|
|
"სარბიელი"
ფიესტა ერთ ნაბიჯზე
ლადო ხომერიკი
12 წელიწადია, მადრიდის "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგაში არ ყოფილა და ახლა სანუკვარი მიზანი ხელიდან ალბათ ვეღარ გაუსხლტება. "ესპანიოლთან" გამარჯვების შემდეგ "ათლეტებმა" ცრილში პოზიციები გაიმყარეს და თუ ამ გუნდმა დარჩენილ ორ შეხვედრაში თავი არ შეირცხვინა, სხვა მატჩებში რაც მოხდება, მის სალიგო ბედზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. "ატლეტიკო" "მონჟუიკზე" თავიდანვე საბრძოლოდ შემართული გავიდა. მადრიდელებმა იცოდნენ, რის მისაღწევადაც უნდა ებრძოლათ და ბარსელონაში მათი გუნდი "ვალიადოლიდთან" და "ხეტაფესთან" ამასწინანდელ ომებში მიჩქმალულ შემადგენლობას აშკარად სჯობდა. სახიფათო სიტუაციებიც პირველად სტუმრებმა შექმნეს, სერხიო "კუნ" აგერომ "ესპანიოლის" მეკარე ლაფუენტეს სიფხიზლე შეამოწმა, ხოლო მასპინძელთა მცველმა საბალეტამ ბარსელონელები აშკარა გოლს გადაარჩინა. გუნდის დაწინაურება ვერ მოახერხა მაქსიმ, რომელმაც ლუის გარსიას შესანიშნავ პასს ვერ მიუსწრო. თუმცა 27-ე წუთზე, პაბლოს დარტყმის შემდეგ, ბურთთან ყველაზე ახლოს აგერო აღმოჩნდა, ვისაც ამ შეხვედრაში "ათლეტთაგან" პირველი გოლის ავტორობის პატივი ერგო. თუმცა მადრიდელები ამით არ დაკმაყოფილდნენ და 4 წუთში თეთრ-ალისფერი ინჩადა კიდევ ერთხელ გაახარეს. ლაფუენტემ ბურთი მუშტებით უხეიროდ მოიგერია და საგოლედ ჩასაფრებულმა დიეგო ფორლანმაც თავისი შანსი არ გაანიავა. მეორე გოლმა "ესპანიოლი", გამოფხიზლების ნაცვლად, ბრინჯივით დააბნია და ბედი ლუის გარსიასა და მაქსის მიმართ უფრო მოწყალე რომ ყოფილიყო, "თუთიყუშები" შესვენებაზე მთლად კარამოტენილები გავიდოდნენ. ტაიმთაშორისი "ესპანიოლს" მხსნელად მოევლინა. თამაშის მეორე ნახევარში მეტოქენი თითქოს ერთმანეთს შეუთანხმდნენ - "ესპანიოლი" ბურთს აკონტროლებს და ცდილობს, მადრიდელი მოიერიშეებისგან მეტჯერ აღარ დაისაჯოს, "ატლეტიკო" კი ფიქრით უკვე "დეპორტივოსთან" მატჩს უტრიალებს (იმ შეხვედრაში 3 ქულა თუ მოიპოვა, აგირეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გავა) და შეტევაში ძველებურად აღარ ირჯება. ისე, აგეროსა და ფორლანს წყვილი გოლის შეგდება მეორე ტაიმშიც შეეძლოთ, მაქსიმ კი ბურთი ლაფუენტეს კარის ძელს შეაწყვიტა. რომ გასულიყო, ფრიად ლამაზი გოლი იქნებოდა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |