"სარბიელი"
# 105
შაბათი, 10 მაისი, 2008 წელი

კახა კალაძე მეოთხე ადგილს უფრთხილდება

კახა შალამბერიძე

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური "მილანის" მცველი კახა კალაძე "ნაპოლისთან" უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება.

"მილანმა" წინა ტურში თანაქალაქელი "ინტერის" 2:1 ძლევით დაიბრუნა საჩემპიონთალიგო მეოთხე ადგილი და ახლა მის შენარჩუნებას ცდილობს.

"ძალიან საჭირო სამი ქულა ავიღეთ "ინტერთან" მატჩში და ახლა ეს განწყობა ჩემპიონატის ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ. თან დერბი მოვიგეთ და ამას განსაკუთრებული გემო აქვს. კარგია, რომ "ფიორენტინასაც" დაუცდა ფეხი და ახლა ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული" - უთხრა კალაძემ იტალიელ ჟურნალისტებს.

როგორც ვთქვით, მომავალ ტურში "მილანი" "ნაპოლის" ხვდება და კალაძემ ამ მატჩზეც ისაუბრა:

"არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვდუნდეთ და "ნაპოლი" ულაპარაკოდ უნდა დავამარცხოთ. სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია. "მილანი" იმსახურებს ჩემპიონთა ლიგაში თამაშს".

იტალიური სააგენტოების ცნობით, ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანი "ნაპოლისთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com