"სარბიელი"
# 105
შაბათი, 10 მაისი, 2008 წელი

ინგლისი: 2 მილიონ 100 ათასი

ვაჟა ხუციშვილი

"მანჩესტერს" ჩემპიონობამდე მოგებაღა უკლია და ალბათ დაამარცხებს კიდეც "უიგანს", რომელთანაც პრემიერლიგაში სულ ექვსჯერ უთამაშია და ექვსჯერვე უქულოდ დაუტოვებია.

რა თქმა უნდა, დიდი ამბავია ატეხილი ამ მატჩის გარშემო, რადგან "უიგანს" "მანჩესტერის" ყოფილი (1987-96) ფეხბურთელი სტივ ბრიუსი თავკაცობს. რასაკვირველია, ინგლისშიც არიან ისეთები, რომლებიც იტყვიან, რომ მასპინძლები მოსაგებად თავს არ მოიკლავენ, მაგრამ ჭორებით გაბეზრებულმა და გაბრაზებულმა კლუბის პატრონმა დეივ ველანმა მსგავ მოსაზრებებს სისულელე უწოდა.

სტივ ბრიუსმა ისიც უთხრა ჟურნალისტებს, გუნდი მეთორმეტე ადგილზე გასვლისთვის 2 მილიონ 100 ათასი გირვანქით მეტს მიიღებს, ვიდრე მეთხუთმეტე საფეხურისთვის და მხოლოდ ამისთვის ღირს მოგებაო.

რაც უნდა თქვან, "მანჩესტერი" "უიგანზე" აშკარად ძლიერია და თუ მოიგებს, სასწაული არ იქნება. აქვე ვთქვათ, რომ უიგანელები ბოლო ხუთ ტურში არ დამარცხებულან.

მასპინძლებს მარიო მელხიოტი, კევინ კილბეინი და ერიკ ედმანი დააკლდებათ, ხოლო სტუმრებს დისკავლიფიცირებული ნანი ვერ დაეხმარება. ნემანია ვიდიჩი გამოკეთდა, უეინ რუნის თამაში კი საეჭვოა.

"ჩელსი" იმ იმედით დაუხვდება "ბოლტონს", რომ "უიგანი" ქულას მაინც წაჰგლეჯს "მანჩესტერს", თვითონ კი დაამარცხებს მეტოქეს და ჩემპიონის გვირგვინს დაიდგამს.

მოკლედ, პრემიერლიგის ისტორიაში ჩემპიონი ბოლო ტურში პირველად გაირკვევა.

გაირკვევა ისიც, თუ ვინ დაიწყებს "დერბის" გარდა მომავალ სეზონს ქვედა დივიზიონში. გავარდნის მთავარი კანდიდატია ალექს მაკლიშის "ბირმინგემი", რომელიც "ბლექბერნს" უმასპინძლებს.

მაკლიშის გუნდმა აუცილებლად უნდა მოიგოს და ამასთან, "ფულემმა" და "რედინგმა" ქულაზე მეტი ვერ უნდა აიღონ. მხოლოდ ამ შემთხვევაში დარჩება "ბირმინგემი" პრემიერლიგაში.

დამხვდურებს, შესაძლოა, ჯეიმს მაკფადენი და ლაიამ რიჯუელი დააკლდნენ, "ბლექბერნს" კი ტრავმამოშუშებული ბენი მაკარტი დაუბრუნდება.

"რედინგს" დერბიში მოგება არ ეყოფა ელიტაში დასარჩენად, თუ პორტსმუთში "ფულემიც" სამ ქულას აიღებს. ფულემელები კი სხვათა შედეგებზე დამოკიდებულნი არ არიან და "პორტსმუთთან" თუ მოიგებენ, პრემიერლიგაში ადგილს დაიბევებენ, ოღონდ ეგაა, ამ საპორტო ქალაქიდან 2000 წლის მერე სამი ქულით ხელდამშვენებულნი აღარ წასულან.

მოკლედ, ვითარება ჩახლართულია და ხვალინდელი ტური ყველას თავის ადგილ მიუჩენს.

სამ წელზე მეტია, "ტოტენჰემს" შინ "ლივერპული" არ დაუმარცხებია და ეგებ ხვალ მოახერხოს ნავსის გატეხვა და სეზონის გემრიელად დასრულება.

ლონდონელებს მეკარე პოლ რობინსონი, გარეთ ბეილი და ლედლი კინგი ჰყავთ ტრავმირებული, დიმიტარ ბერბატოვი კი გამოკეთდა.

რაფელ ბენიტესმა, შესაძლოა, ახალგაზრდები ათამაშოს. ესპანელმა საამმატჩოდ დამიენ პლესისს და ემილიანო ინსუას უხმო. ძირითად შემადგენლობაში იქნებიან პიტერ კრაუჩი, იონ არნე რიისე და ჯერმეინ პენანტი.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com