"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

ჯირომ და ვუელტამ ასტანას კარი გაუღეს

ლუქსემბურგში დარეგისტრირებული და ყაზახური ფულით შექმნილი ველოგუნდი "ასტანა" შარშანდელი დოპინგსკანდალების მთავარი "გმირი" იყო და ამიტომაც, დიდი ველოტურების - "ტურ დე ფრანსის", "ჯირო დიტალიასა" და "ვუელტა ესპანას" ორგანიზატორებმა წლეულს მოწვევაზე უარი უთხრეს. არადა, შარშანდელთან შედარებით, "ასტანაში" ძალზე ბევრი რამ შეიცვალა, გუნდის ხელმძღვანელობით დაწყებული და მრბოლებით დამთავრებული. კერძოდ, "ასტანას" სათავეში, აწ უკვე გაუქმებული, სახელგანთქმული ამერიკული ველოგუნდის, "დისქავერის" შეფი იოჰან ბრიუნელი მივიდა და მან თან თავისი საუკეთესო მრბოლები, შარშანდელი "ტურის" ჩემპიონი ალბერტო კონტადორი და მესამე პრიზიორი ლევი ლეიფემერი მიიყვანა, რომლებმაც დოპინგში გასვრილების, ალექსანდრ ვინოკუროვისა და ანდრეი კაშეჩკინის ადგილი დაიკავეს.

ისიც სათქმელია, რომ კონტადორს და ლეიფემერს "ასტანაში" თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლი ანდრეას კლოდენი დახვდათ და ისე გამოდიოდა, რომ ასეთი ხალხი ოდენ პროტურის სერიის რბოლების ამარა უნდა დარჩენილიყო.

სიტუაცია ამ რამდენიმე დღის წინ შეიცვალა: ჯერ იყო და, "ვუელტას" ორგანიზატორები მოლბნენ და "ასტანას" მიწვევა გაუგზავნეს, სულ ბოლო მომენტში კი ყაზახურ-ლუქსემბურგული გუნდის თავიანთ რბოლაში ხილვის სურვილი "ჯიროს" ორგანიზატორებმაც გამოთქვეს.

არადა, "ჯირო", უკვე ამ შაბათს იწყება პალერმოში და "ასტანა" ერთბაშად იქცა იტალიური სუპერრბოლის მთავარ ფავორიტად.

ესპანელებისა და იტალიელების ეს უცაბედი გადაწყვეტილება ალბათ იმით არის განპირობებული, რომ ველოსპორტის ქომაგთა თვალში "ვუელტა" და "ჯირო" ახლოსაც ვერ მიდიან დიად "ტურ დე ფრანსთან" და რადგანაც ნათელია, რომ ფრანგები "ასტანას" არაფრის დიდებით არ დაუშვებენ თავიანთ რბოლაში, "ვუელტასა" და "ჯიროს" ორგანიზატორებმა, სავარაუდოდ იფიქრეს, კონტადორის, კლოდენის, ლეიფემერის გამოსვლით ჩვენს რბოლებს მეტი პრესტიჟი მიეცემა და ესეც "ტურის" გზებზე ნასროლი ერთი ქვა იქნებაო.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com