"სარბიელი"
# 103
პარასკევი, 8 მაისი, 2008 წელი

დორტმუნდმა ორი შავი გაათეთრა

ვაჟა ხუციშვილი

20 ოქტომბრის შემდეგ "ბოხუმს" შინ არ წაეგო და სამშაბათს "შალკემ" მარცხის გემო გაახსენა.

ეს იყო ზედიზედ მეორე მატჩი, რომელშიც ბოხუმელებმა გოლი ვერ გაიტანეს.

"შალკემ" წინა ტურში "ჰანოვერთან" ორი ქულა დაკარგა და გამარჯვება აუცილებლად სჭირდებოდა, რათა მეორე ადგილისთვის ბრძოლიდან არ გამოთიშულიყო. მასპინძლებს ბუნდესლიგიდან გავარდნა აღარ ემუქრებათ და თავს მოსაგებად ძალა მაინცდამაინც ვერ დაატანეს.

აღსანიშნავია, რომ "ბოხუმს" ამ სეზონში შინ მხოლოდ "ბაერნთან" ჰქონდა წაგებული.

ანგარიში ჯერალდ ასამოამ თავური დარტყმით გახსნა. ივან რაკიტიჩმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა, სტუმართა ფორვარდმა კი კარიდან გამოსული იან ლაშტუვკა მოძრაობაზე დაიჭირა.

მეორე გოლი ჰალილ ალთინთოფმა შექმნა: ცენტრის ხაზიდან იარა, საჯარიმოში შესულმა მეკარე გამოიტყუა და ბურთი გვერდით, რაკიტიჩს მიაწოდა, რომელმაც ცარიელ კარში შეაგორა.

მარსელო ბორდონმა კი სხვაობა სამამდე გაზარდა. მარჯვნიდან საჯარიმო შეასრულეს და "შალკეს" მცველმა შორეულ ძელთან ბურთს თავი საგოლედ დაუხვედრა.

"დორტმუნდმა" "შტუტგარტის" ძლევით ერთბაშად ორი შავი სერია შეწყვიტა: ბუნდესლიგაში მიჯრით ხუთ ტურში არ მოეგო, ეს გუნდი კი შინ 2002 წლის აქეთ არ დაემარცხებინა.

დორტმუნდელებმა ამ გამარჯვებით ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს, ხოლო "შტუტგარტი" წაგებამ საბოლოოდ დააშორა ჩემპიონთა ლიგის საგზურს და ახლა შვაბებმა იმაზე უნდა იზრუნონ, რომ უეფას თასიც გვერდზე არ დარჩეთ.

მასპინძელთა პირველი გოლი აუტს მოჰყვა. ბურთი ჯოვანი ფედერიკომ საჯარიმოს წინა ხაზთან მიიღო და ტინგას შეუყოლა, რომელმაც დაბალ კუთხეში გაიტანა.

მარიო გომესმა იშვიათი თავურით გაათანაბრა. ბურთი მისი მუხლის სიმაღლეზე ჩააწოდეს კარის წინ, მან კი დაიჩოქა და თავით შეაგდო.

ოთხ წუთში ალექსანდრ ფრაიმ კოხტად შესრულებული საჯარიმოთი "დორტმუნდი" ისევ დააწინაურა და მერე სხვაობა ორამდე გაზარდა, როცა ვალდესმა დასარტყმელად კარიდან ათ მეტრში დაუგორა.

მეკარესთან პირისპირ გასულმა გომესმა მეორე შეაგდო, მაგრამ გასათანაბრებლად "შტუტგარტს" დრო აღარ ეყო.

ჰანოვერში მარცხის შემდეგ როსტოკის "ჰანზას" ბუნდესლიგაში დარჩენის წერტილისოდენა შანსიღა დარჩა. გუნდმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია და ცალი ფეხით ქვედა ლიგაშია.

"ჰანოვერი" ჰანო ბალიტჩმა დააწინაურა - მეკარის მოგერიებულს დაამატა, მერე კი იან როზენტალმა დუბლი შეასრულა: ჯერ ფეხით გაიტანა, შემდეგ - თავით.

"კარლსრუემ" მიჯრით მეხუთე საშინაო მატჩში ვერ მოიგო, ამჯერად ქულა "კოტბუსს" გაატანა, რომელსაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქომაგობს. კოტბუსელებს კიდევ სამი ქულა სჭირდებათ საიმისოდ, რომ მომავალი სეზონი კვლავ ბუნდესლიგაში გაატარონ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com