"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

ამერმა ბორჯომში ფინალი მოითმინა

კობა ინასარიძე 

ბორჯომიდან

ჩამოხვალთ ბორჯომში და ნახავთ, რა დღეც იქ დაგადგეთო, ასეთი მუქარა ერთი და ორი არ ყოფილა საქართველოს თასის ნახევარფინალში "ამერი" - "ბორჯომის" პირველი შეხვედრისას... თუ გახსოვთ, მაშინ "ბორჯომის" ფორვარდი ჯუსი არბიტრმა ქომაგის შეურაცხყოფისთვის ნაადრევად დაითხოვა მოედნიდან და სტუმართა მხარდამჭერებიც ამან აღაშფოთა. ის მატჩი "ამერმა" 4:1 მოიგო და აგერ, საპასუხო შეხვედრის დროც დადგა.

ვერაფერს იტყვი, "ბორჯომის" ვაიქომაგებს მართლაც შესაშური მახსოვრობა ჰქონიათ და თბილისური მუქარა გუშინ "სისრულეშიც" მოიყვანეს. სტადიონზე მყოფთა ერთმა ჯგუფმა მსაჯებისა და სტუმარი გუნდის სიტყვიერი შეურაცხყოფა რომ არ იკმარა, მერე უკვე ძალისმიერ მეთოდებზე გადავიდა და... შესვენებაზე, როცა გუნდები მოედნიდან გასახდელის გზას მიუყვებოდნენ, ამბებიც მაშინ დატრიალდა.

ამერელებს გავეშებული ბრბოსთვის არანაირი ხურდა არ დაუბრუნებიათ, სამაგიეროდ კი "ამერის" მისამართით ნასროლი დოლი დავინახეთ. ამას ამერელთა მხარდამჭერები გამოექომაგნენ და ღმერთის ნება რომ არა, ვინ იცის, იქ უბედურება დატრიალებულიყო. პოლიციელები სტადიონზე კი იყვნენ, მაგრამ რატომღაც, საქმეში ისინი სასხვათაშორისოდ ჩაერივნენ, მოედანსა და ტრიბუნის გამყოფ მესერს იქით იყვნენ და, მოჩხუბართა გაშველებას იქიდან თუ ცდილობდნენ. სტუმრები კი ტრიბუნასა და იმ მესერს შუა მოექციათ და.. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა შესვენებისას, რასაც წესითა და რიგით შესაბამისი რეაქციაც უნდა მოჰყვეს.

თამაში კი... თავად განსაჯეთ, იმ ბიჭ-ბუჭობის გარდა, ბორჯომის სტადიონზე ნაღდი ქომაგებიც იყვნენ და მათ, ნამატჩევს, ამერელები ტაშიც გააცილეს, თბილისელებმა უფრო დაიმსახურეს და ფინალშიც ამიტომ არიან. სასურველი შედეგისთვის ცდა და მონდომება არც "ბორჯომის" ფეხბურთელებს დაუკლიათ, მაგრამ გუნდთან, რომელსაც ბორჯომში აქამდე არ მოეგო, ვერაფერს გახდა.

"ამერს" შარშან ამ დროს კარგი გაკვეთილი ბოლნისში "სიონმა" ჩაუტარა. მაშინაც თასის ნახევარფინალი იყო და "ყვითლებიც" საპასუხო მატჩის წინ ერთი შეხედვით სოლიდურ უპირატესობას ფლობდნენ - თბილისური შეხვედრა "ამერმა" 3:0 მოიგო, მაგრამ საპასუხოც 0:3 წააგო და დამატებით დროში სულიკო დავითაშვილის გოლი რომ არა, ეგებ უფინალოდაც დარჩენილიყო.

"ამერმა" ამჯერად ფოცხს ფეხი აღარ დააბიჯა და ბორჯომში ისეთი მობილიზებული ჩავიდა, სათამაშო დისციპლინა უშვერი გინების, შეურაცხყოფისა და უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავადაც არ დაურღვევია - ნაღდი კი არა, სტუმრებმა საკუთარ კართან მასპინძლებს ისე რა მომენტიც არ შეაქმევინეს.

