|
|
"სარბიელი"
ესპანეთი: ანდალუზია ცეცხლში
საამსეზონო პრიმერას ბოლოსწინა ტურის უმთავრესი ჯახი "რუის დე ლოპერაზე" გაიმართება, სადაც საჩემპიონთალიგო ოთხეულში დამკვიდრების მსურველი "სევილია" დაუძინებელ მტერ "ბეტისს" შეებრძოლება. "ვიცით, რომ "ბეტისი" ყველანაირად ეცდება, დაგვამარცხოს, ლიგის მიღმა დაგვტოვოს და ამით თავის კამპანიას მეტ-ნაკლებად იღბლიანის ელფერი მისცეს. თუმცა ეს "მწვანეებს" საკუთარ მოედანზეც კი უკიდურესად გაუჭირდებათ. "დე ლოპერაზე" ხალხი საშიშ "სევილიას" ნახავს" - დაემუქრა მეტოქეს "სევილიას" არგენტინელი მცველი ფედერიკო ფასიო. ამ მატჩისთვის სტუმართა რიგებს გამოჯანმრთელებული სეიდუ კეიტა უბრუნდება. მალელს ტრავმა აწუხებდა, "რასინგთან" ვერ ითამაშა, მაგრამ, საექიმო შტაბის განცხადებით, ანდალუზიურ დერბის არ დააკლდება. ალბათ ვერ ითამაშებს ფრანგი უკანახაზელი ჟულიენ ესკუდე, რომელმაც ტრავმის ბოლომდე მორჩენა ჯერ ვერ შეძლო. "ბეტისს" უფრო სერიოზული საფიქრალი აქვს. "რუის დე ლოპერაზე" გუნდის 4 მთავარმეგოლედან სამის - ედუს, პავონისა და სობისის - ბურთაობა საეჭვოა. ასევე ტრავმირებულნი არიან დავიდ რივასი და სლოვენიელი ბრანკო ილიჩი. "ვალიადოლიდს" "ხეტაფესთან" მატჩში ალბათ ნიგერიელი ფორვარდი ოგბეჩე გამოაკლდება. აფრიკელი "ბეტისთან" წინა ტურის შეხვედრაში დაშავდა. "ხეტაფემ" კი, მშობლიურ "კოლიზეუმზე" გამარჯვება 52-დღიანი შავბნელი პერიოდის შედმეგ იზეიმა (ლაუდრუპის ბიჭებმა "ალმერია" დაამარცხეს) და ძნელი სავარაუდოა, მადრიდელებმა ისევ კრიზისში ჩაძირვა ისურვონ. "ხეტაფესგან" ძლეული "ალმერია" 37-ე ტურში "უელვას" მასპინძლობს, რომელსაც "ხუეგოს მედიტერანეოსზე" ტრავმირებული ფორვარდი ხავი გერერო ვერ ჩამოჰყვება. თუმცა უელველთა ერსენმა და კარლუშ მარტინშმა სატკივარი მოირჩინეს და, წესით, თამაში არ უნდა გაუჭირდეთ. "როცა სეზონი დაიწყო, ჩვენი მიზანი საჩემპიონთალიგო პოზიციებზე მოხვედრა გახლდათ. ეს შევძელით, თანაც "ვილიარეალი" ლიგაში ყოველგვარი შესარჩევი მატჩების გარეშე ითამაშებს. ესპანეთში "რეალსა" და "ბარსელონას" შორის სწორედ ჩვენი გუნდია" - ამაყად განაცხადა ფერნანდო როიგმა, "ვილიარეალის" პრეზიდენტმა. "ყვითელი წყალქვეშა ნავი" "ელ მადრიგალზე" "ესპანიოლს" უნდა დეჯახოს, გუნდს, რომლის მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ უკვე აღიარა, ინტერტოტოზე ოცნებებს თავი უნდა დავანებოთ, ამ სიმაღლეს ვეღარ მივწვდებითო. "ატლეტიკოს" ლაზარეთში გახლავთ კოლუმბიელი მცველი ლუის ამარანტო პერეა, ვინც "ესპანიოლთან" დაშავდა და, სავარაუდოდ, "დეპორთან" მნიშვნელოვან მატჩში ვერ ითამაშებს. გალისიელებს კი კუნთდაშავებული ვალერონი გამოაკლდებათ. უმძიმეს ფინანსურ კრიზისში მყოფი "ლევანტე" მეზობელ "ვალენსიას" უმასპინძლებს "სიუდადზე". სეგუნდაში გავარდნილ და საქმეაწეწილ გუნდთან საომრად "ღამურათა" ტრავმირებული ვისენტე როდრიგესი ვერ გავა. ვისენტე ალბათ სეზონის ბოლო თამაშსაც გამოტოვებს "ატლეტიკოსთან". ჩემპიონი "რეალი" "სარაგოსასთან" არაგონში იჭიდავებს, წლეულს კვლავ ჯილდოს გარეშე დარჩენილი "ბარსელონა" კი "მალიორკას" მიიღებს. პრიმერაში დასარჩენად მებრძოლ "სარაგოსას" ურუგვაელი კარლოს დიოგო ტრავმის გამო ნახევარი წლით გამოაკლდა, "ბარსას" კი, კუნძულელებთან წაბორძიკების შემთხვევაში, ჯოჯოხეთი ელოდება - ამბობენ, რომ საყვარელი გუნდის უილაჯობით გაცოფებული კატალონიური ინჩადა თავისიანებს ჯერ არნახულ ობსტრუქციას მოუწყობს... "კამპ ნოუზე" ვერ ითამაშებს "ბარსელონას" ბრაზილიელი სილვინიო, რომელმაც "რეალთან" "ელ კლასიკოში" ფეხი იტკინა და გუნდს ერთი თვით გამოაკლდა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |