"სარბიელი"
# 105
შაბათი, 10 მაისი, 2008 წელი

ტატიშვილმა ფლორიდაში მეოთხედფინალს უწია

18 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდული ინდიან ჰარბორ ბიჩის თიხნარზე შეა-ის ეგიდით მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია.

მეორე წრეში ანას მეტოქე 17 წლისა და ცეფ-ს რეიტინგის 469-ე პოზიციაზე მყოფი ვენესუელელი გაბრიელა პასი იყო, რომელმაც ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან გააღწია. ქართველი სამხრეთამერიკელს 7:5 5:3 უგებდა, როდესაც გაბრიელამ ტრავმის მომიზეზებით თამაში შეწყვიტა და წინ ჩვენებური გაატარა.

მეოთხედფინალში ტატიშვილი ტურნირზე "ვაილდ ქარდით", ანუ ორგანიზატორთა მიწვევით მოთამაშე 16 წლის ამერიკელ კრისტინა მაიკლს შეხვდება, ვისაც კლასიფიკაციაში 719-ე საფეხური უკავია. ამ მაიკლმა გზად თანამემამულენი ჩამოიცილა - პირველ წრეში ჯულია კოენი 7:5 6:2 დაამარცხა, შემდეგ კი 2:6 6:3 6:4 სძლია ერთ დროს ვუნდერკინდად მიჩნეულ ალექსანდრა სტივენსონს, ვინც, შეგახსენებთ და, კალათბურთის ლეგენდის, ჯულიუს ირვინგის უკანონო ქალიშვილია.

თურქული ანთალია კი ქართველებისგან დაიცალა. იქაურ თიხნარზე 25-ათასიანი შეჯიბრი ტარდება და ბოლო ჩვენებური, კერძოდ კი თინა ყავლაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა. თინას 6:3 6:1 მოუგო მე-4 ნომრად განთესილმა 21 წლისა და რეიტინგში 249-ე პოზიციაზე მყოფმა სლოვენიელმა მასა ზეკ-პესკირიჩმა, რომელმაც მანამდე თურქეთიდან სოფო შაფათავაც დაითხოვა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com