"სარბიელი"
# 105
შაბათი, 10 მაისი, 2008 წელი

კაიზერ ტონი

ჯეიმს ჰორნკასლი

ლუკა ტონი, რომელმაც დაბალი ლიგებიდან ნელ-ნელა გაიკვალა გზა მწვერვალისკენ, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია, თუ საუკეთესო არა.

ჯეიმს ჰორნკასლი საკუთარ ჩანახატში აღფრთოვანებას ვერ მალავს ამ ფიზიკურად საოცრად ძლიერ და კეთილი მოჩვენებასავით მომღიმარი ფეხბურთელის თამაშზე

ეშმაკის მთავარი სიცბიერე იმაშია, რომ მან ყველა დაარწმუნა თავის არარსებობაში, ამბობს კევინ სპეისის გმირი კაიზერ სუზე 1995 წლის ცნობილ ფილმში - "ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები". ლუკა ტონიმ ზუსტად ასე გააკეთა. პროფესიული კარიერის 14 წლიდან 7 მას სერია ი-სა და ს1-ში აქვს გატარებული, "ფიორენცუოლასა" და "ლოდიჯანის" დარ კლუბებში.

მისმა ძველმა მენტორმა ალბერტო კავაზინმა აყლაყუდა, ფიზიკურად ძლიერ ფორვარდზე თქვა: "ახალგაზრდულ დონეზე ფიზიკური მონაცემები ტონის დაეხმარა, დიდ ფეხბურთში კი პირიქით". ლუკას სკოლაში "ტორტელინოს" ("ტორტელი" იტალიური პელმენის ერთ-ერთი სახეობაა) ეძახდნენ. მისი დიდი, მომრგვალო ფიგურა, საჭმლით სავსე ბურთის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მართალია, მან სერია ფ-ში თავისი პირველი გოლი 2000 წელს გაიტანა, როცა 23 წლის გახლდათ, მაგრამ რეალურად მაშინ გავიცანით, როცა 2003 წელს ეს მძიმეწონოსანი გოლეადორი "პალერმოში" გადავიდა.

გასულ კვირას, 30 წლის თავდამსხმელი პირველად გახდა გერმანიის ჩემპიონი. ეს უკვე მისი მესამე ტიტულია წინა ზაფხულს "ფიორენტინადან" "ბაიერნში" გადასვლის მერე. მიმდინარე სეზონში მას უკვე 39 გოლი აქვს გატანილი, საკლუბო და სანაკრებო დონის ჩათვლით, ანუ ბოლო 5 სეზონში სულ 148.

"ვიჩენცასა" და "ბრეშას" ყოფილი ფეხბურთელი, ბევრის აზრით, ბოლო პერიოდში პლანეტის საუკეთესო ცენტფორვარდია. "ბაიერნის" ფანები მას ლეგენდარულ გერმანელ გერდ მიულერს ადარებენ. ტონი მეტოქის საჯარიმო მოედანში მოჩვენებასავით მოძრაობს, ასევე შეუმჩნევლად ურტყამს, ხოლო გოლებს ისეთი ღიმილით აღნიშნავს, რომელიც ძალიან ჰგავს ცნობილი ანიმაციური პერსონაჟის, კეთილი მოჩვენების კასპერის ღიმილს, თან ყურთან ხელი მიაქვს, რომელსაც ატრიალებს, თითქოს კითხულობდეს - გაიგონეთ რამე.

ტონის ყურება, თუ როგორ იზრდებოდა იგი წლიდან წლამდე, ერთ სიამოვნებად ღირდა. მით უმეტეს, რომ ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, რომელიც მომენტალურად ჩამოყალიბებულ ტალანტებს ეძებს და იღებს, ეტაპობრივად განვითარებად ნიჭს კი ალმაცერად უყურებს. თუ იტალიური საწვრთნელი სისტემის ქებას დავიწყებთ, უპირველესად ის უნდა ვთქვათ, რომ მათ არ უყვართ ნიჭიერი მოთამაშეების ნაადრევად გაღმერთება და უფრთხილდებიან მათ. სავარაუდოდ, ინგლისში ტონისნაირ განვითარებად ფეხბურთელს ბევრი შანსი არ ექნებოდა.

ხალხი ტონის სხვანაირად უყურებს და აფასებს - არა ისე, როგორც სხვა თანამედროვე ფეხბურთელებს. მაგალითად, როგორც კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის, რომლებიც ჩემპიონებად დაიბადნენ. ყველას ესმის, რომ ტონიმ ბევრი იმუშავა იმისთვის, რათა ესწავლა, თუ როდის, სად უნდა გაქცეულიყო და შესაძლებლობები საუკეთესოდ როგორ გამოევლინა. ფანები ამას ძალიან აფასებენ, ყოველდღიურ შრომას ყველა ხედავს და პატივს სცემს. ადამიანების უმეტესობა ხომ ასეთივე ყოველდღიურად მშრომელია.

სწორედ ამიტომ უყვართ ლუკა გულშემატკივრებს, მიუხედავად იმისა, რომ ორ წელზე მეტი არცერთ გუნდში არ გაჩერებულა, იმ ათიდან, სადაც კი უთამაშია. ეს მოგზაური ფორვარდი, რომელმაც 29 წლის ასაკში მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და "ოქროს ბუცი", გახდა მხოლოდ მეშვიდე მოთამაშე სერია ფ-ს ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში 30 გოლზე მეტი გაიტანა და "ფიორენტინას" რეკორდსმენიც შეიქნა.

ფლორენციასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ადამიანს, ნიკოლო მაკიაველის სჯეროდა, რომ შეუძლებელია, ერთდროულად უყვარდე და შენი ეშინოდეთ კიდეც. თუმცა ლუკა ტონი საპირისპიროს ამტკიცებს და ალბათ კიდევ დიდ ხანს დაამტკიცებს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com