|
|
"სარბიელი"
კაკა მესის სიამოვნებით უყურებს
კოკი კანდელაკი
"მილანის" ბრაზილიელმა ლიდერმა კაკამ განაცხადა, თუ რონალდიონიოს არ ვყიდულობთ, "ბარსელონას" მეორე ვარსკვლავი ლიონელ მესი შევიძინოთო. მოგეხსენებათ, ახლად მომჯობინებული არგენტინელი ჩინებულ ფორმაშია, მაგრამ კატალონიელები მის გაშვებას არ აპირებენ. სხვათა შორის, აქამდე უკვე საუბრობდნენ "სან სიროზე" მესის შესაძლო გადაბარგებაზე, მაგრამ აქამდე მას მხოლოდ "მილანის" თანაქალაქელ "ინტერს" უკავშირებდნენ. "ადრიანო გალიანიმ სატრანსფერო საქმეები რომ გადმომაბაროს, მესის ვიყიდი. ლეო ის ფეხბურთელია, ვისი თამაშის ყურებაც სიამოვნებას მანიჭებს. მას თამაშის ბედის გადაწყვეტა ურთულეს ვითარებაშიც შეუძლია. ერთი ფეხბურთელის ყიდვის უფლება რომ მქონდეს, ეს მესი იქნებოდა. შეგვიძლია თუ არა ერთად თამაში. რასაკვირველია. შემიძლია მესისაც შევეწყო, რონალდინიოსაც, ალეშანდრე პატოსაც და პიპო ინძაგისაც. ეს ელემენტარული შეთამაშების ამბავია. წესიერებითა და რელიგიურობით ცნობილ კაკას, მის თანაკლუბელ და თანამემამულე რონალდოზეც ჰკითხეს, რომელიც ტრანსვესტიტებთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა. "ვეცადე, მისთვის დამერეკა, მაგრამ რონი ახლა არცთუ კარგ გუნებაზეა, მას რთული პერიოდი აქვს. მას პატივს ვცემ და მინდა, მხარში ამოვუდგე ნებისმიერ სიტუაციაში. რონალდო შესანიშნავი ადამიანია, ეს ყველამ იცის, ვინც იცნობს. უშეცდომო არავინაა, მე რონალდოს განსჯას არ ვაპირებ, თავის საქციელზე ისედაც ის არის სრულად პასუხისმგებელი" - დასძინა კაკამ. ამავდროულად, "როსონერის" ასევე ბრაზილიელი ვარსკვლავი პატო ოლიმპიადაზე ოცნებას ვერ ელევა. თუმცა ითამაშებს თუ არა "იხვი" პეკინში, ძნელი სათქმელია, მით უმეტეს, რომ ჩინეთის ოლიმპიადა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ემთხვევა. "სამწუხარო იქნება ჩემპიონთა ლიგის მატჩების გამოტოვება, რადგან ორივე ფრონტზე სიამოვნებით ვიბრძოლებდი. ჯერ არ ვიცი, მიმიწვევენ თუ არა ოლიმპიადაზე სათამაშოდ, მაგრამ ამის იმედი მაქვს. ჩინეთში წასვლა მინდა. ოლიმპიადის ოქროს მედალი ბრაზილიას არასოდეს მოუგია და თუ ამას შევძლებთ, ისტორიული მიღწევა იქნება" - აღნიშნა პატომ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |