|
|
"სარბიელი"
ვის უნდა 50 000 ? კოკაია მტკიცებულებებში დიდ ფულს იხდის
კობა ინასარიძე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოპოზიციური ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ყიფიანმა "ზესტაფონი" - "დინამოს" თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის ტელევიზიით ნახვის შემდეგ ასეთი რამ თქვა: "პროფესიული ფეხბურთის ლიგას მივმართავ, რათა საქართველოს თასს მამაჩემის სახელი მოაცილონ! ამ მოთხოვნის მიზეზი ის არის, რომ თასის გათამაშებაში, რომელიც მამაჩემის სახელს ატარებს, გარიგებული მატჩები ტარდება. არის ლაპარაკი და დიდი ეჭვები, რომ "ზესტაფონი" - "დინამო" გარიგებული იყო. ფაქტები არ მაქვს, მაგრამ ტელევიზიით ყველაფერი ნათლად ჩანდა". დაგვეთანხმებით, ყიფიანმა ფრიად საყურადღებო განცხადება გააკეთა, რასაც ყურიდან ყურში გატარება არ ეგების და სწორედ ამიტომ გუშინ ამ კლუბების ხელმძღვანელებს დავუკავშირდით...
ილია კოკაია, "ზესტაფონის" პრეზიდენტი: ბუბა ტყავაძე: ეს აბსურდია!
- ფეხბურთის ფედერაციის სათავეში მოსვლის იდეით ეგზალტირებული ლევან ყიფიანის ამგვარ უაზრო განცხადებაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მისი ნათქვამი არანორმალურია... - თუმცა, ფაქტია ყიფიანს ეჭვი აქვს, რომ "ზესტაფონი" - "დინამო" გარიგებული იყო... - ყიფიანმა თუ ეს თავისი ორგანიზაციის სახელით თქვა, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ საამისო მტკიცებულებებს და თუ გარიგება დადასტურდება, მზად ვარ, ფინალში გასული ჩემი გუნდი ფინალიდან მოვხსნა. ხოლო თუ ეს განცხადება ყიფიანმა მხოლოდ თავისი სახელით გააკეთა, მეტი რომ არ ვთქვა, გულწრფელობასთან მწყრალად ყოფილა. - ის ითხოვს, რომ თასის გათამაშებას პროფლიგამ დავით ყიფიანის სახელი ჩამოაშოროს... - ლევან ყიფიანს არ აქვს დავით ყიფიანის სახელით მანიპულირების უფლება. თავის დროზე, როცა საქართველოს თასს დავით ყიფიანის სახელი ეწოდა, ამის თაობაზე მისთვის არავის არაფერი უკითხავს და ახლაც არავინ ჰკითხავს, მოაშორებენ თუ არა თასს დავით ყიფიანის სახელს. - როგორ ფიქრობთ, რამ მისცა ლევან ყიფიანს მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველი. - ეს მას ჰკითხეთ, თავად კი ამ განცხადებას უპასუხისმგებლოს ვუწოდებდი. და მაინც, ერთსაც გეტყვით: მას, ვინც ილია კოკაიას "ზესტაფონი" - "დინამოს" მატჩის სიბინძურეში დაარწმუნებს და შესაბამის მტკიცებულებებს მისცემს, მზად ვარ 50 ათასი დოლარი გადავუხადო. დამაჯერეთ, რომ მატჩი გარიგებული იყო და 50 ათასს ვიხდი! - დარწმუნებული ხართ, რომ მტკიცებულების წარმომდგენი არავინ არის. - ვიმეორებ, დამარწმუნეთ, რომ "ზესტაფონს" "დინამოსთან" სუფთად არ უთამაშია და 50 ათასს ვიხდი! ბუბა ტყავაძე, "დინამოს" მმართველი დირექტორი: - ასეთი განცხადების საფუძველი რამ მისცა ლევან ყიფიანს, სჯობს, ეს თავად თქვას. ჩემთვის უფრო ისაა საინტერესო, თუ რატომ გავრცელდა ასეთი ინფორმაცია. ეს არის აბსურდი, უაზრობა და სრული სისულელე. კარგი იქნება, თუ ლევან ყიფიანი მსგავს განცხადებას ოფიციალურ სახეს მისცემს. მაშინ უკვე საქმეში კლუბიც ჩაერთვება და ამ საქმით ყველა დაინტერესებულ ორგანოსთან თუ პიროვნებასთან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. "ზესტაფონი" - "დინამოს" გარიგება თუ დადასტურდება, მოვითხოვთ, რომ ამის გამკეთებელი უმკაცრესად დაისაჯოს. ხოლო თუ ასე არ იქნება და ყველანაირი ეჭვი და ვერსია გაქარწყალდება, "დინამო" თავისი ღირსებისთვის ბოლომდე იბრძოლებს და ცილისწამებასთან დაკავშირებით თავის პოზიციას დააფიქსირებს. - პრესით გაკეთებული ყიფიანის ეს განცხადება საკმარისი არ არის. - თუ ის ამის თაობაზე ოფიციალურად განაცხადებს და პროფლიგას მიმართავს, უნდა დაიწყოს გამოძიება, ყველაფერი ბოლომდე გამოიკვლიონ და დასასჯელი უმკაცრესად დაისაჯოს. - ანუ ახლა ყიფიანის ოფიციალურ განცხადებას ელით. - არა, არაფერს ველი. თუ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას, ჩვენც მაშინვე ვუპასუხებთ. - ლევან ყიფიანი ითხოვს, თასის გათამაშებას მამაჩემის სახელი მოაშორეთო... - შვილს, ცხადია, შეუძლია მსგავსი რამ თქვას, თუმცა არის მეორე მხარეც - დავით ყიფიანის სახელი მთელ ქვეყანას ეკუთვნის და თუ თასისთვის დავით ყიფიანის სახელის მოშორებაზეა ლაპარაკი, ეს საერთო განსჯის საგანი უნდა იყოს. როცა რაიმე მოსაზრება გამოითქმება, რა თქმა უნდა, ამის თაობაზე მსჯელობა შეიძლება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |