"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

ძოძუაშვილის ყაზახეთი მორჩა: ბალტია ერთი ქვეყანაა?

ილია ნანობაშვილი

ყარაგანდის "შახტიორში" ორიოდ კვირის წინ სამი ქართველი იყო - მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი და ფეხბურთელები, ლევან მელქაძე და ლაშა ნოზაძე. ახლა ერთიღა დარჩა: ნოზაძე. მელქაძემ ამასწინათ დატოვა კლუბი, გუშინ კი... დიახ, რევაზ ძოძუაშვილი ყაზახური კლუბიდან წავიდა.

"შახტიორი" კი სკანდალებშია. კლუბი "ოკჟეპტესის" მწვრთნელის მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულეს, რისთვისაც 6 თვით აუკრძალეს ფეხბურთში საქმიანობა და 600 ათასი ტენგეთიც დააჯარიმეს. ამას "შახტიორის" პრეზიდენტ გრიგოლ ლორიას აღშფოთება მოჰყვა, გუშინ კი ძოძუაშვილმა ჩაალაგა ბარგი.

ძოძუაშვილმა გამოსამშვიდობებელი ინტერვიუც მისცა ყაზახურ გაზეთს, რომელსაც მოკლედ გთავაზობთ:

- რატომ გადაწყვიტეთ "შახტიორიდან" წასვლა.

- შარშან ყველას დავპირდი, გუნდი სამეულში გავა და ევროთასებზე ითამაშებს-მეთქი. დაპირება შევასრულე, წლეულს კი გულშემატკივრებს ვუთხარი, რომ ჩემპიონობისთვის ყველაფერს გავაკეთებდი, თუმც სეზონი წარუმატებლად დამეწყო, ვერ ვიტანდით. წავიდა ორი წამყვანი თავდამსხმელი. სხვებს ტრავმები დაერიათ, მათ ნაცვლად ნაკრების ფეხბურთელები მოვიყვანეთ, მაგრამ დროულად შეთამაშების პრობლემამ წამოიწია. გულშემატკივრების მოტყუებას წასვლა ვარჩიე. ჩემი ნებით დავწერე განცხადება - ვფიქრობ, გუნდისთვის ასე უკეთესია.

- გუნდიდან რა შთაბეჭდილებებით მიდიხართ.

- თავაწეული მივდივარ. ჩემი ხელმძღვანელობით, "შახტიორმა" 12-წლიანი შესვენების შემდეგ მოიგო ბრინჯაოს მედლები. ჩემი ლანძღვის უფლება არავის აქვს. უბრალოდ, მწვრთნელისთვის არსებობს ნავსიანი წელიწადი და ასეთი მქონდა წლეულს.

- ყაზახეთის ჩემპიონატის დონეზეც გვითხარით.

- ვფიქრობ, საბჭოეთის დაშლის შემდეგ ლიდერთა ხუთეულში შედის - რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის და ბალტიისპირეთის შემდეგ.

- ყაზახური ფეხბურთის სკოლა ქართულისგან რით განსხვავდება.

- კლიმატით. როცა თქვენებური მოსწავლეები ჰოკეის თამაშობენ, ჩვენები ფეხბურთით ერთობიან. ამიტომაც, ქათრველები უფრო ტექნიკურები არია, ყაზახები კი - გამძლეები.

- კიდევ რას გაიხსენებთ ყაზახეთში გატარებული პერიოდიდან.

- აქ წელი გამიცივდა და ეს ტკივილი ხელს მიშლიდა მუშაობაში, განსაკუთრებით ჩემპიონატის სტარტზე. იქნებ ესეც ერთ-ერთი მიზეზია წლევანდელი წარუმატებლობისა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com