"სარბიელი"
# 105
შაბათი, 10 მაისი, 2008 წელი

შალკემ შეუძლებელი შეძლო: ლევან ყენია პროფესიონალია!

მიხეილ ჟორჟოლიანი

საქართველოს ნაკრების 17 წლის ფეხბურთელმა ლევან ყენიამ "შალკესთან" 2012 წლამდე გააფორმა პროფესიული კონტრაქტი! გელზერკირხენული კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელზე არანაკლებ არის გახარებული ამ ამბით - გეცოდინებათ, აქამდე ეს საკითხი ყენიას არასრულწლოვანობის გამო ვერ ხერხდებოდა.

"მოხარულები ვართ, რომ ნიჭიერი ფეხბურთელი პროფესიონალად ვაქციეთ. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ტალანტების მოსაძიებლად ნაყოფიერად ვმუშაობთ" - აცხადებს "შალკეს" მენეჯერი ანდრეას მიულერი. "ლევანი სწრაფია, აქვს შესანიშნავი ტექნიკა და უბადლო პასი. მას კიდევ შეეძლო, ახალგაზრდულ გუნდში ეთამაშა, მაგრამ აქვს შესაძლებლობა, უფრო მეტს მიაღწიოს. ერთია, აუცილებლად დასჭირდება აკლიმატიზაციის გავლა და იმედია, ამ პერიოდს მოთმინებით გაივლის" - ეს სიტყვები კი 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელ ნორბერტ ელგერტს ეკუთვნის.

გუშინ ყენიას გელზენკირხენში შევეხმიანეთ...

- უზომოდ გახარებული ვარ, რომ ეს შანსი მომეცა და შემეძლება, ბევრი კარგი და გამოცდილი ფეხბურთელის გვერდით ვითამაშო და ვისწავლო.

- თითქოს 18 წლამდე კონტრაქტი არ უნდა გაგეფორმებინა. რამ დააჩქარა ეს პროცესი.

- შემპირდნენ, რომ სამი თვით ადრეც მოახერხებდნენ ამის გაკეთებას, მაგრამ ცოტა კიდევ უფრო დააჩქარეს - უკვე ოფიციალურად ვარ "შალკეს" ფეხბურთელი.

- უკვე მათთან ერთადაც ხომ არ ვარჯიშობ.

- ჯერ არა. სეზონი რომ დამთავრდება, ალბათ მერე გადავალ.

- 19-წლამდელებსა და მთავარ გუნდს შორის დიდი სხვაობაა. რამდენად ხარ მზად "შალკეში" სათამაშოდ.

- სხვაობა მართლაც დიდია, მაგრამ სეზონის დაწყებამდე შევეცდები, უკეთ მოვემზადო და იმედი მაქვს, 18-კაციან განაცხადში მუდმივად ვიქნები.

- 19-წლამდელთა გუნდში ბოლო მატჩში არ გაგიტანია, მაგრამ კარგი პრესა გქონდა...

- მანამდე გავიტანე, ბოლო მატჩი კი, ჩემი აზრით, მართლა კარგად ვითამაშე. საერთოდ, გუნდიც კარგად თამაშობს. ზედიზედ ვიგებთ, მეორე ადგილზე ვართ და ჩემპიონობის შანსიც გვაქვს. ეგაა, სეზონის ბოლოა და ცოტა კი დავიღალე.

- გარდა იმისა, რომ სეზონის ბოლოა, ფიზიკური დატვირთვები ვარჯიშებზეც საკმაო იქნება...

- ძალიან განსხვავებულია აქაური დატვირთვები. ასეთი მძიმე და დამღლელი სეზონი ჯერ არ მქონია.

- და საქართველოში არ შეიძლება ასეთი ვარჯიშების ჩატარება.

- როგორ არ შეიძლება, მაგრამ ალბათ მიზეზი უფრო პირობებია. აქ ყველაფერი იდეალურია - ვარჯიში, აღდგენა, მინდორი, კვება... ეს ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ასეთი პირობები არ არის და...

- მაისის ბოლოს სანაკრებო მატჩებია. მზად ხარ, სათამაშოდ.

- მთავარია, ახალმა მწვრთნელმა დამიძახოს, ნაკრებში ჩამოსვლაზე უარს არ ვიტყვი. როგორ ფორმაში ვიქნები, ეს უკვე მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com