გიორგი ჩიხრაძის შეგირდებმა საიმედოდ გადაკეტეს კარის მისადგომები და თამაშის დაწყებიდან შვიდ წუთში ორმატჩიანი სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს. ასე იყო: ბორჯომელმა ირაკლი ჩირიკაშვილმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც გიორგი დეკანოსიძემ იმარჯვა და ხიფათი თავით უკუაგდო. საპირისპირო კარისკენ ბურთი კობა შალამბერიძემ წაიღო, ვისაც დავითაშვილიც აჰყვა და ფლანგიდან შეუტია. პარალელურად კი გრიგოლ დოლიძეს ჰქონდა სისწრაფე აკრეფილი და მისი მისამართით დავითაშვილის უზუსტესმა პასმაც არ დააყოვნა - დოლიძის დარტყმული მეკარისთვის აუღებელი გამოდგა.

ბორჯომელთაგან ვაიქომაგნი ამ გოლის შემდეგ კიდევ უფრო დაიბოღმნენ და გინებაც მეტი ჟინით გააგრძელეს.

რამდენიმე წუთში კი "ბორჯომის" გოლიც ვნახეთ. მარცხენა ფლანგიდან გივი ჩხეტიანის ჩაწოდებულზე გიორგი მეგრელაძემ მეკარეს თავით დაასწრო - 1:1. მატჩში ანგარიში კი გათანაბრდა, მაგრამ ფინალისთვის "ბორჯომს" კიდევ ოთხი უნდა გაეტანა.

როგორც ვთქვით, "ბორჯომს" სტუმართა კართან მომენტი არც ჰქონია და შეტევისკენ მით უმეტეს, არც "ამერი" იწევდა.

შესვენებაზე ჩხუბი იყო, მწვრთნელებს კი შეცვლები არ გაუკეთებიათ.

მეორე ტაიმში ბურთს მასპინძლები აკონტროლებდნენ და ჯერ ფლანგებიდან, მერე შუიდან ცდილობდნენ ხეირს გამორჩენოდნენ - არაფერი გამოუვიდათ. მცველთა დეფიციტის პირობებში, რაკი "ამერს" გიორგი დავითნიძე და ლადო კაკაშვილი აკლდა, ცენტრალური მცველის პოზიციაზე მიხეილ მესხმა ითამაშა და შეიძლება ითქვას, უშეცდომოდაც - მან თითქმის ყველა ბრძოლა მოიგო და თენგიზ ჩიკვილაძესთან ერთად, შუიდან მეტოქე კარს არ გააკარა - ცხადია, "ამერს" ფლანგებიც გადაკეტილი ჰქონდა.

უშედეგო შეტევებში გართული "ბორჯომი" კი რევაზ გოცირიძეს შეეძლო დაესაჯა. შალამბერიძის მარცხნიდან პასსზე მხოლოდ ფეხის დახვედრებაც საკმარისი იქნებოდა გოლის გასატანად, მაგრამ რეზომ ბურთის გაჩერება ამჯობინა და მერე დაარტყა, რასაც მცველის თავგანწირული ნახტომი მოჰყვა, რომელმაც "ბორჯომი" იხსნა...

რამდენიმე წუთში ლადო ნადირაშვილის კარისკენ გიორგი გუგავამ დაარტყა, მაგრამ მეკარემ უშეცდომოდ ითამაშა...

მატჩი დამთავრდა და "ამერმა" ბორჯომში ისევ ვერ მოიგო, თუმც საქართველოს თასის ფინალში გასასვლელად ეს ანგარიშიც საკმარისი იყო.

მატჩის შემდეგ კი თბილისელებს ვითომქომაგების მეორე შეტევა ელოდათ. საამისო მცდელობა და აგრესიაც საკმაოდ უხამსი სიტყვებით გამოიხატებოდა, თუმც პოლიციამ სტუმრების უსაფრთხოება უზრუნველჰყო. სტადიონის შემოგარენს ეს ბიჭბუჭობა არ სცილდებოდა და ავტობუსის დალეწვის მცდელობაც იყო, მაგრამ ბორჯომის პოლიციამ გუნდი ქალაქს მშვიდობიანად გაარიდა.

აი, ასეთი უმძიმესი და რია-რიებით დატვირთული საპასუხო მატჩი გამოვიდა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com