"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

თემურ ფარცვანია: ჩემი დროც მალე დადგება

17 წლის ქართველმა ფეხბურთელმა თემურ ფარცვანიამ, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, იქაურ ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობს და კიევის "დინამოსთან" ერთად შეკრებაზეა, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა და, ვფიქრობთ,

ეს ინტერვიუ ქართველი მკითხველისთვისაც საინტერესო

უნდა იყოს...

- იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც შეკრებაზე არიან, ყველაზე ახალგაზრდა ხართ. უფროსი პარტნიორები ადაპტაციის გავლაში გეხმარებიან.

- რა თქმა უნდა. როგორც ვარჯიშებზე, ასევე მოედანს მიღმა, გამოცდილი ფეხბურთელების მხარდაჭერას ვგრძნობ. თავის დროზე ხომ ისინიც ახალგაზრდები და გამოუცდელები იყვნენ, ამიტომ ჩემი მდგომარეობა კარგად ესმით.

- ვისგან შეიტყვეთ, რომ შეკრებაზე "დინამოს" ძირითად შემადგენლობასთან ერთად მიდიოდით.

- "დინამო 2"-ში ჩატარებული ერთ-ერთი მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იური კალიტვინცევმა მითხრა, რომ ახალი სეზონისთვის მზადებას პირველ გუნდში დავიწყებდი. "დინამო" შვებულებიდან 10 ივნისს გამოვიდა და მას შემდეგ ძირითად შემადგენლობასთან ერთად ვვარჯიშობ.

- თქვენი ახლობლები ამას როგორ შეხვდნენ.

- ყველა ნათესავს გაუხარდა და წარმატება მისურვეს. თან მირჩიეს, გამოცდილი პარტნიორებისა მაინცდამაინც არ მომრიდებოდა. თავის გამოჩენის კარგი შანსი მომეცა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენო.

- პირობებით კმაყოფილი ხართ.

- ცხადია. კარგ მოედანზე ვვარჯიშობთ და საუცხოო სასტუმროში ვცხოვრობთ. ნაყოფიერი მუშაობისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

- პირველი და მეორე გუნდის საწვრთნელ პროცესებს შორის რა განსხვავებაა.

- დიდი განსხვავება ნამდვილად არ არის. მეორე გუნდის მსგავსად, აქაც მძიმე და დაძაბული ვარჯიშებია. დიდი აქცენტი კეთდება ფიზმომზადებაზე. უბრალოდ, პირველი გუნდის ფეხბურთელები ყველაფერს გაცილებით სწრაფად და ხარისხიანად აკეთებენ. ვცდილობ, მათ არ ჩამოვრჩე, რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება.

- მოკლე პერიოდის განმავლობაში, "დინამოში" ვარჯიში რამდენიმე მწვრთნელის - კონდრატოვის, ლიტვინენკოს, კალიტვინცევისა და სიომინის ხელმძღვანელობით მოგიწიათ. ყველაზე მეტად რომელი მათგანის სამწვრთნელო მეთოდიკაა თქვენთვის მისაღები.

- ყველა მწვრთნელი, ვისთანაც მიმუშავია, მსგავს მეთოდიკას იყენებს. ეს გასაკვირი არაა, რადგან ყველა "დინამოს" სისტემაში საქმიანობს. იური სიომინიც ჩემი ყოფილი მწვრთნელების დარ მეთოდიკას იყენებს.

- თამაში რომელ პოზიციაზე გირჩევნიათ - დაცვაში თუ მოედნის ცენტრში.

- ამპლუით ცენტრალური მცველი ვარ. თუმცა ბოლო მატჩებში მწვრთნელები საყრდენ ნახევარმცველად მათამაშებდნენ და ამ პოზიციას ნელ-ნელა მივეჩვიე.

- მცველებთან ოლეგ ლუჟნი მუშაობს. იგი აქცენტს კონკრეტულად რაზე აკეთებს.

- ძირითადად, დასწრებაზე თამაშში, ზუსტი გადაცემის გაკეთებასა და ბურთის სწორად მიღებაში ვვარჯიშობთ. იგრძნობა, რომ ლუჟნიმ კარიერა ცოტა ხნის წინ დაამთავრა და ცდილობს, საკუთარი გამოცდილება გაგვიზიაროს.

- 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე რომელ გუნდს გულშემატკივრობდით.

- რაც თავი მახსოვს, ესპანელებს ვგულშემატკივრობ და ძალიან გახარებული ვარ, რომ წარმატებას მიაღწიეს. ჩემს პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებს შორის კი, იდეალად ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" მცველი კარლეს პუიოლი მიმაჩნია.

- სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის გავლის შემდეგ პირველ გუნდში დამკვიდრების იმედი გაქვთ.

- რა თქმა უნდა, იმედი მაქვს. ჯერ მხოლოდ 17 წლის ვარ და სასწავლი კიდევ ბევრი მაქვს. ამიტომ მწვრთნელის ნებისმიერ გადაწყვეტილებას გულისყურით მოვეკიდები. ნებისმიერ შემთხვევაში, ნაწყენი არავისზე დავრჩები, რადგან პირველ გუნდთან ერთად შეკრების გავლა ჩემთვის დიდი გამოცდილებაა. პირიქით, გაორმაგებული ენერგიით ვივარჯიშებ, რათა პირველი გუნდის მწვრთნელებმა ყურადღება ისევ მომაქციონ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com