|
|
"სარბიელი"
კრაუჩის სასიკეთოდ
პაპუნა კედია
"ლივერპულის" თავკაცმა რაფა ბენიტესმა მისი გუნდისა და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელს, პიტერ კრაუჩს ფასი დაადო - 15 მილიონი გირვანქა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტანმაღალ მეგოლეს ამ ზაფხულს შეუძლია, მერსისაიდიდან წავიდეს. პიტერ კრაუჩი "ლივერპულში" 2005 წელს "საუთჰემპტონიდან" გადავიდა. ბოლო ხანს ინგლისელ ფორვარდს ბენიტესის თეთრმეტეულში მოხვედრა ძალიან უჭირდა. "კრაუჩი კარგი ფეხბურთელი და ნამდვილი პროფესიონალია. გასაკვირი არ არის, რომ მას ყოველ ტურში მოედანზე სურს ყოფნა. ჩვენთვის ცნობილია, რომ მისი შეძენა "პორტსმუთსა" და კიდევ რამდენიმე კლუბს სურს. ამის შესახებ ამ კლუბებმა გაზეთებში არაერთხელ დაწერეს, მაგრამ "ლივერპულის" ოფისში რომელიმე მათგანიდან ოფიციალური წინადადება ჯერ არ მოსულა. თუკი კრაუჩს მყიდველი გამოუჩნდება, შემოთავაზებას აუცილებლად განვიხილავთ, რადგან ამ ფეხბურთელს მხოლოდ სიკეთეს ვუსურვებ და ვფიქრობ, რომ 15 მილიონი გირვანქა მისი შესაფერისი ფასია". პიტერ კრაუჩმა, რომელსაც ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 26 თამაშში 14 გოლი აქვს გატანილი, მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის სულ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ბენიტესმა ისიც თქვა, რომ სეზონის დამთავრების შემდეგ ავსტრალიელ ჰარი კიუელს გაუშვებს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |