|
|
"სარბიელი"
გიპატაკებთ: საპატაკო არაფერია!
ნუკრი ლოლაძე
ბორჯომში ოთხშაბათს მომხდარ ინციდენტს გუშინ უცნაური გაგრძელება მოჰყვა. გაირკვა, რომ მატჩის დელეგატს ინციდენტის თაობაზე პატაკში არაფერი ჩაუწერია... არადა, ჩასაწერის მეტი რა იყო.! თუნდაც ის, ტრიბუნაზე მყოფებს ვინ ჩივის, საპატიო სტუმართა აივანზე მსხდომნი როგორ იქცეოდნენ; ან ის, შესვენებისას გულშემატკივართა ნაწილი როგორ მოექცა სტუმარი გუნდის ოფიციალურ წარმომადგენელსა და "სარბიელის" მთავარ რედაქტორს; კიდევ, როგორ გახდა საპატრულო პოლიციის ესკორტით გასაცილებელი ფეხბურთელთა ავტობუსი და "სარბიელის" მიკროავტობუსი; ისიც, მსაჯთა მანქანას როგორ დაუხვრიტეს საბურავები... მატჩის დირექტორს ეს ყველაფერი უნდა დაენახა! ერთადერთი, ალბათ, იმას ვერ დაინახავდა, ქუჩის მხრიდან როგორ ესროდნენ ქვებს "ამერის" სათადარიგოთა სკამს. მაგრამ დანარჩენი ხომ ნაღდად უნდა დაენახა.!
"ბორჯომი" - "ამერის" მატჩისას მომხდარი ინციდენტების თაობაზე პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტ დიმიტრი რამიშვილს რომ ვკითხეთ (ინტერვიუ გუშინდელ "სარბიელში" დაიბეჭდა), გვიპასუხა: - ცუდი ფაქტი რომ მოხდა, პროფლიგამ მაშინვე შეიტყო და როგორც შეგვეძლო, ამ ამბის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მაქსიმუმი გავაკეთეთ. თუმცა ეს ჩვენი საქმის ნაწილია და ბორჯომულ ინციდენტს პროფლიგის სათანადო რეაქციაც მოჰყვება. ამ წუთისთვის ჩვენ "ბორჯომი" - "ამერის" მატჩის დირექტორის, დამკვირვებლისა და არბიტრის პატაკებს ველით, მომხდარს შევისწავლით, მოვისმენთ ფაქტის შემსწრეთა ნათქვამს და გადაწყვეტილებასაც პროფლიგის სადისციპლინო კოდექსის შესაბამისად მივიღებთ. ბუნებრივია, გუშინ პროფლიგელებს ისევ შევეხმიანეთ და საქმის მსვლელობის შესახებ ვკითხეთ... "სარბიელის" კითხვებს პროფლიგის გენერალურმა მდივანმა პაატა ბურჯალიანმა უპასუხა... - ნახევარფინალური შეხვედრები ყოველთვის დაძაბულია და ჩვენ წინასწარ დავიჭირეთ თადარიგი. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი გოგა ხაჩიძე ჩავაყენეთ საქმის კურსში, რეგიონული პოლიციის უფროსსაც ვესაუბრეთ და მატჩზე არა მარტო ბორჯომის პოლიცია, არამედ მთლიანად ამ რეგიონის 100-ზე მეტი პოლიციელი იყო გამწესებული... რაც შეეხება ტრიბუნაზე მომხდარ ინციდენტს, ეს მიუღებელია. ბორჯომში მერამდენად ხდება აყალმაყალი და მომავალში ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. - ბორჯომის სტადიონს ამის გამო დისკვალიფიკაცია ემუქრება. - მატჩის დელეგატ ბესარიონ მჭედლიშვილს ინციდენტის შესახებ პატაკში არაფერი ჩაუწერია. როგორც ამბობს, შესვენების დროს იქ არ იყო და არაფერი დაუნახავს. - როგორ არ დაუნახავს, დელეგატს ხომ ეს ევალება. - ის ამბობს, შესვენებისას გასახდელში ვიყავიო. შემდეგ კი შეიტყო, რომ ტრიბუნაზე ინციდენტი მოხდა, მაგრამ რაკი თავად არ უნახავს, პატაკშიც ამიტომ არ ჩაუწერია. - ანუ საქმის განხილვა აღარ იქნება. - პატაკის გარდა, განხილვის საფუძვლად ვიდეოჩანაწერი შეიძლება გახდეს. მე უკვე ვესაუბრე "კოლხიდას" წარმომადგენლებს და მითხრეს, რომ კადრები არსებობს. რა თქმა უნდა, ვნახავთ და განხილვაც გვექნება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |