"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

გიორგი ლომაია: უცხოეთამდე ოლიმპი

ილია ნანობაშვილი

საქართველოს ნაკრების მეკარე ისევ უგუნდოდაა და სხვადასხვა ქვეყნის კლუბების ვარიანტების იმედზეა. ლაპარაკია გიორგი ლომაიაზე, რომელიც ბოლოს რუსთავის "ოლიმპში" თამაშობდა და მისივე თქმით, კონტრაქტი კი შესთავაზეს ქვემოქართლელებმა, მაგრამ თავი შეიკავა. ლომაიას განვლილ ევროპის ჩემპიონატზეც ველაპარაკეთ, თავიდან კი პირადი ამბებით დავიწყეთ...

- უკვე მერამდენედ, უგუნდოდ დარჩი...

- ცუდია, მაგრამ რას ვიზამ... ველოდები რაღაც წინადადებებს, თუმცა ჯერ არც კონკრეტულია რამე და არც არაკონკრეტული.

- ორი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, ლომაიას რუმინული კლუბის ვარიანტი აქვსო. ეს აღარ განიხილება.

- არა. რუმინეთზე არცაა ლაპარაკი. სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობენ აგენტები - რუსეთში, უკრაინაში, დასავლეთ ევროპაში... ვნახოთ, რა გამოვა...

- სად ვარჯიშობ.

- ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. შესაძლოა, "ოლიმპშიც" დავიწყო მზადება.

- მხოლოდ მზადება. "ოლიმპში" დარჩენაზე რას იტყვი.

- საქართველოს ჩემპიონატს ბოლო იმედად განვიხილავ, უცხოეთში მინდა წასვლა.

- კეთილი. ევროპის ჩემპიონატზეც გკითხავ: რამე სიახლეები დაინახე წმინდა სათამაშო თვალსაზრისით.

- პირველ რიგში, ღია, გახსნილი თამაშები იყო. კი, სხვა ჩემპიონატებშიც ყოფილა ასეთი მატჩები, მაგრამ ამდენი არა. სისწრაფე იყო მომატებული და ამის გამო ხდებოდა, რომ ორმხრივ შეტევებში ჩაიარა ბევრმა შეხვედრამ.

- ვის გულშემატკივრობდი.

- ესპანეთს, პორტუგალიას და ხორვატიას. ტექნიკური ფეხბურთი მიყვარს, ევროპაში ბურთი ყველაზე კარგად ამ ნაკრებებმა იციან. საერთოდ, ტექნიკური ფეხბურთის ჩემპიონატი იყო. ხომ ნახეთ, თურქებმაც როგორ ითამაშეს.

- უეფამ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ხავი დაასახელა. შენი აზრით, ვინ იმსახურებდა ყველაზე მეტად.

- რომელიმე ესპანელი - ეს აუცილებლად. ესპანეთის ნაკრებში მეკარით დაწყებული, თავდამსხმელით დამთავრებული, ყველა მაგარი იყო, მაღალ დონეზე ითამაშეს და ძნელია რომელიმეს გამოყოფა. ხავი არავისზე ნაკლები არ ყოფილა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, სხვებზე ერთი თავით მაღლა იდგა-მეთქი.

- მეკარეებზეც გვითხარი...

- იკერ კასილიასი ყველაზე სტაბილური იყო, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ჩაატარა ტურნირი - სხვა ძლიერმა მეკარეებმა ეს ვერ მოახერხეს. პეტრ ჩეხის შეცდომა ჩეხებს ჯგუფში ჩარჩენად დაუჯდათ. დარწმუნებული ვარ, ჩეხს ასეთი ლაფსუსი ვარჯიშებზეც არ მოსდის, მაგრამ ესაა ფეხბურთი, როდის შეცდები, არ იცი. ჯანლუიჯი ბუფონსა და იენს ლემანსაც ზოგიერთი გოლისას შეეძლოთ გუნდის გადარჩენა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com