|
|
"სარბიელი"
უიგანი მანჩესტერთან მოსაგებად იბრძოლებს
კოკი კანდელაკი
პრემიერლიგის ბოლო ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "უიგანს" სტუმრობს და მოგების შემთხვევაში, იმის მიუხედავად, თუ როგორ დამთავრდება "ჩელსისა" და "ბოლტონის" მატჩი, მეჩვიდმეტედ გახდება ინგლისის ჩემპიონი. "უიგანს" "მანჩესტერის" ყოფილი კაპიტანი სტივ ბრიუსი წვრთნის და პრესასა თუ კლუბებში ლაპარაკობენ, უიგანელები, რომლებიც, ფაქტობრივად, უმოტივაციოდ არიან, თავს არ მოიკლავენ და "წითელ ეშმაკებს" სამ ქულას დაუთმობენო. "პრესაში გავრცელებული ჭორები აბსოლუტურად უსაფუძვლოა. თუ გსურთ, თავად ფეხბურთელებს ჰკითხეთ, როგორი განწყობა აქვთ, ისინი მინდორზე ბოლომდე დაიხარჯებიან. თუ შევძლებთ "მანჩესტერის" დამარცხებას, ამას რა აჯობებს. ამ მატჩს ძალიან სერიოზულად ვუდგებით. "ჩელსის" ბანაკში რასაც უნდა ამბობდნენ, საკუთარ კედლებში ყოველთვის ნებისმიერი მეტოქის დასამარცხებლად ვთამაშობთ" - თქვა "უიგანის" პრეზიდენტმა დეივ უილანმა. "უიგანელები პრემიერლიგაში თავის საქმეს პატიოსნად გააკეთებენ. ისინი მინდორზე "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხების სურვილით გავლენ. ჩვენ მთელი სეზონი თავდაუზოგავად ვშრომობდით და ვიბრძოდით. ამიტომ, გული ძალიან დაგვწყდება, თუ "უიგანი" უნიათოდ ითამაშებს" - ეს კი ორშაბათს, "ნიუკასლთან" მოგებული თამაშის მერე, "ჩელსის" კაპიტნის ჯონ ტერის სიტყვებია. ამავდროულად, გრძელდება მითქმა-მოთქმა, რომ "წითელი ეშმაკების" მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ორი უიგანელითაა დაინტერესებული - ვილსონ პალასიოსითა და ლუის ვალენსიათი. ინგლისურ ჟურნალ-გაზეთებს სანდო წყაროებიდან გაუგიათ, რომ "უიგანი" პალასიოსში 8 მილიონ გირვანქას ითხოვს. ისე კი, ბრიუსს მისი გაშვება არ სდომებია, მაგრამ, როცა ფეხბურთელით "მანჩესტერის" დარი კლუბი ინტერესდება, მისი შენარჩუნება ძნელია. ვალენსიის ნაცვლად კი, ფერგიუსონი მზად არის, ფულთან ერთად, ლუი სააც დათმოს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |