"სარბიელი"
# 105
შაბათი, 10 მაისი, 2008 წელი

თურქეთი მხოლოდ ფერარის არის?

კახა ლომაძე

"სუპერ აგურის" გამოკლების შემდეგ პირველი ფორმულის ქარავანში 10 გუნდი და, შესაბამისად, 20 მრბოლი დარჩა და ხვალ, "ისტანბულ პარკის" ავტოდრომზე, სწორედ ეს ოცეული იბრძოლებს თურქეთის დიდი პრიზისთვის, რომელიც წლევანდელ ჩემპიონატში რიგით მეხუთეა.

თურქული ეტაპი "სამეფო რბოლების" კალენდარში 2005 წელს გამოჩნდა, ანუ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა და დღემდე მხოლოდ ორ გამარჯვებულს ითვლის - სულ პირველი რბოლა მაშინ "მაკლარენით" მოჯირითე კიმი რაიკონენმა მოიგო, შარშანწინ და შარშან კი სტამბოლში "ფერარის" ბრაზილიელმა ფელიპე მასამ იპირველა. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა რაიკონენიც "ფერარის" პილოტია და ამ მომენტისთვის იტალიური საჯინიბოს ბოლიდები სხვებზე სწრაფები არიან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მესამე ტრიუმფატორის გაცნობამდე "ისტანბულ პარკს", მინიმუმ 2009 წლამდე მოუწევს ლოდინი.

ისიც სათქმელია, რომ გუშინ გამართულ ორ თავისუფალ პრაქტიკაზე საუკეთესო შედეგები, სწორედ "სკუდერიას" მრბოლებმა აჩვენეს - პირველ ჯერზე მასა იყო საუკეთესო, მეორე ცდაზე კი ყველაზე სწრაფი მსოფლიოს ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი რაიკონენი გახლდათ.

ერთი კია, პირველ პრაქტიკისას რაიკონენის "ფერარის" გადაცემათა კოლოფი გაუფუჭდა და ფინელს ბოლო(1) შედეგი ჰქონდა და თანაც, ინგლისელი ვიცე-ჩემპიონი ლუის ჰემილტონიც დიდ გულზე ჩანს. თურქეთში მხოლოდ მოსაგებად მივდივართო, განაცხადა ინგლისელმა და გუშინ პირველი პრაქტიკისას - მესამე, მეორე ცდისას კი მეორე შედეგი აჩვენა.

ყურადღების ცენტრშია "რენო" და, პირველ რიგში, ორგზის ტრიუმფატორი ფერნანდო ალონსო. წინა, ესპანურ ეტაპზე, როდესაც ესპნელმა კვალიფიკაციისას მეორე დრო აჩვენა, ნათლად გამოჩნდა, რომ ფრანგული საჯინიბო პროგრესის გზაზეა და მართალია, ბარსელონაში გუნდი უქულოდ დარჩა, "რენოს", უკვე ფავორიტებიც რიდით უყურებენ. თავისუფალი პრაქტიკისას ალონსო ერთ-ერთი საუკეთესო იყო - პირველ ცდაზე მეოთხე, მეორეზე კი მეხუთე შედეგი აჩვენა.

ბუქმეიკერთა ფავორიტი კი, რაღა გასაკვირია და, რაიკონენია. მაგალითად, "უილიამ ჰილის" საბუქმეიკერო კანტორა ფინელის გამარჯვებაზე ფსონს 1,9ჰ1 შეფარდებით იღებს. თანაგუნდელი მცირედით ჩამორჩება მას - 2,5ჰ1. მესამე ჰემილტონია - 7ჰ1, მეოთხე "იქც-ზაუბერის" პოლონელი რობერტ კუბიცა - 17ჰ1 და მეხუთე ადგილზე კი ალონსოა 21ჰ1 კოეფიციენტით.

და ერთიც - გუშინდელი პირველი თავისუფალი პრაქტიკისას, "ფორს-ინდიას" ჯანკარლო ფიზიკელამ პიტ-ლეინი მაშინ დატოვა, როდესაც შუქნიშანზე წითელი ფერი ენთო. ამის გამო, ვეტერანი იტალიელი ხვალინდელი რბოლისას, კვალიფიკაციაში დაკავებულზე სამი პოზიციით უკან დაიკავებს ადგილს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com