"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

დინამომ გოლი და ზესტაფონი ფინალში გაუშვა

ნუკრი ლოლაძე 

ზესტაფონიდან

ამ გუნდების რამდენიმე დღის წინანდელ დაპირისპირებას 9 ათასი მაყურებელი დაესწრო და არც გუშინ ყოფილა ნაკლები. სანამ მატჩი დაიწყებოდა, გულშემატკივარი შოუმენმა ნიკა ქავთარაძემ "დაქოქა" და მასპინძელ ფეხბურთელებს ქომაგობა ბოლომდე არ მოჰკლებია.

მოგეხსენებათ, თბილისური მატჩი 1:1 დასრულდა და დინამოელებს სულ მცირე, ერთი ბურთის გატანა სჭირდებოდათ, თუმცა 90 წუთი ისე გაილია, რეალური შანსი არ მისცემიათ.

რამდენიმე დღის წინანდელი მატჩისგან განსხვავებით, "ზესტაფონი" შეტევაზე იყო დაგეშილი...

მასპინძლებმა მე-5 წუთზე გაიტანეს. ნიკა კვასხვაძემ და გიორგი ხიდეშელმა კუთხური გაითამაშეს, ხიდეშელმა მათე ვაწაძეს აუარა გვერდი და კარში დაარტყა. მეკარის სიახლოვეს მყოფმა პოლ კესანმა ბურთს ფეხი წაჰკრა და - გოლი. ზესტაფონელებმა იზეიმეს კიდეც, თუმც ლევან მიქელაძეს ალამი ჰქონდა აღმართული და გოლიც გაუქმდა.

მე-10 წუთზე კვასხვაძემ დაარტყა კარში, დიდიე ოვონომ ბურთი ვერ შეიმაგრა, 30-ე წუთზე დავით ოდიკაძემ ჯარიმა დაარტყა სახიფათოდ, ბურთი ერთ-ერთ ზესტაფონელს შეეხო და კუთხურზე გადავიდა, თუმც "დინამოს" არაფერი არ გამოუვიდა.

მეორე ტაიმი გაცილებით თვალსასეირო გამოდგა და "ზესტაფონმაც" იხეირა. თბილისელები ხელოვნურ თამაშგარეს აკეთებდნენ, გიორგი ხიდეშელმა მშვენიერი გადაცემით როინ ონიანი გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე და -1:0.

გოლის მერე კვასხვაძემ მარჯვენა ფრთიდან ჩააწოდა, იონანიძემ იბრძოლა, დაარტყა, მაგრამ გურამ კაშიამ ბურთს ფეხი მიარტყა და ავტოგოლისგან "დინამო" ძელმა იხსნა.

ბოლო წუთებში "დინამომ" ვითომ მოინდომა, მაგრამ...

მაშ ასე, "ზესტაფონი" ზედიზედ მეოთხედ გავიდა თასის ფინალში და როგორც ითქვა, 16 მაისს "ეროვნულზე" 10 ათას ზესტაფონელს უნდა ველოდოთ.

პრესკონფერენცია

დუშან უჰრინი: მეტოქეს ფინალში გასვლას ვულოცავ. დღეს "ზესტაფონი" უკეთესი იყო, ტრავმების და დისკვალიფიკაციის გამო რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდა. სპასოევიჩსა და ზელიჩს შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეთ. ნახევარდაცვაში ორი ახალი ფეხბურთელი ვათამაშეთ, თუმც თავდამსხმელები პასებით ვერ მოამარაგეს.

თემურ მახარაძე: მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ და მთელი ზესტაფონი გავახარეთ, ჩემმა ფეხბურთელებმა დღეს მაქსიმუმი გააკეთეს. საქმე პირველი მატჩის შედეგმაც გაგვიადვილა.

"ამერი" კარგი გუნდია და ღირსეული ფინალი იქნება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com