"სარბიელი"
# 105
შაბათი, 10 მაისი, 2008 წელი

გაჭირვება მანახე და მოგებას გაჩვენებო... სტუდენტებმა სერია უთავკაცოდ გაათანაბრეს

ირაკლი პერტაია

9 მაის. სპორტის სასახლე

თსუ 1:1 ავიამშენი

თსუ 93:85 ავიამშენი

27:31 27:11 13:18 26:25

თსუ: არწივიძე (3), დ. ბერიშვილი (28 ქულა, 10 მოხსნა), ფანჩულიძე (14), ბარბაქაძე (26 ქულა, 11 მოხსნა), ყველაშვილი (2); ტყეშელაშვილი (9), ხეცურიანი (7), კოხრეიძე (4)

ავიამშენი: ტუღუში (28 ქულა, 11 მოხსნა), ბერაია (8), კვიმსაძე (10), სუხიშვილი (2), როდუმტა (3); ნიკოლაძე (14), ნინიაშვილი (10), მათიაშვილი (6), მინაშვილი (4)

მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერეკაშვილი

კომისარი: თენგიზ ქიქოძე

სტუდენტებს რომ მებრძოლი ხასიათი აქვთ, ეს არავისთვისაა ახალი და მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რა ძალაა მათი შემართება. ნახევარფინალური სერიის პირველ, გუშინწინდელ მატჩში თსუ-ს ერთ-ერთ შედეგიან მოთამაშეს დისკვალიფიკაცია გამოუწერეს - ირაკლი კეიდიას მსაჯმა სიტყვამრუდობა არ აპატია და მოედნიდან ხომ დაითხოვა და ამით მინიმუმ ერთი თამაშით უქმობისთვისაც გაწირა. გუშინ კი, სერიის მეორე მატჩში, სტუდენტების კიდევ ერთ წევრს მოუხდა თამაშის დატოვება, თანაც არ იკითხავთ ვის და თამაშის რა პერიოდში. მსაჯმა დავით ბერეკაშვილმა არც სტუდენტთა თავკაც ნუგზარ ჭეიშვილს აპატია სიტყვიერი გამოხდომა და პირველი მეოთხედის მიწურულს თამაშიდან დაითხოვა. ჭეიშვილმა სათადარიგო სკამი დატოვა, ტრიბუნაზე აინაცვლა და თავისი რაზმი ასისტენტ ნუგზარ მარკოიშვილს გადააბარა.

ეს დრამატული ამბავი რომ მოხდა, ანგარიში საყაიმო იყო, პირველი მეოთხედის დასრულებას კი წამები უკლდა. კოტე ტუღუშმა ჭეიშვილის ტექნიკურები საჯარიმო ხაზიდან ოთხ ქულაში გარდასახა და "ავიამშენი" პირველ შესვენებაზე სწორედ 4-ქულიანი ლიდერობით გავიდა. მეტი უკეთესი სიტუაცია რაღა უნდოდათ "ავიატორებს" - ლიდერობდნენ და მეტოქე წინამძღოლისა და ერთ-ერთი ლიდერის გარეშე იყო დარჩენილი. სწორედ ასეთ ავბედით ვითარებაში გამოავლინეს სტუდენტებმა მებრძოლი სული და ერთი ბრძნული გამოთქმის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, გაჭირვება ნახეს და მოგება გვანახეს.

მეორე მეოთხედიდან თსუ ისე ათამაშდა, მთავარი მწვრთნელის არყოფნა არც დასტყობია. რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სტუდენტები უკეთ ირჯებოდნენ და ჩამორჩენა ხომ გააბათილეს, მალე სოლიდურ ლიდერობასაც დაეპატრონენ. თამაში საკუთარ თავზე აიღეს დავით ბერიშვილმა და მისმა სეხნია ბარბაქაძემ. პირველი სწრაფი გარღვევებით და სამქულიანებით ლაშქრავდა "ავიატორთა" კალათს, ხოლო მეორემ ფარქვეშ გაიდგა ფეხი და მეორე მეოთხედის 14:2 მოგებული სამწუთეულის შემდეგ სტუდენტები 41:33 დაწინაურდნენ.

ცოტა უცნაურია, როგორ ახერხებდა ბარბაქაძე ფარქვეშ ჩაუქობას, როცა "ავიამშენს" მასზე მაღალი 5 კალათბურთელი ჰყავს. ლევან მოსეშვილმა ცოტა უცნაური ტაქტიკა აირჩია და თამაში სათადარიგო ცენტრებით დაიწყო - პლასითე როდუმტა წინა მატჩში სკამიდან არ ამდგარა, ხოლო სუხიშვილს მთელი სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე მოუწია თამაშში ჩართვა. მართალია, მოგვიანებით მოსეშვილმა ფიცარნაგზე ძირითადი მეფარეებიც გამოიყვანა, მაგრამ მათ თამაშის რიტმში ჩაჯდომა ვეღარ მოახერხეს - მაღლები და უკანახაზელები ერთმანეთისგან თითქოს გათიშულნი იყვნენ.

ამ დროს კი სტუდენტები უაღრესად მობილიზებულად უტევდნენ და თან დაცვაშიც ჩაუქობდნენ. ბარბაქაძემ და სამარქაფო შალვა კოხრეიძემ არაერთი ბურთი ჩაუჭრეს "ავიატორებს", რასაც ელვისებური კონტრშეტევები მოჰყვა და პირველი ტაიმის ბოლოს სტუდენტების უდიდესი ლიდერობაც დაფიქსირდა - 52:38.

მიუხედავად ამისა, მოსეშვილის გუნდისთვის არაფერი არ იყო დაკარგული. წინ მთელი ტაიმი ელოდათ და თუ თამაშს გამოასწორებდნენ, "ავიატორებს" მატჩის სათავისოდ მოტრიალებაც შეეძლოთ. მესამე მეოთხედში მათ თითქოს უპოვეს სტუდენტთა დაცვას გასაღები, ფარქვეშეთსაც დაეპატრონენ, მაგრამ მეტოქემ შეტევის სხვა ფორმა ირჩია და შორის სროლებით ლიდერობას ინარჩუნებდა. თორნიკე ნინიაშვილმა თსუ-ს ფარქვეშ სათავისო წესრიგი დაამყარა და მესამე მეოთხედში 10 ქულა გამოჭედა. "ავიამშენიც" მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ შალვა კოხრეიძემ ერთხელაც იყოჩაღა და ბოლო მეოთხედის დაწყებამდე სტუდენტები 67:60 იგებდნენ.

ყველა საინტერესო ფინალის მოლოდინში იყო. თანაც სირენამდე 6 წუთით ადრე ტუღუშის სამქულიანით "ავიამშენი" 4 ქულით მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ... სტუდენტები ბოლომდე იბრძოდნენ და ხისტი დაცვით "ავიამშენის" მოთამაშეებს უამრავ შეცდომას აშვებინებდნენ. მართალია, ვერც სტუდენტები ისროდნენ იდეალურად, მაგრამ აცილებული ბურთებისთვის შუეპოვრად იბრძოდნენ და ხშირ შემთხვევაში ეუფლებოდნენ კიდეც. შედეგად მათი ლიდერობაც იზრდებოდა და როცა "ავიატორმა" რიჩარდ მათიაშვილმა მსაჯს ტექნიკური გამოსტყუა, ბერიშვილმა თსუ-ს უპირატესობა 13-ქულიანი გახადა - 80:67 სირენამდე 4 წუთით ადრე.

მოსეშვილის შეგირდებს თამაშის გადასარჩენი დრო კი ჰქონდათ, მაგრამ მათ ვერც ამჯერად მოახერხეს შტურმის მოწყობა. ის კი არა, "ავიატორებმა" შეცდომებს უხშირეს, განწირულ სამქულიანებს აცილებდნენ და მატჩის ბედიც საფინალო სირენამდე სამიოდ წუთით ადრე გადაწყდა, როცა თსუ-მ 15-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

მომდევნო მატჩი 12 მაისსაა დანიშნული და სპორტის სასახლეში ამჯერად ნომინალური მასპინძელი "ავიამშენი" იქნება.

* * *

9 მაისი. რუსთავი

ერერჯი ინვესტი 2:0 ვითა

ერერჯი ინვესტი 102:88 ვითა

23:15 29:21 34:24 16:28

ენერჯი ინვესტი: გამყრელიძე (12), ლეჟავა (21), გოგობერიშვილი (2), ბაბიაშვილი (19), სტეფანოვი (28); ჭოჭუა (8), ტუჯანი (6), ჩიტაშვილი (4), დიდია (2), ცეკვავა, მაჭავარიანი

ვითა: მარხვაშვილი (9), წივწივაძე (13), მ. ბერიშვილი (6 ქულა, 10 მოხსნა), ბეჟანიშვილი (16), გვიმრაძე (13); მარკოიშვილი (8 ქულა, 11 მოხსნა), ნ. ნოზაძე (8), ლ. ნოზაძე (5), ძიძიგური (3), კორძაძე

მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერეკაშვილი

კომისარი: თენგიზ ქიქოძე



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com