"სარბიელი"
# 105
შაბათი, 10 მაისი, 2008 წელი

გოგიტაძის რომაული ბერძნულ-რომაული

ლექსო მაისურაძე

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ფალავანმა ლაშა გოგიტაძემ (55 კგ) პეკინის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა. გოგიტაძემ პირველ წრეში დაისვენა, მერვედფინალში კი გერმანელ ფლორიან კრუსიეს იოლად 4:2, 5:0 მოუგო. მეოთხედფინალში მისი მეტოქე ყაზახი იერბოლ კონირატოვი იყო და ჩვენებურმა დამაჯერებლად 5:0, 7:0 იმარჯვა. ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ლა-შა გოგიტაძე ჩინელ ჰუაფენგ ჟიაოს დაეჭიდა და სამწუხაროდ, უშანსოდ 0:2, 0:5 დამარცხდა. არადა, ფინალშის გასვლა ავტომატურად ჩინეთის საგზურს იძლეოდა. ამის მერე ლიცენზიის აღების ერთადერთი შანსი ბრინჯაოს ფინალის მოგება იყო და აქ ლაშა ფინელ ვილე კაკის გადაეყარა. გადამწყვეტ შეხვედრაში გოგიტაძემ ფსიქოლოგიურ წნეხს გაუძლო მეტოქე 0:2, 3:0, 4:2 დაჩაგრა და პეკინის ლიცენზია დაისაკუთრა. ამ უქმეებზე რომში კიდევ სამი "ანტიკოსი" იჭიდავებს. ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებას მუხრან მაჭუტაძე (66 კგ), მანუჩარ კვირკველია (74 კგ) და რევაზ ჭელიძე (120 კგ) შეეცდებიან. თუ ისე მოხდა, რომელიმეს რომში ხელი მოეცარა, საპეკინოდ ერთი შანსი კიდევ რჩება - მაისის მიწურულს ბოლო სალიცენზიო ტურნირს სერბეთი უმასპინძლებს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com