"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

კლოდენის რომანდია

ლექსო მაისურაძე

ამ რამდენიმე დღის წინ შვეიცარიაში პროტურის სერიის რბოლა, ხუთეტაპა "რომანდიის ტური" დასრულდა. პირველობა ლუქსემბურგში დარეგისტრირებული ყაზახური ველოგუნდის, "ასტანას" გერმანელმა მრბოლმა ანდრეას კლოდენმა მოიპოვა, რომელმაც გენერალურ კლასიფიკაციაში 35 წამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ჩეხ რომან კროიციგერს, ვინც იტალიური "ლიქუიგასის" წევრია. მესამეზე კლოდენთან 43-წამიანი ჩამორჩენით ამერიკული "ჰაი როადის" იტალიელი მარკო პინოტი გავიდა.

"რომანდიის ტურის" დასრულებისთანავე გსშ-მ ველოსიპედისტთა საერთაშორისო კავშირიძ პროტურის სერიის ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა. კლასიფიკაციას სათავეში, კვლავაც იტალიელი დამიანო კუნეგო უდგას, ვისაც კვალში გერმანელი ანდრე გრეიპელი და ესპანელი ალბერტო კონტადორი მისდევენ. შვეიცარიაში გამარჯვების წყალობით ერთბაშად მეხუთე პოზიციაზე აინაცვლა კლოდენმა და ახლა იგი ლიდერს 19 ქულითღა ჩამორჩება.

ტოპ-ოცეულში ყველაზე მეტი, ხუთი წარმომადგენელი კვლავაც ესპანელებს ჰყავთ. იტალიელები მოწინავეთა შორის სამი მრბოლით იწონებენ თავს, გერმანელები, ბელგიელები და ფრანგები - ორ-ორით, ხოლო ჰოლანდია, ავსტრალია, ჩეხეთი, ლუქსემბურგი, შვეიცარია და რუსეთი თითო ველოსიპედისტით არიან წარმოდგენილნი.

გუნდებიდან ელიტაში ყველაზე მეტი, 4 მრბოლი ჰყავს ჰოლანდიურ "რაბობანკს". ორ-ორი ველოსიპედისტით იწონებენ თავს იტალიური "ლამპრე", "ასტანა", "ჰაი როადი" და ფრანგული "ფრანსაიზ დე ჟუ", ხოლო კიდევ რვა გუნდი თითო კაცით არის წარმოდგენილი.

ტანმოვარჯიშეთა გზები და გეგმები

საქართველოს სპორტულ ტანმოვარჯიშეთა ნაკრები შვეიცარიულ ლოზანაში, ევროპის ჩემპიონატზე წავიდა. შვეიცარიაში ორი ქართველი გამოვა - ილია გიორგაძე და დათო ნოზაძე. გიორგაძე მოსკოვში ვარჯიშობდა, ნოზაძე - თბილისში, ევროპის ჩემპიონატის წინ კი დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპი ორივემ 10 დღით სალონიკში გაიარა. ევროპირველობის მერე ტანმოვარჯიშეები მხოლოდ მსოფლიოს თასებზე გამოვლენ - 17-18 მაისს იაპონიაში, 21-22 ივნისს შვეიცარიაში, ბოლოს, ივნისის მიწურულს კი ესპანეთში.

მხატვრული ტანმოვარჯიშეებს რაც შეეხება, ისინი ივნისის შუა რიცხვებში იტალიის ქალაქ ტურინში ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ. ბატუტზე მხტომელ ლუბა გოლოვინასთვის კი სპეციალურად უკრაინაში მოეწყობა ერთი შეკრება. შემდეგ კი ქართველები პეკინის ოლიმპიადაზე გამოვლენ. შეგახსენებთ, რომ საპეკინო ლიცენზიები ილია გიორგაძეს და ლუბა გოლოვინას აქვთ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com