|
|
"სარბიელი"
სირაძის პირველი, ამისულაშვილის მეორე - გოგუამ მწვრთნელს მაისურა ესროლა!
კახა შალამბერიძე
რუსული პრემიერლიგის მე-12 ტურში ნალჩიკის "სპარტაკმა" შინ დავით სირაძისა და ალექსანდრე ამისულაშვილის გოლებით 2:1 სძლია იაროსლავლის "შინიკს". სირაძემ, ვინაც ცხვირის ტრავმით ითამაშა, იაროსლავლელთა კარში გოლი მე-7 წუთზე გაიტანა - მცველების შეცდომით ისარგებლა და თავურით გახსნა ანგარიში. რაც შეეხება ამისულაშვილს, მან 48-ე წუთზე ულამაზესი გოლით გამოიჩინა თავი. სირაძე 64-ე წუთზე გოგიტა გოგუამ შეცვალა და ცოტა უცნაურია, მაგრამ მას მოედნის დატოვება 18 წუთში მოუწია - მის ნაცვლად თამაშში კოჩუბეი ჩაერთო. "გოგუა თამაშში ვერ ჩაერთო, რაც მისი მოქმედებებიდან ჩანდა. მან კარში ორჯერ იმ დროს დაარტყა, როდესაც ბურთი უნდა შეენარჩუნებინა და ფლანგზე გადაცემა გაეკეთებინა. გარდა ამისა, მას ის აგრესია არ ეტყობოდა, რაც შეცვლაზე შესულ ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს. თუმცა ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, მსგავსი რამეები ხდება" - განაცხადა "ნალჩიკის" თავკაცმა იური კრასნოჟანმა. რუსული სააგენტოების ცნობით, გოგიტა გოგუა ძალიან გაბრაზებულა იური კრასნოჟანის ამ გადაწყვეტილებით და შეცვლისას მწვრთნელისკენ მაისურაც უსვრია, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ამბავს სერიოზული გაგრძელება აღარ მოჰყოლია...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |