|
|
"სარბიელი"
ისევ რომა და ინტერი
გიორგი კაკაბაძე
პირველი მატჩის 1:0 მოგების მერე "რომა" გადახალისებული შემადგენლობით ეწვია "კატანიას" და ფრედ ეთამაშა - 1:1. ეს იმას ნიშნავს, რომ იტალიის თასის ფინალში, რომელიც 24 მაისს გაიმართება, მიჯრით მეოთხედ შეხვდებიან ერთმანეთს "ინტერი" და "რომა". თასზე "კატანია" ასე შორს არასდროს გასულა და სიცილიელებს იმედი ჰქონდათ, რომ კიდევ ერთ სენსაციას გამოაცხობდნენ, მაგრამ, მიუხედავად მცდელობისა, არაფერი გამოუვიდათ. 27-ე წუთზე მირკო ვუჩინიჩის ჩაწოდებისას კრისტიან სილვესტრიმ ხელით ითამაშა და მორგანტიმ პენალტი დანიშნა, რომელიც ალბერტო აკვილანიმ ზუსტად შეასრულა. "ელეფანტის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდი არ გატყდა და მალევე შეძლო გათანაბრება. ჯუზეპე მასკარას პასით თავი იმავე სილვესტრიმ გამოიჩინა და თავისი შეცდომა გამოასწორა. შესვენებამდე თითო მწვავე ეპიზოდი ორივე გუნდს ჰქონდა. მეორე ტაიმში კი უკეთ "რომა" გამოიყურებოდა. ასეა თუ ისე, მეტი გოლი აღარ გასულა და "გლადიატორები" დამსახურებულად გავიდნენ ფინალში. "გასულ უქმეებზე "რეჯინასთან" წაგებამ ბიჭებზე ცუდად იმოქმედა. მართალია, ისინი მაინც ყველანაირად ეცადნენ, მაგრამ ერთზე მეტი გოლი ვერ გაიტანეს. ვწუხვართ, ფინალში გასვლა ძალიან გვინდოდა, მაგრამ "რომასთან" 1:1-იც არ არის ცუდი შედეგი. მთავარია, ფეხბურთელები ყოველთვის მოტივირებულნი არიან და ბოლომდე იხარჯებიან. უბრალოდ, ხან გვიმართლებს, ხან - არა. ახლა მთელ ყურადღებას სერია ფ-ში დარჩენილ ორ ტურზე გადავიტანთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, უმაღლეს ლიგაში დარჩენა უნდა შევძლოთ" - თქვა "კატანიას" მწვრთნელმა ვალტერ ძენგამ. "რომას" თავკაცი ლუჩანო სპალეტი: "ზედიზედ მეოთხედ გავედით თასის ფინალში, რაც დიდი მიღწევაა. გვიხარია, რომ 24 მაისს "ინტერთან" საკუთარ მოედანზე, ჩვენი ფანების თვალწინ ვითამაშებთ. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, თუ როგორ შრომობენ ფეხბურთელები. "კატანია" პერიოდულად ძალიან სახიფათო იყო და მშვენიერი გოლიც გაგვიტანა, მაგრამ ჩვენი საქმე კარგად გავაკეთეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ". დაბოლოს, რამდენიმე თვით ტრავმირებული "რომას" კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი 12 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ამის მიზეზი არცთუ დიდიხ ნის წინ გამოთქმული კომენტარებია - მსაჯები "ინტერის" სასარგებლოდ უცნაურ შეცდომებს უშვებენ და მილანელებს დამატებით ეხმარებიან, აქ რაღაც საეჭვოაო.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |