეღარ შეძლო. "ფერარის" წინა ბორბალი "მარჩის" უკანას ეძგერა, წითელი ბოლიდი ჰაერში ავარდა და ასიოდე მეტრი იფრინა, მერე კი ასფალტს ისეთი ძალით დაენარცხა, რომ უსაფრთხოების ღვედები დასკდა და კოკპიტიდან ამოსროლილი მრბოლი მოშორებით, დამცავ ბარიერზე დაეცა. ექიმმა ადგილზე ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, ათ წუთში კი ვერტმფრენით ლოვერნეს ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჟილს თავის ტვინისა და კისრის ისეთი მძიმე ტრავმები აღმოაჩნდა, რომ 7 საათში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. 32 წლის ვილნევის ცხედარი მეორე დღეს კანადის სამხედრო-საჰაერო ძალების სპეცრეისით სამშობლოში გადაასვენეს და ბერტივილში დაკრძალეს. ჟილის ქალიშვილმა, მელანიმ, იურისტის კარიერა აირჩია, ჟაკი კი, ამ საშინელი ტრაგედიის მიუხედავად, მამის პროფესიას გაჰყვა და 15 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონობაც მოიპოვა. ოღონდ, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |