"სარბიელი"
# 105
შაბათი, 10 მაისი, 2008 წელი

ასტანას ატანა ძნელი იქნება

დღეს კუნძულ სიცილიაზე, კერძოდ კი პალერმოში 28,5-კილომეტრიანი ინდივიდუალური რბოლით დაიწყება 2008 წლის ველოსეზონის პირველი დიდი რბოლა, რიგით 91-ე "ჯირო დიტალია".

წლევანდელი "ჯიროს" სიგრძე 3424 კილომეტრია და ეს ამხელა გზა 21 ეტაპად არის დაყოფილი, რომელთაგან, ერთბაშად ოთხი დაეთმობა ინდივიდუალურ რბოლას - პირველი ეტაპის გარდა ველოსიპედისტები დაყოფილი სტარტით კიდევ სამჯერ გაეჯიბრებიან ერთმანეთს: მე-10 ეტაპზე 36 კილომეტრი ექნებათ გასავლელი, მე-16 ეტაპზე, სულაც სამთო ინდივიდუალური რბოლაა 13,8 კილომეტრზე და ბოლოს, დასკვნითი, 21-ეტაპი ჩეზანე მადერნოდან მილანამდე, რომლის სიგრძეც 23,5 კილომეტრია.

ფაქტია, რომ მომავალი გამარჯვებულის ვინაობა, სწორედ ინდივიდუალურ და სამთო ეტაპებზე გაირკვევა. ფავორიტები, იცოცხლეთ, ბლომად არიან და არ არის გამორიცხული, რომ წლევანდელ "ჯიროზე" იტალიელთა ჰეგემონია დაემხოს - 1997 წლიდან მოყოლებული, იტალიურ სუპერბოლას მხოლოდ მასპინძლები იგებენ, მაგრამ რბოლის ორგანიზატორთა მიერ სულ ბოლო მომენტში გადადგმულმა ნაბიჯმა მკვეთრად შეცვალა ძალთა განლაგება და იტალიელებს ერთშაბად რამდენიმე მრისხანე კონკურენტი გამოუჩნდა.

ლაპარაკია "ჯიროს" ორგანიზატორთა მიერ რბოლაში ყაზახურ-ლუქსემბურგული გუნდის "ასტანას" მიწვევაზე. "ასტანა" შარშანდელი დოპინგსკანდალების მთავარი გმირი იყო და დიდი ველოტურების ("ჯირო" "ტური", "ვუელტა") ორგანიზატორების მიერ პერსონა ნონ გრანტად გამოცხადდა, თუმც ბოლო დღეებში იტალიელებმა და ესპანელებმა გადაწყვეტილება შეცვალეს, ყაზახ-ლუქსემბურგელებს კარი გაუღეს და რადგანაც ცნობილია, რომ "ტურის" თავკაცები არაფრის დიდებით არ შეიცვლიან აზრს, "ასტანამ" "ჯიროზე" თავისი საუკეთესო მრბოლები იახლა შარშანდელი "ტურის" ესპანელი გამარჯვებულის ალბერტო კონტადორის, მესამე პრიზიორის, ამერიკელი ლევი ლეიფემერისა და მრავალნაცადი გერმანელის ანდრეას კლოდენის თამადობით.

სწორედ "ასტანას" ლიდერები იქნებიან იტალიელი მრბოლების მთავარი კონკურენტები და ისიც სათქმელია, რომ ამდენი ძლიერი მრბოლი არც ერთ სხვა გუნდს არა ჰყავს.

სულ რბოლაში 22 გუნდის 198 ველოსიპედისტი ჩაებმება.

ამ 22 გუნდიდან ექვსი იტალიურია: დზკ, სთა, "ლამპრე", "ლიქუიგასი", "დიქუიჯოვანი", "მილრამი"; სამი ფრანგული: ფპ2კ, "კოფიდისი", "ფრანსაიზ დე ჟუ"; სამი ესპანური: "კაის დეპარნი", "ეუსკალტელი", "სონი დიუვალი"; ორი ამერიკული: "ჰაი როადი", "სლიპსტრიმი"; ორი ბელგიური: "ქვიკ სტეპი", "ლოტო" და თითოც ბრიტანული - "ბარლვორლდი", გერმანული - "გეროლშტაინერი", ჰოლანდიური - "რაბობანკი", დანიური - სთს, რუსული - "ტინკოფი" და ხსენებული ყაზახურ-ლუქსემბურგული "ასტანა".

რაც შეეხება ფავორიტებს, "ასტანელების" გარდა ასეთებად იტალიელები - "ჯიროს" შარშანდელი ჩემპიონი დანილო დი ლუკა (დზკ), რიკარდო რიკო (სონი დიუვალი), ძველი ჩემპიონი ჯილბერტო სიმონი (დიქუიჯოვანი) და "რაბობანკის" რუსი დენის მენშოვი უნდა მივიჩნიოთ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com